Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ არჩევს სახელმწიფო დასანგრევ შენობებს თბილისში


ბოლო ერთი თვის მანძილზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი შენობა დაანგრია.

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გარდა, მერიის თვალსაწიერში მოექცა ეგრეთ წოდებული უკანონო მიშენებებიც, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ხელისუფლება დასანგრევი ობიექტების სიის შედგენისას სუბიექტური მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, ანუ მერიის თანამშრომლები ანგრევენ არა უკლებლივ ყველა შენობას, რომელიც კანონისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევითაა აშენებული, არამედ მხოლოდ მათ ნაწილს. როგორ არჩევს სახელმწიფო დასანგრევ შენობებს?

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა დედაქალაქში მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე. გარდა ამისა, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების მიხედვით, სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გამოთავისუფლების პარალელურად, 2007 წლის განმავლობაში უნდა აღმოფხვრას უხარისხო მშენებლობების ჩამონგრევით გამოწვეული საფრთხე, თუმცა, როგორც სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ავალიანი ამბობს, მერია არ აპირებს უკლებლივ ყველა უკანონო მიშენების დანგრევას:

[დავით ავალიანის ხმა] „იმისათვის, რომ უზუსტობა არ გაგვეპაროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით. კი, მიშენებების უმეტესობა უკანონოა, მაგრამ მათ დემონტაჟს ზედამხედველობის სამსახური არ გეგმავს.“

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ამგვარ მოქმედებას შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობას უწოდებენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერები. კახა ძაგანია, პარტიის იდეოლოგიური მდივანი, ამბობს, რომ უკანონოდ მიშენებული ლოჯიებით საცხოვრებელი ფართობი სახელმწიფო მოხელეთა ახლო ნათესავებმაც გაიფართოეს:

[კახა ძაგანიას ხმა] „სააკაშვილმა დაამკვიდრა შერჩევითი სამართალი, ანუ მის ხელისუფლებაში, მის ნათესაობაში მყოფი ადამიანებისათვის ყველაფერი დასაშვებია, კანონის დარღვევა შესაძლებელია, ჩვეულებრივი მოქალაქისათვის კი ასეთი რამ შეუძლებელია. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ დიმიტრი ქიტოშვილის მამის ბინა, რომელზეც ასევე მიშენებულია დამატებითი ოთახი და ლოჯია, ისეთი, როგორებსაც დიდი აღტკინებით ანგრევს სააკაშვილისა და უგულავას ხელისუფლება. ჯერ ეს მიშენება დაანგრიონ და მერე სხვა ადამიანებისა.“

კახა ძაგანიას თქმით, ასევე შერჩევით ხდება სხვადასხვა ორგანიზაციების გაძევება იმ შენობებიდან, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გასახლების პროცესი, რომელიც გაფართოვდა და თბილისის ფარგლებს გასცდა, კანონის დაცვით მიმდინარეობს, თუმცა ნათქვამის მართებულობაში ეჭვი ეპარებათ თავად სამუშაო ფართობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. ზუგდიდელ გივი ჭითანავას აფთიაქი პროკურატურის შენობაში ჰქონდა გახსნილი.

[გივი ჭითანავას ხმა] „ეს ფართი პრივატიზებული მქონდა, ვიყიდე კანონის სრული დაცვით და ისე გადასცეს პროკურატურას, რომ არ გაითვალისწინეს ჩემი საკუთრება რომ იყო.“

კერძო საკუთრების ხელყოფის გამო შეშფოთებას ეკონომიკის ექსპერტებიც გამოთქვამენ. ნიკო ორველაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ არჩეული კურსიდან გადაუხვია:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „როგორ შეიძლება იძახო, ნატოში მინდაო და ამ დროს ის ფასეულობები, რომლის გარშემოც არის შეკრული ნატო - კერძო საკუთრება, დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი ეკონომიკა და ასე შემდეგ, ეს ფასეულობები ერთბაშად მოთხარო, დაასამარო და იძახო, ნატო მინდაო...“

თუმცა, ოპონენტების პასუხად, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. უბრალოდ, წლების განმავლობაში დაგროვდა სახელმწიფო ქონების უკანონო განკარგვისა და პრივატიზაციის ფაქტები, რაზეც ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს და სამართლიანობის აღდგენას ცდილობს. და კიდევ: მტყუან-მართლის გასარკვევად არსებობს სასამართლო, რომლის მიუკერძოებლობაში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG