Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის კანონს


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ მთავრობის ახალ ინიციატივას სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის გამარტივების შესახებ.


პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმითაც განხორციელდება. მთავრობის განცხადებით, კანონში აღნიშნული ცვლილება აგრარულ სექტორში 100 ახალი საწარმოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით შევიდა. ამ ახალი ინიციატივის წინააღმდეგია საპარლამენტო ოპოზიცია. გაგაცნობთ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის გამარტივების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს.

მთავრობამ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა 100 ახალი აგრარული საწარმოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით გადაწყვიტა. ამჟამად პრივატიზებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 30 პროცენტი. დანარჩენი 70 პროცენტის პრივატიზებას მთავრობა შემდეგი მექანიზმებით აპირებს: საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი განმარტავს:

[გიორგი ხუროშვილის ხმა] ”ამას წინ უსწრებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა: შერჩევის მექანიზმები ტარდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, შემდეგ განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. აი, ამიტომ ეს გამჭვირვალობის პროცედურები სრულად იქნება დაცული.”(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიციას ამ ცვლილებებში ის არ მოსწონს, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო მიწა. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ამ ყველაფრის უკან დგას სარფიანი მიწების გასხვისების ძალიან დიდი სურვილი და გასხვისების ფორმები შერჩეულია ისე, რომ პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას საშუალება ეძლევათ ეს მიწები სასურველ ბიზნესმენებზე გაყიდონ.”

მმართველი პოლიტიკური ძალა პრივატიზაციის გამარტივებული ფორმით განხორციელებას იმით ამართლებს, რომ, პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, უახლოეს მომავალში 100 აგრარული საწარმო უნდა შეიქმნას.

დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის, განცხადებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს განზრახული აქვს სახელმწიფო ქონების დაკანონება:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ეს ქვეყანა, საერთოდ, თავისი მიწებით, წყლებით, ტყეებით, წიაღისეულით, მიწაში რაც არის და ცაში რაც დაფრინავს, ეს ბატონ პრეზიდენტს და მის გუნდს მიჩნეული აქვთ თავის საკუთრებად. კანონები არსებობს იმისთვის, რომ სწორედ ის, რაც მათია, დაუკანონდეთ მეტ-ნაკლებად.”(სტილი დაცულია)

მიწების პრივატიზების ახალი წესების მიხედვით, სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას კი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უახლოეს დღეებში შევა.
XS
SM
MD
LG