Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული კინოცენტრის ახალი პროექტი


ეროვნული კინოცენტრი რეგიონებში გადის და კინოხელოვნების პროპაგანდას იწყებს იქ, სადაც დიდი ხანია დანგრეულია კინოთეატრები.

ზაფხულში კინოცენტრმა ბათუმსა და კვარიათში გამართა ეგრეთ წოდებული ”პლაჟის სეანსები”. გასულ კვირას ღია ცის ქვეშ ახალი ქართული ფილმების ჩვენება მოეწყო სიღნაღში. ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორს, კინომცოდნე ნინო ძანძავას ვესაუბრე.


კანის კინოფესტივალი ერთადერთია, სადაც საღამოს ფილმებს ზღვის პირას, ზედ პლაჟზე, უჩვენებენ. ამ იდეის ავტორი ჟან კოქტო იყო - 50-იანი წლების დასაწყისში კანის პლაჟებზე, ქვიშაში, სავარძლები დადგეს და ფილმების ჩვენება დაიწყეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. თანაც, ასეთ სეანსებზე დასწრება თავისუფალია.

კანის ფესტივალს წელს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიბაძა. აგვისტოში ბათუმსა და კვარიათში თითქმის მთელი თვე გაგრძელდა ”პლაჟის ფესტივალი”, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა. თუმცა თუკი კანში ასეთი მუქთა სეანსი საჩუქარია პუბლიკისათვის, რომელსაც ფესტივალის სასახლეში შეღწევის საშუალება არა აქვს, საქართველოში კინოფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენებას სხვა გამართლება აქვს: რეგიონებში კინოთეატრები დანგრეულია, ხოლო დიდ ქალაქებში, იქ, სადაც კინოდარბაზები გაიხსნა, მოსახლეობას უჭირს 8-10 ლარიანი ბილეთების შეძენა.

სიღნაღში ახლა კინოთეატრის რესტავრაცია დაიწყო. თუმცა ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორი ნინო ძანძავა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა სიღნაღელებს აქამდე არასდროს ჰქონიათ საშუალება დიდ ეკრანზე ენახათ კინო:

[ნინო ძანძავას ხმა] ”სიღნაღში ბათუმისა და გონიოსგან განსხვავებით, წავიღეთ მხოლოდ ქართული ფილმები... დავიწყეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, ამიტომ ”რევერსზე” ბევრი ხალხი მოვიდა. ის კი არა, მეოთხე ფილმის ნახვაც უნდოდათ.”

ლევან ადამიას ”კომენდანტის საათი”, ხათუნა გიორგობიანის ”ეს დღე რომ არ ყოფილიყო” და დიტო ცინცაძის ”რევერსი”... ასეთი იყო სიღნაღში ნაჩვენები ახალი ქართული ფილმების პროგრამა. ნინო ძანძავას თქმით, ამ ჩვენებებზე თითქმის მთელი სიღნაღი მოვიდა:

[ნინო ძანძავას ხმა] ”სიღნაღში ხორციელდება რეაბილიტაციის გეგმა, მთლიანად მტვერშია, რადგან ცენტრალური ნაწილი რეკონსტრუქციაშია...ჩვენ ვაჩვენეთ ცენტრალურ პარკში. სკამების რაოდენობა არ იყოს საკმარისი, მაგრამ ხალხი ფეხზე იდგა და ისე უყურებდა ფილმებს.”

ქართული კინოს პროპაგანდა ეროვნული კინოცენტრის მოვალეობაა. თუმცა აქამდე მიაჩნდათ, რომ ქართული კინოს პროპაგანდა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო საჭირო... პირველ რიგში, პროდიუსერების მოსაზიდად და დასავლეთის ქვეყნებთან ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ტაქტიკა არაეფექტური იქნება, თუკი ქართულ კინოს საქართველოში არ ეყოლება მაყურებელი. არადა, სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში დღეს ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ქართულ ფილმებზე - განსაკუთრებით რეგიონებში. ნინო ძანძავას თქმით, ქართულ კინოში კრიზისის დასაძლევად ეროვნულმა კინოგაქირავებამ, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით უნდა გააფართოოს საზღვრები:

[ნინო ძანძავას ხმა] ”ქართველი მაყურებელი იცნობს ქართული კინოს წარსულს, მაგრამ არ იცის აწმყო. ამიტომ მათ უნდა მისცემოდათ შეფასების შესაძლებლობა და სწორედ ეს გააკეთა კინოცენტრმა.”

საქართველოს რეგიონებში ნელ-ნელა დაიწყო კინოდარბაზების რესტავრაცია. შენდება ახალი კინოთეატრებიც. ზამთრის დადგომამდე ეროვნული კინოცენტრი აპირებს კინოჩვენებები მოაწყოს ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ახალი თაობა თავად უნდა დარწმუნედეს იმაში, რომ კარგი კინო არა ტელევიზიისთვის, არამედ დიდი ეკრანისთვის იქმნება.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG