Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ოქტომბრის დასაწყისში პარიზში, ეგრეთ

წოდებულ ”ევროპის სახლში”, განხორციელდა ფრანგული მუსიკალური ფონდის ”რაიმონდისა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ქართული ასოციაციის” ერთობლივი პროექტი ”ქართული პოლიფონია” - დებატები პოლიფონიის შესახებ ფილოსოფიური, სოციოლოგიური, კულტუროლოგიური განხრით, საუბარი იმაზე, თუ როგორ აისახება კულტურის პოლიფონია მუსიკაში და, პირიქით, რა გავლენას ახდენს პოლიფონიის ტრადიციები რეალობაზე, თვით პოლიტიკაზეც კი. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელსაც პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ვესაუბრეთ, განმარტავს, რომ დებატებში მხოლოდ სიმღერა არ იგულისხმებოდა, არამედ ზოგადად კულტურის პოლიფონიურ ბუნებაზე იყო ლაპარაკი. მაგალითად, პარიზში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულე თორნიკე გორდაძემ ისაუბრა ქართულ კულტურაზე პოლიტიკისა და გლობალიზაციის კონტექსტში. მოხსენებები წაიკითხეს ფრანგმა კულტუროლოგებმაც.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”მე ვილაპარაკე ქალების კულტურაზე, ასახულია თუ არა მუსიკაში ქალების მოღვაწეობა და თანამედროვე კულტურა ახდენს თუ არა პრეზენტაციას იმისა, რაც ქალებმა გააკეთეს მუსიკაში... ანუ სად ჩანს ქალების კულტურა მუსიკაში - როგორც ასეთი, არ ჩანს. თუ ამ ჩვენი შეხვედრის მუსიკალურ ანალიზს გავაკეთებთ, ქართული მრავალხმიანობა წარმოდგენილი იყო მხოლოდ მამაკაცი შემსრულებლებით.”

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ეს შესრულება, თავისთავად, ძალიან საინტერესო იყო, რადგან, დებატების პარალელურად, მეცნიერებმა მოუსმინეს, ერთი მხრივ, საეკლესიო სიმღერებს, ანსამბლ ”ანჩისხატის” შესრულებით, მეორე მხრივ, გურულ ტრიოს ”შალვა ჩემო” - ე.ი. გაეცნენ ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშებს, მაგრამ ქალების ხმა არ ისმოდა, რაც, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის აზრით, საწყენი, მაგრამ აბსოლუტურად კანონზომიერი მოვლენაა:


[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”ძალიან საინტერესო იქნებოდა ქართული სასიმღერო პოლიფონიის წარმოდგენა ქალების სახითაც... ჩემს ფუნქციას იმაში ვხედავდი, რომ თუნდაც მუსიკალური კუთხით შემეტანა ეს ”ქალის კონტექსტი”. მაგალითად, როცა გლობალიზაციაზე იყო საუბარი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქალების დამსახურება ქალაქური მუსიკის დაბადებაში. ქალები აღმოჩნდნენ უფრო ინოვაციურები და ახალი ბგერების ”ამკრეფები”...

ამასთან დაკავშირებით ლელა გაფრინდაშვილი იხსენებს ქართველ მომღერალს, ინოლა გურგულიას, რომელიც, ქართველი ფილოსოფოსის თქმით, ერთ-ერთი პირველია, ვინც ქალაქური-ქართული სიმღერისა და ევროპული - კერძოდ კი, ესპანური - მოტივების ”შერევა” სცადა.

[ინოლა გურგულია]

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”წასვლის წინ მინდოდა მეყიდა დები იშხნელების დისკები, მეჩუქებინა... პარადოქსია, მაგრამ ვერაფერს იყიდი - დები იშხნელების დისკები არ არსებობს. იგივეა ინოლა გურგულიას შემთხვევაშიც.”

[დები იშხნელები]

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში სწორედ ქალებმა აითვისეს ყველაზე ადვილად სიახლე და არ შეეშინდათ განსხვავებულ კულტურებთან ინტეგრაციის, რაც, მისი თქმით, პოლიფონიის ახალი ფორმაა. სხვა საქმეა, რომ პატრიარქალური კულტურა არაა დაინტერესებული შეისწავლოს ეს პროცესი და დამალულისა და მიჩქმალულის რეაბილიტაცია შეძლოს:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”ამ პოლიტიკური და სახელოვნებო დისკურსის კავშირზე იყო კამათი...როგორც წესი, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული კულტურის სადარაჯოზე დგანან, შიში აქვთ გლობალიზაციის, არადა, იგივე ქრისტიანობა გლობალიზაციის შედეგი იყო.”

პოლიფონია, როგორც გლობალიზაციის ფორმა - ამ საკითხს საქართველოში იშვიათად იკვლევენ. პოლიფონიის პრობლემას ეძღვნება სამეცნიერო კონფერენციები, ხშირია საუბარი პოლიფონიის ფორმების მსგავსებაზე განსხვავებული ხალხის მუსიკაში, თუმცა თავად პოლიფონია გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოვლინება რომაა, ამის აღიარებას მეცნიერები ხშირად ერიდებიან. ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ქართულ მუსიკას - საერთოდ, ეროვნულ კულტურას - ამ მხრივ ბევრი აქვს საამაყო: მრავალფეროვნების ტრადიცია ყოველთვის ცოცხლობდა ჩვენს კულტურაში. თუმცა პოლიტიკა და პოლიტიკური კონიუნქტურა ხშირად უშლიდა ხელს ამ ტრადიციების წარმოჩენას:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”პოლიტიკა გავლენას რომ ახდენს მუსიკაზე, ამაზე ბევრი ისაუბრეს... მე, მაგალითად, ძალიან მინდოდა მეპოვა სვანური ”ნანას” ვერსია. უამრავი განსხვავებული ვერსია მოვისმინე... როგორც კი მივადექი 30-იანი წლების ეპოქას, აღმოჩნდა, რომ ყველა ”ნანას” ერთნაირად ასრულებს. ეს იყო მელოდია ”გაფრინდი, შავი მერცხალოსი”, ანუ ის მელოდია, რომელიც სტალინს მოსწონდა. ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკა არ ახდენს გავლენას მუსიკაზე.”

საინტერესოა ისიც, რომ პოლიფონიის პოლიტიკურ რაკურსში განხილვის ინიციატორები ფრანგები იყვნენ და ეს დისკუსია პარიზში გაიმართა. საქართველოდან ფრანგ მეცნიერებს ქალთა ორგანიზაციები გამოეხმაურნენ - შეიძლება ეს ფაქტი კიდევ ერთი არგუმენტი აღმოჩნდეს სასარგებლოდ ქართველი ფემინისტებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეგრეთ წოდებულ ”სუსტ სქესს” საქართველოში ინოვაციის არასდროს ეშინია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG