Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


იაგო კაჭკაჭიშვილი განვლილი კვირის მანძილზე

დღიურს წერდა სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. გთავაზობთ მის ჩანაწერებს.

28 ოქტომბერი, კვირა
კვირა დღე წინა დღეებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულებით იწყება: საუზმის შემდეგ მთელი ოჯახი (მე, ჩემი ცოლი და ბავშვი) რუსთავში მივემგზავრებით დედაჩემის სანახავად, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, იქ მარტო ცხოვრობს. რუსთავი ჩემი ბავშვობის ქალაქია, აქ დავიბადე და საშუალო სკოლაც აქ დავასრულე. მიუხედავად ამისა, ვერაფრით ვუწოდებ ამ ქალაქს მშობლიურს, არასოდეს მქონია მის მიმართ ნოსტალგიის განცდა მას შემდეგ, რაც თბილისში დავსახლდი. ბევრი რამით შემიძლია ეს ავხსნა, უბრალოდ, ახლა ამის დრო არ არის…
დედასთან გამგზავრება, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის მონატრებას უკავშირდება, მისი არსებობისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგის ჩაზიდვასაც ემსახურება. დედა კარგა ხანია, პენსიონერია და ისიც კარგა ხანია, ცხადზე ცხადია, რომ მხოლოდ პენსიის ამარა მისი დატოვება, უბრალოდ, მის გაწირვას ნიშნავს. მისი “გაპენსიონერება” დაახლოებით სსრკ-ის ნგრევის პერიოდს დაემთხვა, ჰოდა, 40-წლიანი თავდაუზოგავი შრომის საფასურად, უბადრუკი პენსია შერჩა (უმადურობაც ამას ჰქვია). მისთვისაც (და ჩვენთვისაც) კარგა ხანია, გაცვდა და გახუნდა ნაციონალური იდეოლოგიით ნაკვები, ერთ დროს ძალზე პოპულარული, კულტურული სტანდარტი: ყველა სიდუხჭირესთან შეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. მას (ისევე, როგორც ჩვენ) ისეთი დამოუკიდებელი საქართველო უნდა, სადაც პენსიაში გასულ ადამიანებს საკუთარი შემოსავლით შეეძლებათ ღირსეულად ცხოვრება. უკვე ბევრი წელია, უფროსი თაობის ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობის არსებობა მთლიანად დამოკიდებული გახდა სხვაზე (მეტწილად, უმცროს თაობებზე). ასეთი ეკონომიკური მიჯაჭვულობა და სუბორდინაცია უთუოდ აჩენს რაღაც ფსიქიკურ ან სოციალურ დევიაციებს: არაა ნორმალური, როდესაც ბებია საკუთარი შვილიშვილისთვის სათამაშოს შვილის მიერ მიცემული ფულით ყიდულობს. კიდევ კარგი, ჯერ კიდევ ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც სამ თაობას შორის კავშირი (ე.წ. “გენარაციულობა”) ისევ იტანს ზღვარგადასულ ფამილარობას და – როგორც ერთი სოციოლოგი იტყოდა – “არაკალკულირებად” ურთიერთობებს...
რუსთავში შესვლისთანავე თვალში გეცემა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული აურზაური. ზოგიერთი ცვლილება ფუნდამენტურია (მაგალითად, გზებს აგებენ), ზოგიც, წმინდა კოსმეტიკური (ფასადებს ღებავენ). ცდილობენ, საბჭოთა არქიტექტურის მახინჯ სახლებს შორის განსხვავება ჭრელა-ჭრულა ფერებით შექმნან, მაგრამ, რად გინდა?! როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი მკვდრისთვის გაკეთებულ ფერუმარილს ჰგავს.
სახლში გვიან საღამოს ვბრუნდებით. გადავწყვიტე, “დროებას” ვუყურო. პირველივე სიუჟეტი მძაფრი და სკანდალურია: ოპოზიციურმა პარტიებმა კოლექტიური მსვლელობა და მიტინგები მოაწყვეს სამეგრელოში. ზუგდიდში ამ შეკრებებს მშვიდობიანად არ ჩაუვლია: რამდენიმე სრულიად ეგზალტირებული ადამიანისაგან შემდგარი ბრბო უკვე დაშლილ მომიტინგეებს (მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს) თავს ესხმის და სასტიკად სცემს. პოლიცია იქვეა და, ძირითადად, იმითაა დაკავებული, რომ – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი – სეირს უყურებს. ისმის უშვერი გინება, ყვირილი, ხავილი... ღმერთო ჩემო! თითქოს დრო გაიყინა, არაფერი შეცვლილა, ეს ყველაფერი ხომ უკვე იყო. იყო ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ... ასეთი ცემა-ტყეპისა და ისტერიის ფონზე, ვფიქრობ, ისეთი ცნებები, როგორიცაა “პოლიტიკური კულტურა”, “სამოქალაქო საზოგადოება”, “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება” და ა.შ. მხოლოდ იარლიყებია, რომლებიც შინაარსით აბსოლუტურად პრემოდერნულ ურთიერთობებს მხოლოდ ფასადურად ეკვრის (მახსენდება ჰობსისეული “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”).
კიდევ ერთი ეფექტური განცხადება, რომელიც “დროებაში” გაისმა და პატარკაციშვილს უკავშირდება: პატარკაციშვილი იღებს გადაწყვეტილებას, ოპოზიციური საპროტესტო ქმედებები ფინანსურად უზრუნველყოს. უნებურად ჩნდება, შესაძლოა, ზედაპირული, მაგრამ ადეკვატური პარალელი: “ვარდების რევოლუციის” ფინანსური (და, გარკვეულწილად, იდეური) გარანტი ჯორჯ სოროსი იყო, ახლა იმავე ტვირთს პატარკაციშვილი იკიდებს – იმავე იდეოლოგიური დატვირთვით: საქართველოში დემოკრატიას შველა სჭირდება. ახალი (თუმცა, ცუდად დავიწყებული ძველი) ექსპერიმენტი იწყება?
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურ წრეში ტრიალს ჰგავს, მაინც ვცდილობ, უახლოეს წარსულსა და აწმყოს შორის რაიმე იმედისმომცემი განსხვავება ვიპოვო. მგონი მივაგენი: არ ხდება მიტინგებზე მოზღვავებული ენერგიის კონცენტრირება ერთი, ქარიზმატული ლიდერის (თუ, ბელადის?) მიმართულებით, არ ისმის ხმაშეწყობილი “ზვი-ა-დი, ზვი-ა-დი” ან “მი-შა, მი-შა”... ახლა თითქოს “ჩვეულებრივი” (და არა “ზეკაცებად” მონათლული) პოლიტიკოსების სიმრავლეშია გაბნეული მხარდაჭერის აქცენტები, თითქოს “ერთი ცენტრი” დაშლილია ღარიბულ, თუმცა, მაინც მოზაიკურ სურათად, რომელშიც სხვადასხვა ფერი ერთმანეთის დაბალანსებას ცდილობს. ეს “აღმოჩენა” ცოტა მართობს, მამშვიდებს და მომწონს კიდეც.

29 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს ორშაბათია, “მძიმე დღე”. თუმცა, ჩემთვის მაინც ნაკლებად მძიმე, რადგან უნივერსიტეტში (“ჯავახიშვილში”) ლექციები არ მაქვს. მაინც დილიდან მივდივარ, რადგან სხვა უამრავი მოსაწყენი და ზოგიც საინტერესო საქმე მელოდება. ამ უკანასკნელთა შორის, სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზიც იკავებს ადგილს. ეს კვლევა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების უფროსკლასელებში ჩატარდა და AIV/შიდსის, ნარკომანიისა და უსაფრთხო სექსის პრობლემებს მიეძღვნა. ჩემს წინ უამრავი მონაცემია, რომელთა ინტერპრეტაცია ძალიან დამღლელია, მაგრამ, უაღრესად საინტერესო. მასობრივ სოციოლოგიურ კვლევებს (თუკი, რასაკვირველია, ისინი ყველა წესის დაცვით ჩატარდა) ერთი უდავო უპირატესობა და ხიბლი აქვს: უფლება გაქვს, მონაცემებს შეხედო, როგორც ობიექტურს, ანუ კოლექტიური ცნობიერების გამოხატულება განიხილო როგორც “სოციალური ფაქტი” (ე. დიურკემი) და მას დაეყრდნო საკუთარ მსჯელობებში. სტატისტიკა მართლაც ერთგვარი საყრდენია, აღვირია, რომელსაც ძალუძს შენი ფანტაზიები და ვარაუდები მოთოკოს და რეალობას არ დაგაშოროს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რიცხვები ქმნიან წესრიგს.
საღამოს მეგობრები კოლექტიურ ხინკლის ჭამას ვაწყობთ მორესტორნო “ტიფლისში” (საარბრიუკენის მოედანზე). ამ გადაწყვეტილების კატალიზატორი წინა დღით ბარბარას მიერ გამოთქმული წუხილია ხინკლის მონატრებასთან დაკავშირებით. მქონი, ეს ერთია იმ იშვიათ რიტუალთაგან, რომელიც ჩემს ძვირფას გერმანელ მეუღლეს ჯერ კიდევ არ მოსწყენია საქართველოში. როგორც ხშირად ხდება, სუფრასთან (ჩემი მოუგვარებელი საქმეების გადამკიდე), ვაგვიანებ. ხინკლის ერთი პარტია ჩავლილია და ჩემი მეგობრები, ლუდისა და არყის შეზავების გამო, სახეწამოწითლებულნი და აჟიტირებულნი გამხდარან. რესტორნის ზურზუტს კიდევ უფრო აბსურდულ სანახაობად აქცევს ჩართული ტელევიზორიდან საინფორმაციო გადაცემის წამყვანის გაბმული ხმა და პოლიტიკოსთა ჩართვები. დიახ, ბატონებო, ყველაფერი კვლავ რედუცირდება "ცხელ" ინფორმაციაზე, ყველაფერს ისევ დაკრავს პოლიტიკის გემო, ხინკალსაც კი!

30 ოქტომბერი, სამშაბათი
სამშაბათი ჩემთვის ლექციების დღეა. "სეანსი" 8:30-ზე იწყება. მომდევნო – 16:30-ზე. შუალედში დიდი "ფანჯარა" მაქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმდინარე საქმით ვავსებ. თუმცა, მანამდე სახლში ავრბივარ (ჯანაშიას ქუჩაზე) და ვცდილობ, დილით გაცდენილი საუზმე ავინაზღაურო. ჩემი ცოლი არაჩვეულებრივ რძიან ყავას ხარშავს (ე.წ. "ლატეს") და ჩემთვის დილა ამ ყავის და ნოყიერი საუზმის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. სისხამ დილით საუზმის რიტუალი (რომელიც გერმანელებისთვის წმიდათაწმიდაა), ქართულ და გერმანულ (შესაბამისად, ჩემი და ბარბარას) კულტურათა შორის განსხვავების ერთ-ერთი ის გამოხატულებაა, რომელიც მე უმტკივნეულოდ გავითავისე. თუმცა, ვფიქრობ, სანაცვლოდ ათჯერ უფრო მეტი კომპენსაციაც მივიღე: ბარბარას შეუძლია, ქართულად მესაუბროს, ხოლო მე წინადადებასაც ვერ ვმართავ გერმანულად. ჩემი მეუღლის სასახელოდ უნდა აღვნიშნო, რომ ქართულის სწავლა მას ქართველი მეუღლის პატივსაცემად არ დაუწყია. ის უკვე ექვს წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს (აქედან 5 წელი DAAD-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად მუშაობდა) და თავიდანვე შეუდგა ქართული ზმნის ლაბირინთებში გარკვევას. ასე რომ, როდესაც ოთხიოდე წლის წინ ერთმანეთს შევხვდით, მისით მოხიბვლის არცთუ უმნიშვნელო საფუძველი ბარბარას მიერ ქართული ენის შესწავლისკენ ლტოლვა აღმოჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვებსაც ამახინჯებს (მაგ. "გძინავდი" "გეძინას" ნაცვლად; ან "გეპატიჟებული ხარ" "დაპატიჟებული ხარ"-ს ნაცვლად და მისთ.), ასეთი "გადაცდომები" არა მხოლოდ მართობს, არამედ მეუღლისადმი სიყვარულს კიდევ უფრო მიმძაფრებს. ჩვენი ქალიშვილი კრისტინა (რომელსაც ჯერ 2 წელიც არ შესრულებია), ჯერჯერობით მხოლოდ ლინგვისტური ნიჭიერების თვალსაზრისით, აშკარად ამართლებს ცნობილ გამოთქმას: "ის ურჩევნია მამულსა...", რადგან თანაბარი წარმატებით ეუფლება ერთდროულად სამ ენას: ქართულს, გერმანულს და რუსულს (რუსულენოვანი ძიძის წყალობით). საინფორმაციო საშუალებები შემაშფოთებელ ცნობას ავრცელებენ: სამეგრელოში, სოფელ განმუხურთან მდებარე პატრიოტთა ბანაკში რუსი სამხედროები შეიჭრნენ და ქართველ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს... იმით, რაც შემდეგ მოხდა და, განსაკუთრებით, ქართველი პრეზიდენტისა და მისი ამალის გამბედაობით (ისინი ცხელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ) ნამდვილად მოვიხიბლებოდი, რომ არა აბეზარი ჟურნალისტები, რომლებმაც პრეზიდენტის ამალაში მოგვიანებით დათა ახალაიას ფიგურა დალანდეს: ეს საშიში კაცი პოლიტიკურ ასპარეზს კარგა ხნის ჩამოშორებული მეგონა...
რამდენიმე სიტყვა – ტელეკომპანია "იმედზე". უკვე რამდენიმე წელია, ეს ტელეკომპანია მედიის რეიტინგულ კვლევებში აშკარა ლიდერია. დარწმუნებული ვარ, ასეთ შედეგებს "იმედმა" ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკის გამო მიაღწია. უნდა დავაზუსტო: ობიექტურობა, მედიასთან მიმართებაში, ჭეშმარიტი პოზიციების ძიებაში კი არ გამოიხატება, არამედ, უპირველესად, სხვადასხვა (თუნდაც, დაპირისპირებული) თვალსაზრისის პრეზენტაციაში, ანუ არატენდენციურობაში (მეტ-ნაკლებად, რასაკვირველია). ჩემი ღრმა რწმენით, "რუსთავი 2"-ის (რომელიც მედიასივრცეში 2003 წლამდე ყოველთვის ლიდერობდა) რეიტინგმა მას შემდეგ იწყო ვარდნა, რაც ის ერთმნიშვნელოვნად ჩადგა ერთი პოლიტიკური ჯგუფის სამსახურში და გახდა უკიდურესად ტენდენციური (ასეთ პოლიტიკას, სამწუხაროდ, "რუსთავი 2" დღემდე ატარებს, მოჩვენებითი ობიექტურობის პრეტენზიით). ახლა ამ რისკის ზღვარზე "იმედი" დგას. ჩემი აზრით, მას უკვე შეუჩნდა ტენდენციურობის ჭია...
თბილისში (და მთელ საქართველოში) სულ უფრო მძაფრდება 2 ნოემბრის მოლოდინი...

31 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ვერაფერს ვერ ვასწრებ. მუდმივად მაწუხებს ცაიტნოტის განცდა. მართალია, დღეს ლექციები არ მაქვს, მაგრამ სამსახურში (უნივერსიტეტს ვგულისხმობ) იმდენი წვრილმანი, რუტინული საქმის შესრულება მიწევს, რომ დღე თვალსა და ხელს შუა მეცლება. მიუხედავად იმისა, რომ იყო საინტერესო შეხვედრებიც (მაგალითად, საყვარელი ნინო დანელია სამსახურში მესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლების ღირებულებითი ორიენტაციების კვლევის დეტალებზე ვისაუბრეთ), საბოლოო ჯამში მაინც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ძალიან მშიერი ვიყავი და უგემური საჭმლით დავნაყრდი.
საღამოს რვა საათისთვის სახლში ვბრუნდები და იმწამსვე ტელევიზორს ვრთავ, იმ იმედით, რომ საინტერესო ამბებს მოვისმენ. უკვე კარგა ხანია, ერთი გასართობი მაქვს: სხვადასხვა არხზე საინფორმაციო გადაცემების ერთმანეთთან შედარება. ეს მეთოდი ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ პოსტმოდერნული პარადიგმის ლეგიტიმურობაში დავრწმუნდე: არ არსებობს რეალობა თავისთავად, იგი ისეთია, როგორადაც მისი ინტერპრეტაცია ხდება. ხოლო რამდენადაც ინტერპრეტაცია ბევრია, რეალობაც სხვადასხვანაირია. საბოლოო ჯამში, რეალობა სხვა არაფერია, თუ არა ტექსტი (ტექსტები), როგორც განსაზღვრული ლინგვისტური თამაშის პროდუქტი. განა ასე არაა? “იმედი” ერთი და იმავე ფაქტის ერთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, “რუსთავი 2” – მეორეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი – მესამეს... რა ხდება სინამდვილეში? ასეთი შეკითხვის დასმა უსაზრისოა, სინამდვილე გაწოვილია ინტერპრეტაციაში, შეუძლებელია დისკურსისგან მისი გამოცალკევება და წარმოდგენა ობიექტურად, “თავისთავად”. მეორე მხრივ, მშვენივრად მესმის, რომ თუ ამ თვალსაზრისს ბოლომდე გავიზიარებ, მაშინ მომიწევს, უარი ვთქვა საკუთარი პროფესიის ლეგიტიმურობაზე. სოციოლოგობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პრინციპული დაშვების საფუძველზე, რომ ობიექტურობა (თუნდაც, ემპირიული, ანუ დრო-სივრცული) არსებობს, ე.ი. შესაძლებელია, ვისაუბროთ რეალობის ადეკვატურ და არაადეკვატურ ინტერპრეტაციაზე. სხვა საკითხია, რა არის ამ ადეკვატურობის კრიტერიუმი. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. სოციოლოგებისთვის, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საზოგადოებრივი აზრია (ანუ, როგორც ცნობილი სოციოლოგი იტყვის, “კოლექტიური ცნობიერება”). როდესაც, ვთქვათ, ერთ-ერთი არხის საინფორმაციო გამოშვება ბადრი პატარკაციშვილის კომპრომეტირებისათვის (იმის პასუხად, რომ “იმედის” მართვის უფლებას იგი “ნიუსკორპს” გადასცემს) არქივიდან იმ კადრებს უშვებს, სადაც პატარკაციშვილი წლების წინ ბათუმში ასლან აბაშიძეს ხვდება და მეგობრულად ხელს ართმევს; ხვდები, რომ ეს ცრუ ილეთია, არადამაჯერებელია და მიზანში ვერ ხვდება. მეორე მხრივ, როდესაც საჯარო (ანუ, საერო) სკოლის დირექტორის მიმართ გამოთქმული იმ შენიშვნის საპასუხოდ, რომ ასეთი სტატუსის მატარებელ სკოლაში მან საეკლესიო კაბით შემოსილმა არ უნდა იაროს, ტელეკომპანია შენიშვნის გამომთქმელს ანტიეროვნულობაში სდებს ბრალს, ესეც არაადეკვატური და არაობიექტურია. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ქართული ტელესივრციდან მოყვანილი ორივე ზემოაღნიშნული მაგალითი მე მეხსიერების არქივიდან არ ამომიქექია – დღეს საღამოს მოვისმინე ტელეეთერში, როდესაც სხვადასხვა ტელეარხით მოწოდებული ამბების შედარებით ვიყავი დაკავებული.
შუაღამის შემდეგ მივაშურე ლოგინს. მანამდე, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე აგებული ფილმის ყურება მინდოდა, მაგრამ ტახტზე მიმეძინა. ცოლი წუწუნებს და თან ინტერესით მეკითხება, თუ რა ჩავწერე დღევანდელ დღიურში. მოკლედ ვუყვები. “კი მაგრამ, ეს ხომ ძალიან ბანალურია!” – ნამძინარევი ხმით მეუბნება. ცოტა ვბრაზდები, თუმცა, იქნებ მართალი შენიშვნაა? რას იზამ, ფაქტია, რომ დღეს ჩემს (ჩვენს) ცხოვრებაში არაბანალური არაფერი ხდება.

1 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღის პირველი ნახევარი სრულიად პროზაულ საქმეებზე დავხარჯე: ვეწვიე სხვადასხვა ოფისს მოსალოდნელ კვლევით პროექტებზე მოსალაპარაკებლად; მივეცი ინტერვიუ ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო პროექტს ახორციელებენ, მოვაგვარე ადმინისტრაციული საქმეები დეპარტამენტში და ა.შ.
უკვე დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის კედლებშიც შემოაღწია მოძრავი მანქანებიდან გაკეთებულმა მოწოდებებმა 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შესახებ. კიდევ ერთხელ ახმაურდა თსუ I კორპუსის ეზო, სადაც აბუნტებული სტუდენტები სხვების გადმობირებას ცდილობენ და – მშვიდობიანი ბრძოლის ნიშნად – თეთრ ლენტებს არიგებენ. ასეთ მოჯანყე ახალგაზრდებს შორის ჩემი სტუდენტებიც ურევია, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი კახიძე, გამორჩეულად მიყვარს. ირაკლი ყოველთვის კარგად სწავლობდა და თან სოციალურად აქტიურიც იყო. ამ ბოლო ხანს აქტიურობას კიდევ უფრო უმატა. ამას წინათ ჩემთან მოვიდა და მკითხა, რას იტყვით "იმედის" არხზე ჩემი გუშინდელი მწვავე გამოსვლის გამოო. მე ვუპასუხე, რომ ყოველთვის მომწონდა მისი გაბედულება, თუმცა, ისიც ხაზგასმით ვუთხარი, რომ არ მინდა, ეს ახალი სტუდენტური მოძრაობა "კმარას" დაემსგავსოს, პირველ რიგში, უკიდურესი ექსტრემიზმის თვალსაზრისით. უწინდელი "კმარას" აქტივისტებიდან ბევრი ახლა სახელისუფლო სავარძლებშია მოკალათებული და ისეთივე ირაციონალურობითა და დაუნდობლობით გამოირჩევა, როგორც მაშინ, 2003 წლის თბილისის ქუჩებში. უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან ისინი პირდაპირ მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში. ასეთი "ნახტომი" კარიერაში თვით მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა (მაშინ ის ერთ-ერთ ძალოვან სამინისტროში მუშაობდა), როგორ არბოდნენ კიბის ხუთ-ხუთ საფეხურს აღტყინებული გუშინდელი "ქუჩის ბიჭები" (ზოგი ისევ სტუდენტი იყო) და როგორ ჩაანაცვლეს მათით თითქმის ყველა გამოცდილი კადრი, იმის გაუთვალისწინებლად, თუ ვინ იყო ძველებს შორის კორუმპირებული და არაპროფესიონალი და ვინ - არა. ასე დაიწყო ასაკობრივი ცენზის ნიშნით ეგალიტარიზმის (სოციალური თანასწორობის) პრინციპის ხელყოფა, როდესაც უფუნქციო და უმუშევარი დარჩა ბევრი პროფესიონალი. რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ ასეთი ადამიანები ხვალ, პროტესტის ნიშნად, მომიტინგეებს შეერევიან? (თუმცა, ისიც კარგად ვიცი, რომ 2 ნოემბერს პარლამენტის წინ ისინიც დაიკავებენ ადგილებს, ვისაც სამსახური კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო დაატოვებინეს).
საღამოს სახლში ვბრუნდები და ახლა უკვე ტელევიზორში ვადევნებ თვალს საქართველოს რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრული მანქანების კოლონას, გამაყრუებელი სიგნალების თანხლებით. უგრძესი რიგია. ვერ შევადარებ (მაშინ ნიუ იორკში ვიყავი), მაგრამ სხვებმა მითხრეს, რომ "ვარდების რევოლუციის" დროსაც კი არ ჩამოსულა თბილისში ამდენი ადამიანი. სერიოზულად ვშფოთავ – ყველაფერ ამას კიდევ ერთი რევოლუციის (უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალების) სუნი ასდის. სავსებით ვიზიარებ იმ ცნობილი სოციოლოგების პოზიციას, რომლებიც რევოლუციას "უტოპიურ სოციალურ ტექნიკას" უწოდებენ. თუ ისტორიას გადავხედავთ, რევოლუცია ძალზე იშვიათად ყოფილა საზოგადოების პროგრესული განვითარების წყარო. ის მიზნად ყოველთვის ისეთ რამეს ისახავს, რისი განხორციელების რესურსებიც რეალურად არ არსებობს. ამიტომ, რევოლუციების შედეგი ხშირად იმაზე უარესია, რის შეცვლასაც ის ლამობდა. გარდა ამისა, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია, ესაა რევოლუციასთან დაკავშირებული თვითნებობის, ყოვლისშემძლეობის, უკიდურესი რადიკალიზმის, უკომპრომისობისა და განუკითხაობის განწყობა. რევოლუციური პათოსი უკუაგდებს რაციონალურ განსჯას, კომპრომისს, განსხვავებული აზრებისა და პოზიციების დაბალანსებას. რევოლუციას მოაქვს ახალი სოციალური წესრიგი, რომელიც შეურიგებელია ალტერნატივების მიმართ. ძალიან მინდა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში დავაფიქსირო ერთი საკვანძო შემთხვევა მაინც, როდესაც ხელისუფლებას, რომელიმე სფეროში, გაუზიარებია მისი პოზიციის რომელიმე ალტერნატივა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.
და რა გველის ახლა _ახალი რევოლუცია? ძალიან მძიმე პერსპექტივაა...
თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა სატელევიზიო გამოსვლები გარკვეული დამშვიდების საფუძველს მაძლევს: ისინი ღიად აცხადებენ, რომ შორს დგანან რევოლუციური განზახვებისაგან და ხელისუფლების უპირობო გადადგომას კი არ მოითხოვენ, არამედ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2008 წლის გაზაფხულზე (შემოდგომის ნაცვლად), იმ ვადებში, რასაც კონსტიტუცია თავდაპირველად ითვალისწინებდა. ეს აშკარად არარევოლუციური მოთხოვნაა, თუმცა ცოტა ალოგიკურიც იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება. შესაძლებელია კი ხალხის ამოდენა ნაკადის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის პირობებში ზემოაღნიშნული დაბალანსებული მოთხოვნის ლეგიტიმურობის შენარჩუნება? ნამდვილად მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ამგვარი მძიმე ფიქრების შემდეგ, გასართობს თავად "იმედში" გაშვებული ოდიოზური ტელერეკლამა გვაწვდის: გვთავაზობენ, შევიძინოთ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას გაზეთი, რომელიც გაგვიმხელს, რა მოხდება ახლო და შორეულ მომავალში. ნამდვილად სასაცილოა, თუმცა, ცოტა სატირალიც…

2 ნოემბერი, პარასკევი
2 ნოემბერია. დილის 8:30-ზე ლექცია მაქვს პირველკურსელებთან თსუ-ში. ვცდილობ, სტუდენტებთან არ დამაგვიანდეს. თუმცა, ვგრძნობ, რომ რაღაც შეუსაბამოს ვაკეთებ, შეუსაბამოს იმ სიტუაციასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით და რაც, აგერ უკვე ოცი წელია, პერმანენტულად გვახსენებს თავს. ეს ის ცნობილი ვითარებაა, როდესაც “მუზები სდუმან მაშინ, როცა ზარბაზნები ქუხს”. მახსოვს ხალხმრავალი მიტინგების ფონზე დადუმებული თეატრები, ჩაშლილი ლექციები, პოლიტიკით გაჟღენთილი ყოველდღიურობა... ოთხმოციანი წლების ბოლოს ეს ყველაფერი რომანტიკულიც კი იყო, ყველაფერი დანარჩენი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეით კომპენსირდებოდა, მაგრამ ახლა?..
სტუდენტები შედარებით ხალვათად, მაგრამ მაინც მოვიდნენ ლექციაზე. თავს ძალს ვატან და სწავლების პროცესში ვებმები, ვცდილობ კონცენტრირება განსახილველ თემაზე მოვახდინო. ლექციის თემა კულტურის სოციოლოგიური ანალიზია. სხვა პრობლემებს შორის, ისეთ საკითხსაც ვეხები, როგორიცაა კონტრკულტურა, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფის მასშტაბით აღიარებული ღირებულებები, წარმოდგენები, ქცევითი სტანდარტები და ა.შ. უპირისპირდება საზოგადოების დომინანტურ კულტურას. თავისთავად ჩნდება ანალოგია: ვინ არის ის ხალხი, რომელიც ახლა პარლამენტის წინ იკრიბება? კონტრკულტურის ნაწილია? იქნებ, პირიქით, თავად სახელისუფლო ჯგუფი და მისი მხარდამჭერები იქცნენ მარგინალებად?
დღეს სხვა ლექციაც მაქვს 12:30-ზე. ლექციის დამთავრება მიტინგის დაწყების ოფიციალურად გამოცხადებულ დროს ემთხვევა. სამსახურში, თანამშრომლებთან ერთად, ტელევიზორს ვრთავ. უამრავი კომენტარის ფონზე, თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმესაც ვაგვარებ. პირდაპირ აღფრთოვანებული დავრჩი ნინელი ჭანკვეტაძის ღირსეული გამოსვლით. დაახლოებით ხუთი საათისთვის მე და ლიკა მეზვრიშვილი (ჩემი თანამშრომელი და მეგობარი) უნივერსიტეტიდან გავდივართ და პარლამენტის შენობისკენ მივემართებით, გზაში ჩემი უახლოესი მეგობრები ბესო და დევიდი გვიერთდებიან. "რუსთაველის" მეტროსთან უკვე შეიმჩნევა ფეხით მოსიარულეთა ინტენსიური ნაკადი. ზოგი ბრუნდება მიტინგიდან, ზოგიც, პირიქით, იქით მიემართება. იოლად გამოარჩევ რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს: დაღლილი და, ამავდროულად, აჟიტირებული, შემოდგომის მზედაკრული სახეები, რაღაცნაირად ტლანქი და გაბრაზებული გამოხედვა, მეტწილად შავი ჩაცმულობა... ჩემი საყვარელი სოფელი მახსენდება, გაჭირვებისა და შრომისაგან გატეხილი ადამინები. უკვე თითქმის სამი წელია, არ ჩავსულვარ. გული მეკუმშება.
პარლამენტის შენობას იმ დროს ვაღწევთ, როცა სიტყვას ბადრი პატარკაციშვილი ამბობს. პატრიოტული სულისკვეთებით და კორექტულად საუბრობს. ახლა ნამდვილად არ ვარ იმ განწყობაზე, რომ ეჭვი შევიტანო პატარკაციშვილის გულწრფელობაში და მისი სიტყვების უკანა აზრი ვჩხრიკო. ამ მოვლენების მთავარი აქტორი პატარკაციშვილი არ არის, არამედ ის ათიათასობით ადამიანია, რომელთაც, რაც უნდა ბნელი უწოდო, ვერაფრით შეკრებ მოტყუებითა და მოსყიდვით. დიახ, ეს უამრავი ხალხი მათში გაჩენილმა პროტესტის მწვავე გრძნობამ შეყარა ერთად და ამ პროტესტს ხელისუფლებამ ყური უნდა დაუგდოს...
მიტინგზე კობა დავითაშვილი გამოდის და გვამცნობს, რომ ხელისუფლებამ ისურვა დიალოგის გამართვა და ეს შეხვედრა მალე გაიმართება. ოჰო, ეს უკვე იმედისმომცემი სიახლეა! მე და ჩემი მეგობრები ვიღებთ გადაწყვეტილებას, მიტინგი დავტოვოთ და ტელეარხებიდან მივიღოთ ინფორმაცია კულუარულ და კაბინეტებში განვითარებულ მოვლენებზე. უკან, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ტელეფონით დედაჩემს ვეხმიანები. აშკარად გაღიზიანებულია, არ მოსწონს ასეთი ექსტრემიზმი, არ მოსწონს ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არაფერს ამბობენ იმ სიკეთეებზე, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ახლა ხალხი აღარ იტანჯება უდენობით, უწყლობით, უგაზობით, რამდენი რამ აშენდა, გზები დაიგო და ა.შ. ჰო, ეს ყველაფერი საქართველოს ბევრი რეგიონისთვის გაკეთდა. მეტიც, კიდევ სხვა კონკრეტული პოზიტივების დამატებაც შეიძლებოდა (მაგალითად, ჩემთვის აქტუალურია, რომ მისაღები გამოცდების ორგანიზება განათლების ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. ამან უდავოდ მოშალა უმაღლეს სასწავლებლებში გამეფებული კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები). და, მართლაც, იქნებ უმადურობაა ამ სიკეთეების არხსენება და მიფუჩეჩება? მაინც მაღიზიანებს დედაჩემის ცოტა არაადეკვატური ოპტიმიზმი და ვახსენებ, რომ: ა) მისი პენსია 48 ლარს შეადგენს და რომ არა შვილების მიერ რეგულარულად გაწეული ფულადი დახმარება, სურსათით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, მტანჯველ შიმშილს და ავადმყოფობას თავს ვერ დააღწევდა; ბ) ჩრდილოეთ გერმანიაში (როგორც ეს ბარბარამ მითხრა) დღესაც ხელუხლებელია ჰიტლერის ხელისუფლების მიერ დაგებული გზები; გ) მისი საკუთარი ქალიშვილი (ჩემი და) უმუშევრობას ამერიკაში გაექცა და უკვე მეოთხე წელია, შავ შრომას ეწევა და ა.შ. თუმცა, ისიც მესმის, რომ დედაჩემისთვის ათვლის წერტილი სხვაა და იმ დროს უკავშირდება, როდესაც რუსთავს დენი საერთოდ, ან დღეში ორიოდე საათით ეძლეოდა, გაზი თვეობით არ იყო და სასმელ წყალს ეზოდან ეზიდებოდნენ. ჩემი ათვლის წერტილი კი სხვაა და საზოგადოების ისეთ მოდელს უკავშირდება, სადაც, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლების ავტონომიურობაა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ასეთი საზოგადეობა თავის წინაპირობად უთუოდ გულისხმობს საბაზისო მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას...
ტელეარხებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე არ მიდის. მათ წარმომადგენლებს ეკრანზე ისეთი გამომეტყველება აქვთ, თითქოს გარეთ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდეს, თითქოს ეს ხალხის რიგითი შეკრება იყოს. არავინ ფიქრობს, მიმართოს ათიათასობით ადამიანს, ანგარიში გაუწიოს მათ პროტესტს. პირიქით, ამ ფაქტს თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ, იმის დასადასტურებლად, თუ როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია. ამაზე დიდი ცინიზმი წარმოუდგენელია. მე კარგად მახსოვს, როგორ მგზავრობდა მეტროს მატერებლებით მიხეილ სააკაშვილი და ხალხს სთხოვდა, პრობლემურ საკითხებზე წერილები მიეწერათ მისთვის, ხალხს კი ამ პრობლემების გადაჭრას ჰპირდებოდა. ახლა ამდენი ადამიანი მთლად პრეზიდენტის კარზეა მისული, მას კი კარები საგულდაგულოდ აქვს ჩაგმანული. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი ერთგულად მისდევს იმ იდეოლოგიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკვე ოთხი წელია ახორციელებს. რა მაქვს მხედველობაში? დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში ნიკა გვარამიამ დაუფარავად განაცხადა: "ჩვენი ხელისუფლება არსებობს ხალხისთვის, მაგრამ ხალხისაგან დამოუკიდებლად" (მახსოვს, როგორ გააბრაზა ამ ფრაზამ ჩემი მეგობრები ლელა გაფრინდაშვილი და მემარცხენე გოგი გვახარია). რას ნიშნავდა მაშინ ეს განცხადება? ეს იყო ცალსახად გამჟღავნებული პრეტენზია იმისა, რომ "ვარდების რევოლუციამ" ხელისუფლების სათავეში მოიყვანა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შემუშავებული აქვს ქართული საზოგადოების პროგრესული განვითარების ეფექტური მოდელი ყველა სფეროში. ხელისუფლებამ ეს მოდელი დაჩქარებული ტემპებით უნდა განახორციელოს და არ იკითხოს (არ დაინტერესდეს), რამდენად მოდის თანხმობაში რეფორმების ეს კურსი საზოგადოებრივ აზრთან. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავდა იმას, რომ "ჩვეულებრივ" ადამიანებს არ გააჩნიათ მზაობა პროგრესული ცვლილებებისადმი, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ინტელექტუალურად დაბალ დონეზეა, ხელისუფლება ვერ დაელოდება საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებას და მან უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ გაითვალისწინოს საზოგადოების რეაქცია. ჩემთვის წარმოუდგენელია პოლიტიკური სნობიზმის ამაზე უფრო დიდი გამოვლინება. დღევანდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ახლაც ასე გრძელდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ "ჩვეულებრივი" ადამიანები. სხვათა შორის, ასეთი განწყობა უფრო "პოეტურად" გაამჟღავნა "ციდან მოსულმა" (მისივე სიტყვებია) და მთავრობის მომხრე პოეტმა დავით (დეფი) გოგიბედაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საქართველოში ერთ ჭკვიანზე ათი-თხუთმეტი იდიოტი მოდის?! რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
დღევანდელი დაძაბული დღის ერთგვარი განმუხტვა იყო გვიან საღამოს ჩემთან შეკრებილი მეგობრები: ჭიქა ღვინით გზა დავულოცეთ ლონდონში მიმავალ ბესო უზნაძეს (რომელმაც ცოტა ხნის წინ მეორე - ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო).

3 ნოემბერი, შაბათი
შაბათი დღის პირველი ნაწილის გატარება უნივერსიტეტში მომიწია. სოციალური მუშაობის სერტიფიცირების კურსის მსმენელებს კონსულტაციები გავუწიე კვლევით პროექტებთან დაკავშირებით. მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა, ამ ორგანიზაციებში სოციალური მუშაობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პრაქტიკის სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებით და სხვა.
რუსთაველის გამზირი კვლავ "ცხელ" ზონად რჩება. მძაფრდება ემოციები, მოწოდებები სულ უფრო მეტად ისტერიული ხდება... ხელისუფლება კვლავ აგრძელებს პოლიტიკური სნობიზმისა და ცინიზმის გამოხატვას, ცდილობს საღამოს 8 საათზე მოაწყოს "გრანდიოზული გალა-კონცერტი" (ასე წერია მოსაწვევში) "ლოკომოტივის" სტადიონზე, ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით...
"დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის" ქართული მარათონი გრძელდება. რას მოიტანს იგი? ამ წუთას რაიმე კონკრეტული და განსაზღვრული პროგნოზის გაკეთება უადგილოა. ეს სამწუხარო რეალობა თანაბარი ძალით შეიცავს სრულიად საპირისპირო მიმართულებებით მოვლენათა განვითარების შესაძლებლობას.
რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე?

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG