Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს მესამე სექტორი საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას ნოემბრის მოვლენებში?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრმა მატიაშ ერშმა, ვიდრე პრეს-კონფერენციას გამართავდა, გახსნა კონფერენცია

”ადამიანის უფლებები ვარდების რევოლუციის შემდეგ”, რომლის ორგანიზატორიც იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. ევროსაბჭოს წარმომადგენელმა კონფერენცია მალე დატოვა, რადგან მას პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი. სანამ მათიაშ იორში დარბაზს დატოვებდა, სიტყვით საქართველოს ომბუდსმენი სოზარ სუბარი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა:

[სოზარ სუბარის ხმა: იხ. აუდივერსია]

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შაბათს მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებს მიეძღვნა. მე შევეცადე გამერკვია, თუ როგორ აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას ნოემბრის მოვლენებში.

თავდაპირველად გეტყვით, რომ შაბათს გამართული კონფერენცია კარგა ხნით ადრე დაიგეგმა და მას სხვა საკითხზე უნდა ემსჯელა. თუმცა ნოემბერში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ამ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობის გრაფიკიც შეცვალა და პროგრამაც.
შაბათს შერატონ მეტეხი პალასში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მათი დიდი უმრავლესობის გაცხადებით, მათთვის ნოემბერში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ ყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს:

[ უჩა ნანუაშვილის ხმა] ” 2 წლის წინ, როცა ჩვენ ვაანალიზებდით მდგომარეობას, ერთ-ერთ ანგარიშს დავარქვით ”შემდეგი გაჩერება - ბელორუსია”. ეს ბევრს ეწყინა ხელისუფლებიდან და რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს ოფისში პოლიციის თანამშრომლებიც კი შემოვიდნენ.”

”კავკასიის ქალთა ქსელის” წარმომადგენელი ნინო ციხისთავი ამბობს, რომ ნოემბრის დასაწყისიდანვე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ცდილობდა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების დახმარებით, პოზიტიური ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე: მომზადდა რამდენიმე წერილი, რომელიც საელჩოებს გადაეცა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ზუგდიდში აქციის მონაწილეთა მიმართ გამოჩენილი სისასტიკე და მეგობარი ქვეყნების საელჩოებს მოვლენების ესკალაციის თავიდან აცილების თხოვნით მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

[ ნინო ციხისთავის ხმა] ”მათთვის ეს უნდა იყოს უპირველესი ნიშანი, რომ რაღაც მომენტში გადადგან უფრო მკვეთრი ნაბიჯი და დაასრულონ დახურული კარის დიპლომატიის ფორმები იმ კრიზისულ მომენტში, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უბედურება და კატასტროფა, რაც დღეს არის.”(სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოელ დიპლომატებს ე.წ. ქართული მოვლენებისადმი ზედმეტად დასავლური დამოკიდებულება აქვთ:

[ გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ბრიტანეთის ელჩთან ვიყავი იმ საღამოს, როცა ეს მოხდა. როცა იკითხა, ამდენ ხანს მიტინგი რატომ გრძელდებოდაო, ჩემი პასუხი იყო: არ არის დიალოგი და ხალხის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბრიტანეთში როცა ასეთი რამ ეწყობა, ხალხს აქვს საშუალება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.”

ნინო ციხისთავი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უახლოესი დღეების გეგმები უკვე გარკვეული აქვთ:

[ ნინო ციხისთავის ხმა] ”პირველ რიგში, ჩვენ უკვე დავგეგმეთ და დავიწყეთ ამის გაკეთება: ვაგროვებთ ყველა დოკუმენტურ მასალას და უნდა გამოვცეთ - ”7 ნოემბერი”, ასეთი სახელწოდებით - დიდი პუბლიკაცია.”

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ? - გიორგი ჩხეიძე ამბობს:

[ გიორგი ჩხეიძის ხმა] ”გაკვეთილი არის ის, რომ უფრო მობილიზებული უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც აქვს მზაობა და მანდატი. ძალიან ჭრელია როგორც პოლიტიკური, ისე არასამთავრობო სექტორი. თავისთავად ეს ცუდი არ არის, მაგრამ ისეთი მანდატის ორგანიზაციებს, რომლებიც კოალიციაში შედიან, სჭირდებათ მეტი კოორდინაცია, მეტი მზაობა და მეტი ინფორმირება საზოგადოების. საბოლოო ჯამში, ეს არის პრობლემა მონაწილეობის, დიალოგის და დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობისა ქვეყანაში. ჩვენ როცა ვამბობთ ”კარგი რეფორმები” - კარგია პატრულის რეფორმა, კარგია ეკონომიკური განვითარება... მაგრამ თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ შევქმნით, ელიტური მმართველობა აქამდე მიგვიყვანს.”(სტილი დაცულია)

”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ლევან გოგიჩაიშვილის ფორმულა, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან დემოკრატიული განვითარებიდან უკანსვლა, ასე ჟღერს:

[ ლევან გოგიჩაიშვილის ხმა] ” სანამ არ ჩაიდება სამოქალაქო კონტროლის გარანტიები, არანაირი აზრი არა აქვს, ნაციონალური მოძრაობა იქნება ხელისუფლებაში, ეროვნული საბჭო თუ ვინმე სხვა. ჩემთვის პირადად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.”
XS
SM
MD
LG