Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე ბიზნესის თემა წინასაარჩევნო კამპანიაში და დღეს არსებული რეალობა


იაფი კრედიტებით მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ამომრჩეველს პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი ჰპირდება.


ხელისუფლების განცხადებით, საქართველოში მცირე მეწარმეობის ბუმია - ამ მაჩვენებლით საქართველომ წარმატებული ეკონომიკის მქონე ესტონეთსაც კი გაუსწრო. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში მცირე მეწარმეობას, რატომ ასახელებენ მას პრეზიდენტობის კანდიდატები პრიორიტეტად და როგორია მცირე ბიზნესის პერსპექტივები.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] “ხელშეწყობაში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს დამწყებ იდეას და ადამიანს არავითარი გასაქანი არ აქვს. პირველი, რომ ვიღაცამ ასწავლოს და, მეორე, ვიღაცამ მისცეს იაფი ფული, რომ დაიწყოს.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძეც წინასაარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მცირე ბიზნესის განვითარებას. ის მოსახლეობას სთავაზობს იდეას ”ბიზნეს ინკუბატორისა”, სადაც ბიზნესის უფასო სწავლება და კონსულტაცია განხორციელდება. ამ პროგრამის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 20% გახდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 80% პროცენტი დასაქმდება.

ზოგადად ბიზნესის განვითარებაზე ბევრს ლაპარაკობს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, გია მაისაშვილი. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობას არც სხვა კანდიდატები უარყოფენ.

მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი კი ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ გზას სწორედ მცირე ბიზნესის განვითარებაში ხედავს. ბიზნესის ამ სახეობის ხელშეწყობა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ბოლო წლების მანძილზე გასაოცარი ინტენსივობით მიდის ახალი კომპანიების შექმნა საქართველოში. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის და არამარტო ჩემთვის. თუ არის შესაძლებელი ამ პროცესის კიდევ უფრო სტიმულირება, იმიტომ რომ, ბუნებრივია, ასეთი პატარა ზომის საწარმოების, ინდივიდუალურ მეწარმეთა ფენის გაზრდითაც, რაღა თქმა უნდა, წინ მიდის ეკონომიკა და დასაქმების პრობლემა იხსნება.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება ამ გასაოცარ ტენდენციას ლიბერალური რეფორმების შედეგად მიიჩნევს. იურიდიული პირის, კომპანიის თუ საწარმოს დაფუძნება-რეგისტრაციის გამარტივებამ ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა ტიპის მცირე საწარმოების მომრავლება გამოიწვია. ოფიციალური სტატისტიკით, ამ საწარმოთა კაპიტალბრუნვამ მხოლოდ ამ წლის მესამე კვარტალში 370 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო გამოშვებული პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ - 196 მილიონი ლარი. ეს საერთო ბიზნესის მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცირე მეწარმეების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”თუკი ეს მხოლოდ დეკლარაციის დონეზე არ იქნება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს ძალიან კარგი იქნება. ანუ ადამიანი, რომელიც არ არის ზარმაცი, ის აუცილებლად დასაქმდება.”

ამჟამად მცირე ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 72 ათასი პირი შეადგინა, რაც მთლიანად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 22 პროცენტს შეადგენს. სტატისტიკის დეპარტამენტის გაანგარიშებით, დასაქმებულთა ამ რაოდენობის საშუალო თვიური ხელფასი 214 ლარია.
XS
SM
MD
LG