Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს


7 იანვარს საქართველოში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

საზეიმო წირვის დასრულებისა და ზიარების მიღების შემდეგ მღვდელმსახურებმა და მრევლმა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ხატებით, ჯვრებითა და გალობით საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. ტრადიციის თანახმად, საზეიმო მსვლელობის - ალილოს - მთავარი მოქმედი პირები "მახარობლები" არიან. ისინი გალობით ახარებენ ყველა გამვლელს ქრისტესშობას და აგროვებენ სხვადასხვა სახის სანოვაგეს, რომელსაც მოგვიანებით, მსვლელობის დასრულების შემდეგ, ზრუნვას მოკლებულ ბავშვებსა და ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ.

[ისმის გალობა]

7 იანვარს საშობაო ლიტურგია საქართველოში მდებარე ყველა მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე დაიწყო და გამთენიისას დასრულდა. შობის ღამეს, კათალიკოს-პატრიარქის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებლებმა ფანჯრებში ანთებული სანთლები გამოდგეს.

[ილია მეორის ხმა] „ჩვენ ვეუბნებით ამ სანთლით, ჩვენთან შემოდიო, ჩვენთან იყავიო. ჩვენთან უნდა იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მე შევთხოვ უფალს, რომ ყოველი ადამიანის გულში იშვას მაცხოვარი.“

ქართველი მართლმადიდებლები შობას ყველაზე დიდ დღესასწაულად მიიჩნევენ. წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი იღუმენი ელისე ამბობს: რომ არა შობა, ადამიანი დარჩებოდა სამუდამო ცოდვაში. ქრისტეს დაბადებით ადამიანებს გაეხსნათ გზა უფლისკენ.

[იღუმენ ელისეს ხმა] „ვზეიმობთ იმ სიხარულს, რომელიც 2008 წლის წინ ბეთლემის გამოქვაბულში იზეიმა კაცობრიობამ და ანგელოზებმა უგალობეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

საქართველოში შობის დღესასწაული წარმოუდგენელია გარეშე ალილოსი, საზეიმო მსვლელობის, რომლის დროსაც სრულდება ქართული საწესო სიმღერა და გროვდება შემოწირულობები შეჭირვებული ადამიანებისთვის.

[იღუმენ ელისეს ხმა] „მთელი ქრისტიანული სამყარო თავისებური რიტუალური ფორმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ჩვენში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული იყო ალილოს ტრადიცია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო მივიწყებულ იქნა და მხოლოდ უკანასკნელ წლებში აღდგა. თითქოს ანგელოზები ულოცავენ საქართველოს მოსახლეობას მაცხოვრის დაბადებას.“

წელს საზეიმო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მისი ორგანიზება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორს დაევალა. ლევან წულაძის თქმით, კოსტუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობას რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის, თბილისის საჯარო და სასულიერო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ:

[ლევან წულაძის ხმა] „პირველები არიან სულ პატარები, რომლებიც განასახიერებენ ანგელოზებს, რომლებმაც პირველებმა ახარეს ქრისტეს დაბადება. შემდეგ მოდიან მწყემსები, შემდეგ სტიქაროსნები და მოდიან მოგვების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები.“

თბილისისათვის უჩვეულოდ ცივი ამინდის მიუხედავად, ალილოში მონაწილეობით გაიხარეს ბავშვებმა, რომელთა ნაწილი გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოძრაობდა, ნაწილი კი ურმებით გადაადგილდებოდა.

[მახარობლის ხმა] „ალილოა და ჩვენ აქედან მივდივართ სამების ტაძარში. ვეხმარებით მზურნველობამოკლებულ ბავშვთა სახლსა და მოხუცებს. ეს საჩუქრები მოსახლეობას მოაქვს, ვისაც რა შეუძლია.“

სამების საკათედრო ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე ქრისტეშობის მახარებლებს ძღვენით შეეგება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მომღერალი მეალილოები უყურადღებოდ არც რიგით თბილისელებს დაუტოვებიათ.

[ქალბატონის ხმა] „მოვიტანეთ კანფეტები, ხილი, ტკბილეული და ვულოცავთ შობას. შობა ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის და ყველა მართლმადიდებელი ერისათვის.“

[ისმის გალობა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG