Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ვის სთავაზობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობას” - ”რეზონანსი” ამ საკითხზე მოპოვებულ ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს:

”ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში და სერგი გვარჯალაძე - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გვარებმაც ოპოზიციის ეროვნული საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე გაიჟღერა. ოპოზიცია გუშინ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების საკუთარი კვოტის შევსებაზე მსჯელობდა. სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრები საგულდაგულოდ მალავდნენ ინფორმაციას შეხვედრის დეტალების შესახებ. დახურული შეხვედრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სწორედ მათ დასახელებას გეგმავს ოპოზიცია ”საზოგადოებრივის” სამეურვეო საბჭოში”, - წერს გაზეთი, რომლისთვისაც ოპოზიციონერ გია ცაგარეიშვილს განუცხადებია: ”მთავარია, რომ ეს ადამიანები საზოგადოების ნდობით სარგებლობდნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები იყვნენ პოლიტიკურად არაანგაჟირებულნი.”

”რეზონანსშივე” ქვეყნდება ინტერვიუ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, რომელიც ამბობს: ”მიუხედავად იმისა, რომ მე არ მჯერა მეორე ტურის რეალურობის, რაღაც შეუქცევადი უკვე მოხდა ჩვენს საზოგადოებაში და მიხეილ სააკაშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს.” მოგვიანებით იმავე ინტერვიუში ცინცაძე დასძენს: ”არა მგონია, ვერ ხვდებოდეს დღეს ბატონი სააკაშვილი, რომ ქართველი კაცისთვის მაძღრად ყოფნა არ არის მთავარი. არ ყოფილა მასობრივი სიღატაკე საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დროს, მაგრამ ხალხმა უყოყმანოდ აირჩია სხვა ფასეულობები”, - ამბობს სოსო ცინცაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას ნაადრევად მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. ”ეს შეთავაზება ნაადრევია და ამას ოპოზიცია არ მიიღებს. აბა, მაშინ ოპოზიცია რას ნიშნავს?! ამ თვალსაზრისით, ეს განცხადებები მხოლოდ პოპულისტურია. არ გამოვრიცხავ, ეს ემსახურებოდეს სულაც სხვა, ფარულ მიზანსაც - ამით შეასუსტოს და გახლიჩოს ოპოზიცია. ეს ნაბიჯი კი მისთვის მომგებიანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც”. ამასთან, გეგეშიძე არ გამორიცხავს თეორიულ შანსს მომავალი პარლამენტი სულაც ოპოზიციური იყოს, რაც, ერთი მხრივ, შესაძლოა, ქართული დემოკრატიის სიმწიფეზე მიანიშნებდეს, თუმცა, მეორე მხრივ, შეიცავს საფრთხესაც პოლიტიკური კრიზისის ალბათობის ზრდის თვალსაზრისით. არჩილ გეგეშიძესთან ინტერვიუს ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.

”როგორ შეაფასებთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ დიალოგს, აქვს თუ არა ამ წამოწყებას პერსპექტივა?” - ასეთი შეკითხვით ”24 საათის” კორესპონდენტი რამდენიმე ექსპერტს მიმართავს. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ მთავარია ამ დიალოგს, პოლიტიკურ ძალთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინებას არ შეეწიროს მთავარი ღირებულებები, არ შეეწიროს დემოკრატიის მშენებლობისკენ, ტოლერანტობისკენ, კრიტიკული აზროვნების დამკვიდრებისკენ მიმართული რეფორმები. ამ რეფორმების პროცესში შეცდომები ბევრია, მაგრამ მათი არსი სწორია და იგი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.”

”ოპოზიცია განწირულ გლადიატორს ემსგავსება” - ასეთი სათურით ქვეყნდება სვეტი, რომლის ავტორიც ფიქრობს, რომ რეალურ ძალაუფლებას დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ფლობს და ის ამ ძალაუფლებას არ იყენებს. ”ეს დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როცა ორი გლადიატორის ბრძოლაში ერთი ძირს გდია, ხოლო გამარჯვებული დიდსულოვნად უარს ამბობს მის მისაკლავებაზე, განწირული კი მომენტს ეძებს, რათა დრო იხელთოს და ზურგში ხანჯალი გაუყაროს გამარჯვებულს”. ”ახალი თაობის” მიმომხილველი დასასრულ დასძენს, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციას ორად ორი რამ სჭირდება - ერთობა და პრინციპულობა. ”ეს საკმარისია იმისთვის, რომ 2008 წელშივე კონსტიტუციურად და ლამაზად დასრულდეს საქართველოში დიქტატორებისა და ტოტალიტარული პარტიების პარპაში”, - წერს ”ახალი თაობა”.

ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ”ალიას” ფურცლებიდან შეერთებული შტატების 16 იანვრის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. დავით უსუფაშვილი ამბობს: ”ჩვენი გათვლებით, სააკაშვილმა მიიღო 47% და, ამერიკის შეერთებული შტატების აზრით, გაყალბება იყო უფრო ნაკლებ ოლქებსა და უბნებში, ვიდრე ამას ჩვენ ვამბობთ. აქ სწორედ ისაა საქმე, რომ ისინი არ თვლიან, რომ იყო სერიოზული დარღვევები. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრების გამოხატვის უფლება და სააკაშვილის თუ უფრო სჯერათ, ვიდრე ჩვენი, ეს გასაოცარი ფაქტი არ არის”, - ამბობს უსუფაშვილი ”ალიასთან” საუბარში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG