Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების გაუმართლებელი და გამართლებული დათმობების პოლიტიკა


ბოლო ორი თვეა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ყველა იმ მოვლენაზე თვალის დახუჭვა, რასაც ადრე, პროგრესის სახელით, დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდა.

კანონდება მახინჯი ლოჯიები და გარაჟები, გაუფორმებელი მიწის ნაკვეთები, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებს კვლავ მოედო სტიქიური ბაზრობები და აღარც სახელოვანი პატრული აქტიურობს ძველებურად საგზაო წესებისა თუ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. გავრცელებული მოსაზრებით, ასეთი დათმობები აიხსნება საქართველოს მმართველი გუნდის სურვილით, დაიბრუნოს პირვანდელი პოპულარობა მოსახლეობის თვალში და უკეთესი შედეგი აჩვენოს საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ინერცია ისეთი ძლიერია, რომ არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ სად გადის ზღვარი გაუმართლებელ და გამართლებულ დათმობებს შორის. მინდა დათმობის ახალი პოლიტიკის ქართულ სპეციფიკაზე გესაუბროთ.


ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომლის ურბანული განვითარების ტემპები ყველა სტუმარს სალაპარაკოდ ჰქონდა, ნელ-ნელა იბრუნებს მრისხანე 90-იანი წლების იერსახეს. სტიქიური ბაზრობები კვლავ აღმოცენდა იმ ადგილებში, საიდანაც მოვაჭრეები 2005-2006 წელს პოლიციის ძალით აყარეს. ქართველი მოხელეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ფარეხებისა და უშნო ლოჯიებისაგან ქალაქის გათავისუფლებას პირადად ხელმძღვანელობდნენ, ახლა უკვე საპირისპირო სტატისტიკით იწონებენ თავს. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე კი კვლავ ერთმანეთში აირივნენ ავტომანქანები და ქვეითად მოსიარულეები, როგორც ეს ძველ და კეთილ დროს იყო. ხელისუფლების მიერ ასეთი დათმობების ანატომია საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის გაუგებარია. ერთნი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი დათმობები სეზონურ ხასიათს ატარებს და გამიზნულია ფართო მასების გულის მოსაგებად საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი კახა კუკავა სხვა ჩანაფიქრსაც ხედავს:

[კახა კუკავა] ”ამის ახსნა ძალიან მარტივია. ის, რაც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ხელს შეუწყობს არჩევნებში გამარჯვებისთვის, ანუ სოციალური პაკეტი, მიიღება დაუბრკოლებლად. ხოლო ის, რაც, ფიქრობს რომ, ხელს შეუშლის მის არჩევნებში გამარჯვებას, ანუ დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა, ხდება ბარიერების საფუძველი. ეს 2003 წლის ტალღაზე მოსული ხელისუფლების დამახასიათებელი შტრიხი არის, რომ ყველაფერი, დაწყებული საგარეო პოლიტიკით და შპიონების დაჭერითა თუ აფხაზეთის ჩათვლით, აბსოლუტურად განიხილება არჩევნების კონტექსტში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების კომპრომისების პოლიტიკას ქართულ პრესაში რამდენიმე საყურადღებო პუბლიკაცია მიეძღვნა. ეკა კვესიტაძემ, გაზეთ ”24 საათის” ჟურნალისტმა, ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებში დაინახა სახიფათო კოლიზია ღირებულებებსა და კომპრომისებს შორის, რაც, ჟურნალისტის აზრით, 7 ნოემბრის შემდეგ რელიეფურად წარმოჩნდა.

”ახალი ღირებულებების დანერგვის თავისთავად რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა და იმ რადიკალურმა ფორმებმა, რომლითაც ის ამ ღირებულებათა დანერგვას ცდილობდა”, - წერს ეკა კვესიტაძე და იქვე კითხულობს, თუ რამდენად მართებულია დათმობების ის ტაქტიკა, რასაც ხელისუფლებამ საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად მიმართა.
ამ შეკითხვაზე პასუხი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძესაც აინტერესებს, რომელმაც ციხეში ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს შეიტყო, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში შეწყალებულ 450 პატიმარს შორის აღმოჩნდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები:
[ელენე თევდორაძე] ” ადამიანებს, რომლებიც ასე მასიურად იყვნენ შეწყალებულები, არ გაუვლიათ ჩვენი [შეწყალების] კომისია. და ამან გამოიწვია წყრომა პატიმრებში. შესაძლოა, ეს მათი საკუთარი ფანტაზიის მასალაა. ისინი ასე ვარაუდობენ, რომ ისინი მათ რაიონებში ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან და არა როგორც ქურდები.”(სტილი დაცულია)
ელენე თევდორაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქართული გაზეთები ვარაუდობენ, რომ ამ ე.წ. ავტორიტეტებს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენებს იმ მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან ფარულ ტრფობას ქუჩის რომანტიკისადმი.
აი, კიდევ ერთი ციტატა ეკა კვესიტაძის ზემოხსენებული სტატიიდან:
”ყველაფერმა ერთად,ანუ ობიექტურმა რეალობამ და დაშვებულმა შეცდომებმა, ხელისუფლება უზარმაზარი პროტესტის ტალღის პირისპირ დააყენა. დათმობები და კომპრომისები ამ ტალღის მოსაგერიებლად ერთადერთი გზა აღმოჩნდა, თუმცა ჯერ კიდევ ცხადი არ არის, სად გაივლის დათმობების ხაზი – ხომ არ გადაკვეთს ის პრინციპებისა და ღირებულებების მაგისტრალურ ხაზს. რადგან სწორია დათმობა და შეცდომების აღიარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მეტი პლურალიზმის დანერგვის მიზნით, მაგრამ სრულიად მიუღებელია დათმობა მათთან, ვისაც ფსევდოეროვნული ღირებულებებით მანიპულირება და "წითელზე" სიარული უნდა. და ეს არამხოლოდ პირდაპირი გაგებით.”

და მართლაც, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხელისუფლების გაუმართლებელი თუ გამართლებული დათმობების პოლიტიკამ? ნუთუ განმეორდება 1990 წელი, როდესაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ უმაღლესი სასწავლებლების კარებიც კი გაუღო უვიც აბიტურიენტებს, რათა ამით საპროტესტო მოძრაობის ტალღა შეეჩერებინა?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG