Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


“რას ელის საზოგადოება ’საზოგადოებრივი მაუწყებლისგან’?” ,

- ასეთი სიტყვათა თამაში დაედო საფუძვლად დისკუსიას, რომელიც 27 თებერვალს გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში. ”სიტყვათა თამაშს” თავისი გამართლება ჰქონდა: სამ თვეზე მეტია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს. თუმცა არავის აუხსნია, რას გულისხმობენ ”საზოგადოების დაკვეთაში” - ვინ განსაზღვრავს ამ დაკვეთას და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის მოთხოვნებზე უნდა ააგოს თავისი პროგრამები.

წესით და რიგით, ბიოლის ფონდში სწორედ ამ თემაზე უნდა გამართულიყო მსჯელობა, მაგრამ საჯარო დისკუსია უფრო ”ამხანაგურ სასამართლოს” დაემსგავსა - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” თავმჯდომარეს, თამარ კინწურაშვილს, თავის მართლება მოუხდა - თავის მართლება და შეცდომების აღიარებაც, პირველ რიგში, იმის გამო, რომ დოკუმენტური ტელეფილმი ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” აჩვენა - გაგახსენებთ, რომ ამ სურათში, რომელიც თითქმის ყველა არხმა გაუშვა ნოემბრის ცნობილი მოვლენების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებად იყვნენ წარმოდგენილნი.

[თამარ კინწურაშვილის ხმა] ”კარგი იყო ის კრიტიკა, რომელიც ამ ფილმს მოჰყვა, რადგან ტელევიზიების ხელმძღვანელები და პირადად მე დავფიქრდით... ასეთ შეცდომას მე არასდროს გავიმეორებ, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატა ჩემი უპასუხისმგებლობით, რომ არ ვნახე ეს ფილმი ეთერში გასვლამდე…ჩემი შეცდომა ისიცაა, რომ თავიდანვე არ დაიხურა არხი დროებით, რათა ამასობაში გვეფიქრა იმ რესურსზე, რომელიც არხს მაშინ არ ჰქონდა.”(სტილი დაცულია)

დისკუსიის დროს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკურ ბაზაზე ბევრი იმსჯელეს. სწორედ ტექნიკის დაბალი დონით ახსნა ტელევიზიის ხელმძღვანელმა გამოსახულების დაბალი ხარისხი. თუმცა, თამარ კინწურაშვილის თქმით, ტექნიკას ადამიანური რესურსების, პროფესიონალთა ნაკლებობაც დაემატა:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] ”წინა მენეჯმენტის პირობებში არსებობდა კორუფციული სისტემა, რომელიც საკმაოდ მომგებიანი იყო იმისთვის, რომ თანხები, რომელიც ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი, გადაქაჩულიყო გარეთ, კერძო სტუდიებში, და ეს სტუდიები გაძლიერებულიყვნენ... ცხადია, არის ადამიანური რესურსების პრობლემაც. ჩვენ არაერთი კონკურსი ჩავატარეთ, მაგრამ ბევრი ეგრეთ წოდებული ”ვარსკვლავი ჟურნალისტი” კონკურსში მონაწილეობას არ ინდომებდა. მთავარი მიღწევა მაინც ის იყო, რომ დაბალანსებული საინფორმაციო გადაცემა გვქონდა.”(სტილი დაცულია)

”დაბალანსებული საინფორმაციო გადაცემა დღევანდელ საქართველოში” - შესაძლებელია, ეს ”ბალანსი” სულაც არაა მაყურებლის მოთხოვნა, იმ მაყურებლისა, რომელიც შეჩვეულია კერძო არხების მიერ მომზადებულ პოლიტიკურ ტოკ-შოუში გადაუმოწმებელ ინფორმაციას და პოლიტიკოსების ”კორიდას” ტელესტუდიაში? ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ, შესაძლებელია, საინფორმაციო გადაცემების სიუჟეტებში ბალანსი დაცული იყოს, მაგრამ სიუჟეტს სიმწვავე არ მოაკლდეს:

[ეკა კვესიტაძის ხმა]”რეიტინგი, ფაქტია, რომ არ ჰქონდა ამ არხს. რითი ავსნით რეიტინგის სიმცირეს - იმის გამო, რომ ნდობა არ ჰქონდა საზოგადოებას თუ იმის გამო, რომ არ იყო საინტერესო გადაცემები? - ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” ყველა საშუალება ჰქონდა, რომ კარგი ”საინფორმაციო” გაეკეთებინა, რადგან კანონი იცავს მის სარედაქციო დამოუკიდებლობას... პრინციპში ეს იყო ყველაზე დაბალანსებული არხი, მაგრამ ბალანსი არ გამორიცხავს სიმწვავეს - ”საზოგადოებრივის” საინფორმაციო გადაცემებს კი სიმწვავე აშკარად აკლდა, ჰქონდა პრობლემები იმისა, რომ ყოფილიყო საინტერესო პროგრამა.”(სტილი დაცულია)

აქ ისევ იბადება კითხვა, რომელზეც, შესაძლებელია, მართლაც არ არსებობს ცალსახა პასუხი - ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” რეიტინგი თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ რა საჭიროა ტელევიზია, რომელსაც მაყურებელი არა ჰყავს? რატომ უნდა გადაიხადოს ასეთ ტელევიზიაში ფული საზოგადოებამ? თამარ კინწურაშვილის ოპონენტების თქმით, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ტელევიზიამ დაკარგა კონტაქტი თავად საზოგადოებასთან:

[ეკა კვესიტაძის ხმა] ”რაღაც პერიოდში თითქოს კლუბური არხი გახდა - ადამიანები, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ გადაცემაში, წარმოდგენილნი იყვნენ მცირე ჯგუფად -ერთ წრეში ტრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სრულიად მისაღებია ამ ადამიანების ღირებულებები, მაინც მგონია, რომ ჩაიკეტა არხი ერთ ჯგუფში... რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როცა საზოგადოებრივი არხი გახდა ვაჭრობის საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია.”

როცა საზოგადოებასთან კონტაქტი დაკარგულია, ბუნებრივი ხდება, რომ ტელევიზია პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვაჭრობის საგანი ხდება - ამტკიცებს ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:

[ზვიად ქორიძის ხმა] ”მე არ მახსენდება რომელიმე გადაცემა ან სიუჟეტი, თუნდაც ”მოამბეში”, რომელმაც საზოგადოებაში დიდი დისკუსია გამოიწვია, რომლის გამო თუნდაც აქ საშუალება გვქონდა შევკრებილიყავით და გვეკამათა. კომუნიკაციის დაკარგვის ნიმუში იყო 4 ნოემბრის ღამე, როცა არხმა ინტერვიუ შემოგვთავაზა პრეზიდენტთან, როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ წელს საქართველოში პირველად დაიწყო მწნილის წარმოება. საზოგადოება სხვას ელოდებოდა არხისგან და მას სხვა შესთავაზეს.”(სტილი დაცულია)

ამაში ყველა შეთანხმდა: მომხსენებელთა აზრით, დღეს როცა საზოგადოებრივ ინტერესზე ლაპარაკობენ, პოლიტიკური პარტიები ამ ინტერესში, როგორც წესი, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესს გულისხმობენ. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანი ხდება სამეურვეო საბჭოს როლი - სწორედ საბჭომ უნდა დაიცვას არხი ნებისმიერი ზეწოლისგან. მაგრამ, თამარ კინწურაშვილის თქმით, საბჭოს დაკომპლექტება და ვაკანსიების შევსება პარლამენტის და პრეზიდენტის პრეროგატივაა, დიდი ხნის განმავლობაში კი ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, ფაქტობრივად, განახევრებული და უმოქმედო საბჭოს ფონზე უხდებოდა მუშაობა.

და ბოლოს, მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ზვიად ქორიძემ დასვა ამ დისკუსიის დროს: მისი თქმით, დღევანდელ მედიაში იგრძნობა მედიის მენტორად გადაქცევის ტენდენცია, რაც, ქორიძის აზრით, განსაკუთრებით სწორედ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მუშაობაში გამოიკვეთა - ხელისუფლება იხატება როგორც ნოვატორი, ახალი ინიციატივების შემომღები, და მას ვერ უგებს საზოგადოება:

[ზვიად ქორიძის ხმა] ”მაგრამ მენტორის მიღება უჭირს საზოგადოებას. საზოგადოება აქეთ გვთავაზობს დისკუსიის რეჟიმს, სთხოვს მედიას, მეც გავხდები თანამონაწილეო. და თუ არ შესთავაზებ ამ მოდელს საზოგადოებას და დატოვებ თამაშგარე მდგომარეობაში, ძალიან იოლია მან არ მიგიღოს და დარჩე თამაშგარე მდგომარეობაში. ეს დისკუსია კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, სწორედ ამ დისკუსიის დროს გაირკვა, რომ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აპირებს კენჭი იყაროს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.






  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG