Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა?


საერთაშორისო ორგანიზაციებთან,

ევროპისა და ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გეზი აქვს აღებული საქართველოს მთავრობას და ამაში ოპოზიცია, მცირე სეგმენტის გარდა, მხარს უბამს. მაგრამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა არ აძლევს ამ ინტეგრაციის საშუალებას საქართველოს, რომლის პრობლემები, საშინაო და საგარეო, ევროკავშირს და ასევე ნატოს იმის საფუძველს აძლევს, რომ მისთვის დასავლეთთან დაახლოების გზის გახსნა არ დააჩქაროს.

10 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ბრიუსელიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, კავშირი საქართველოს მიმართ რუსეთის არამეგობრული ნაბიჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, მაგრამ რაიმე კონკრეტული დახმარების გაწევას არ აპირებს. გუშინვე, “ფრანცპრესის” სააგენტოს თანახმად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე თქვა, ეს შეუძლებელიაო. რატომ არის შეუძლებელი, ამაზე ქვემოთ. თუმცა წევრობამდე გასავლელია გზა, რომლის შესახებაც რადიო "თავისუფლების” სტუმარმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, კურტ ვოლკერმა ილაპარაკა.

სხვათა შორის, 10 მარტს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე, რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის გამო შეშფოთება გამოხატეს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კავშირს არა აქვს განზრახული ამ ეტაპზე დამატებითი დახმარება გაუწიოს საქართველოს. ევროკავშირის ახლანდელმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარო საქმეთა მინისტრმა დმიტრი რუპელმა თქვა, რომ რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გარკვეულ პარალელს ავლებენ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან. რუპელის თანახმად, ეს თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს არც ამჯერად განუხილავთ.

შეხვედრის წინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა თავისი შიში გამოხატა იმის გამო, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ნაბიჯს, და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორს მუვუწოდეთ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისა და განცხადებებისგან, რომელიც დაძაბავს ვითარებას რეგიონში და დაემუქრება ნდობის კლიმატს, თბილისსა და მოსკოვს შორის და ასევე თბილისსა და სოხუმს შორის რომ გაჩნდა.”

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ ნინო ბურჯანაძემ ჩვენს რადიოს უთხრა, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ამზადებსო. ბურჯანაძე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, ასევე ბენიტა ფერერო ვალდნერსა და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს და მათ თავისი შეშფოთება გაუზიარა.

ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ კოსოვოს გამოძახილი მოჰყვება. კერძოდ, სერბიისგან ოლქის ცალმხრივი გამოყოფის თაობაზე რუსეთი აცხადებდა, ეს პრეცედენტია მთელი მსოფლიოს სეპარატისტებისთვისო. თუმცა, ამის ფონზე, კავშირი ვერაფერს სთავაზობს, პირდაპირი დახმარების სახით, საქართველოს.
დიპლომატები ბრიუსელში აცხადებენ, რომ კავშირის ასეთ პასიურობას ნაწილობრივ ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ამასწინანდელი პოლიტიკური მღელვარების გამო შეშფოთება. ამასთან, იგივე პასიურობა ევროკავშირისა საქართველოს მიმართ აიხსნება რუსეთის ფაქტორით: ბრიუსელს არ სურს დაუპირისპირდეს მოსკოვს და მის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს. ეს, რაც შეეხება სეპარატიზმსა და რუსეთს.

ევროპის კავშირის ბევრი წევრი საქართველოსთან არც სავიზო რეჟიმისა და ვაჭრობის სფეროში შეღავათების შემოღებას ემხრობა, ქვეყნის შიდაპოლიტიკური მოვლენების გამო.

საქართველოსთვის მხარდაჭერის მთავარმა ინიციატორებმა, პოლონეთმა და შვეციამ, თებერვალში წერილი მისწერეს სხვა წევრებს, კავშირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომზადებაში უნდა დაეხმაროსო. ამავე წერილში ლაპარაკი იყო ვაჭრობასა და სავიზო სფეროში შეღავათების თაობაზე საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკების მალე დაწყების შესახებ. პოლონეთი და შვეცია სათავეში უდგანან ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის იმ წევრებს აერთიანებს, თავს “საქართველოს მეგობრებს” რომ უწოდებენ. ამ ჯგუფში შედის ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბულგარეთი და რუმინეთი. მაგრამ მათ რაოდენობით სჯაბნის სკეპტიკოსთა ჯგუფი, ევროკავშირის ძველი წევრები, რომლებიც საქართველოსთან დაახლოებას ამუხრუჭებენ.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეულია სავიზო რეჟიმის საკითხი, რადგან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეთა 70 პროცენტს რუსეთის პასპორტები აქვს. რუსეთს ევროკავშირთან უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება ვიზის გამარტივებული მიღების თობაზე და ეს განსხვავება საქართველოს პასპორტის მქონეთ უარეს პირობებში ამყოფებს, ვიდრე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებთ. კავშირის ზოგი წევრი მოითხოვს, რომ საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის შემოიღოს პირადობის დამადასტურებელი, ეგრეთ წოდებული “ბიომეტრული “, საბუთები, რაც, საქართველოს მეგობარი ქვეყნების აზრით, არაა სამართლიანი მოთხოვნა, რადგან თვითონ კავშირში ყველა ქვეყანას არა აქვს ამგვარი საბუთები და არც რუსეთთან მოლაპარაკების დროს იყო ასეთი პირობა. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, არც ამ სფეროში შემდგარა რაიმე გარიგება. ევროკავშირი საქართველოს საკითხს დაუბრუნდება მხოლოდ მაისში, მანამდე კი იქნებ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა განსაზღვროს ევროკავშირის განწყობა.

10 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ეჭვი გამოთქვა ნატოში ისეთი ქვეყნების გაწევრიანების თაობაზე, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ბერლინში, გერმანიის არმიის მეთაურების შეხვედრაზე, მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ ან შინა კონფლიქტებში არიან ჩართული, არ შეიძლება შეუერთდნენ ალიანსს.

ზემოთ ითქვა, რომ რადიო ”თავისუფლებამ” ინტერვიუ ჩამოართვა კურტ ვოლკერს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს. აი, რა განაცხადა მან საქართველოსა და უკრაინის ალიანსთან ურთიერთობის თემაზე:

[კურტ ვოლკერის ხმა] "არის ქვეყნები, საქართველო და უკრაინა, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას, დაუახლოვდნენ ნატოს. და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სწრაფვას. ასე რომ, ჩვენგან მათ უნდა მოისმინონ პასუხი "დიახ", ანუ ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ მივესალმებით საქართველოსა და უკრაინის სწრაფვას."

შეკითხვას, თუ რა ფორმები არსებობს ნატოს წევრობის მსურველებთან ურთიერობისა, რადიოს სტუმარმა ასე უპასუხა:

[კურტ ვოლკერის ხმა] "ნატოში მოქმედებს ინტენსიური დიალოგის პროგრამა, რომელიც გაწევრიანების ასპექტებს ეხება. ორივე ქვეყანა წევრია ამ პროგრამისა. ნატოს აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც, რომელიც გაწევრიანების მსურველთა დახმარებას ისახავს მიზნად. სხვა ოფიციალური გზები არ არსებობს. მაგრამ თავიც რომ დავანებოთ ტექნიკურ მხარეზე საუბარს, სრულიად აშკარაა ამ საკითხის შინაარსობრივი მხარე: საქართველოსა და უკრაინას სურთ ნატოსთან დაახლოება, ხოლო ჩვენი სურვილია მათთვის დახმარების აღმოჩენა. დანარჩენი ბუქარესტში გამოჩნდება. შევთავაზებთ მათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? ასეთ გადაწყვეტილებებს ნატო კონსენსუსის გზით იღებს. თუ ეს ბუქარესტში არ მოხდა, საქმის არსი უცვლელი დარჩება: მათ გამოხატეს სურვილი დაგვიახლოვდნენ, ხოლო ჩვენ მათი დახმარება გვინდა."

ამბობს კურტ ვოლკერი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
სხვაგვარად ფიქრობს რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი, რომლის განცხადებითაც, საქართველოს სეპარატისტული რეგიონები მაშინვე დაიწყებენ გამოყოფის ნამდვილ პროცესს, როგორც კი ნატო საქართველოს სიგნალს მისცემს გაწევრიანების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და დმიტრი როგოზინის მოსაზრებაზე რეაქცია არ გამოუხატავს. ამ განცხადებებამდე, კვირას, საქართველოს პრეზიდენტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ ვართ ნახევარ ნაბიჯზე იქიდან, რომ დავიწყოთ გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ესე იგი მსოფლიოს იტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში. სამ კვირაში წყდება ეს საკითხი და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG