Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის მანძილზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაში

მიმდინარე პროცესებმა შიდა პოლიტიკური მოვლენები დაჩრდილა. რუსეთის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვის შესახებ საზოგადოების ყურადღება მოსკოვისკენ მიმართა. მოსკოვის ნაბიჯებზე რეაგირებისთვის საქართველოს პარლამენტიც მოემზადა, თუმცა ეს მზაობა მზაობადვე დარჩა. სამაგიეროდ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეძლო, ოპოზიციამ კი შიმშილობის აქცია განაგრძო. მინდა ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გესაუბროთ.

რუსეთის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთისთვის სანქციების გაუქმების თაობაზე საქართველოს პასუხი პარლამენტმა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მოამზადა და ბიუროს სხდომაზეც განიხილა.

პარლამენტში მიაჩნიათ, რომ რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეთანხმებებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას კომენტარი:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”საერთაშორისო სამართლის ნორმებია დარღვეული და, აქედან გამომდინარე, ირღვევა გაეროს რეზოლუციები. ანუ სამართლებრივი კონსტრუქცია რუსეთის ამ ქმედების შემდეგ ამ კონფლიქტურ ზონასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მოიშალა.”

შოთა მალაშხიას მიერ ნახსენები სამართლებრივი კონსტრუქცია ეყრდნობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ შეთანხმების სახელწოდებაა: "აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ". მის საფუძველზე აფხაზეთის მიმართ სხვადასხვა სახის ეკონომიკური თუ სამხედრო შეზღუდვები და სანქციები დაწესდა.

მიუხედავად მზაობისა, საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადების მიღება კვირის ბოლოსთვის გადადო - იმ დროისთვის, როცა რუსეთის დუმაში აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთისთის საკითხის განხილვა დასრულდებოდა.

მანამდე მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე თანამშრომლობისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
თუმცა ოპოზიციის ერთი ნაწილისგან, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობს, ცივი უარი მიიღო, მეორე ნაწილმა კი საპარლამენტო თანამშრომლობის აზრი ვერ დაინახა. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის დავით ზურაბიშვილის კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”არც ერთ ამ დადგენილებას შედეგი არ მოჰყვება და მე ვურჩევდი უმრავლესობის წევრებს დაუბრუნდნენ იმ საკითხს, რომელიც ჩვენმა ფრაქციამ თავის დროზე დააყენა - ეს არის დსთ-დან გამოსვლა.”

ოპოზიციის ამ მოწოდებაზე საპარლამენტო უმრავლესობას მსჯელობა არ გაუმართავს, მოგვიანებით კი მსჯელობა არც კვირის დასაწყისში მომზადებული სპეციალური განცხადების შესახებ გაიმართა. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის სათათბიროს არ მიუღია არავითარი გადაწყვეტილება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით.

სათათბიროში შედგა მსჯელობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მოთხოვნის გარშემო - რუსეთმა აღიაროს ისინი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შემუშავებული იქნეს გარკვეული რეკომენდაციები რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

რუსეთის პარლამენტის დეპუტატებმა 13 მარტს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობის გაღრმავების ზომებზე იმსჯელეს. სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტმა პარლამენტარებს შესთავაზა რეკომენდაციები, რომლებიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რეგიონებში რუსეთის დიპლომატიური მისიების გახსნას ითვალისწინებს. ამ ნაბიჯების გადადგმამდე დუმამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეგრეთ წოდებული ”გადადებული სტატუსი” მიანიჭა.

რუსი ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, უახლოეს მომავალში კრემლი მოერიდება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვა მოსკოვში მოქმედი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის კავკასიის ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა:

[მიხაილ ალექსანდროვის ხმა] "პირადად მე არა მგონია, საქმე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალურ აღიარებამდე მივიდეს. უწინარეს ყოვლისა, ჩვენი მხრიდან არალოგიკური იქნებოდა კოსოვოს პრეცედენტის წინააღმდეგ გამოსვლა და, ამავე დროს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის აღიარება. ეს სრულიად მოკლებული იქნებოდა ლოგიკას და დიდად აზარალებდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს დიპლომატიურ პოზიციას."

კრემლის ამგვარი პოზიციით უკმაყოფილოები არიან სეპარატისტული რეგიონების ლიდერები, მათ შორის, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა:

[სერგეი შამბას ხმა] ” ჩვენ ასეთი ფორმულირება არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, როცა რუსეთმა უნდა გადადგას გაცილებით თამამი ნაბიჯები. ”

გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო სათათბიროში სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობის თემას ახლო მომავალში - კერძოდ კი, 19 მარტს -დაუბრუნდებიან.

ოფიციალური თბილისი ვარაუდობს, რომ რუსეთის დუმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს აღარ დაუბრუნდება და საქართველოს პარლამენტის სპეციალური განცხადებაც პროექტად დარჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის კომენტარი:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მოაახლოებდა ამ რეგიონების არათუ აღიარებას... მე იმედი მაქვს, ჩვენს რუს კოლეგებს ეყოფათ ელემენტარული პოლიტიკური კეთილგონიერება და არ გადადგამენ ასეთ ნაბიჯებს.”(სტილი დაცულია)

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა საქართველოს ნატოსთან დაახლოების საკითხთანაა გადაჯაჭვული. ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში კომპრომისს არ დაუშვებს.

ამ საგარეო პოლიტიკური აქტივობების ფონზე კვლავაც გრძელდებოდა ოპოზიციის შიმშილობის აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის გარეთ, კარვების ქალაქში, და თავად პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებ ოთახში. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას მოითხოვს. მმართველმა უმრავლესობამ კი გასულ კვირას ოპოზიციის მოთხოვნების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

159 ხმით საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონი, რომლის შინაარსიც იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას განმარტებიდან ჩანს. მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ოთხი წლითა და შემდეგი კომპოზიციით უნდა აირჩეს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „75 პროპორციული და 75 მაჟორიტარი წევრი. რაც შეეხება ამ ცვლილებების მეორე ნაწილს, შედის ცვლილება 50-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში, ყალიბდება 5 პროცენტიანი ბარიერი, ნაცვლად შვიდპროცენტიანისა, და მეორე ადგილზე გასული პარტია აღარ ფიგურირებს.“

ოპოზიცია ამ მოდელს კატეგორიულად არ ეთანხმება, რადგან ფიქრობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს აძლევს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა გიგა ბუკიამ ხელისუფლებას ის საფრთხე შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერებს ოპოზიციისა და, შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ემუქრებათ:

[გიგა ბუკიას ხმა] „თქვენ გვაიძულებთ, უფრო სწორად, აიძულებთ ხალხს, რომ წავიდეს რევოლუციის გზით. ეს იქნება ვარდების თუ ყვავების რევოლუცია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ნუ იზამთ ამას, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს დაეკისრება.“

პარლამენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოპოზიციონერებმა კონსტიტუციური კანონის მიღებით გამოწვეული რისხვა პარლამენტის შენობისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემოვლებით გამოხატეს.

[ზვიად ძიძიგურისა და მომიტინგეების ხმები] „ეს პარლამენტი უნდა წავიდეს! ეს მაჟორიტარებიც, რომლებიც მუდმივად მათხოვრულ მდგომარეობაში არიან, უნდა წავიდნენ. წადით! წადით! წადით!“’

ოპოზიციონერების ეს მოწოდება გასულ კვირაში მოწოდებად დარჩა და, შესაბამისად, ვერც შიმშილობის აქცია დასრულდა.
XS
SM
MD
LG