Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტპატიმრად?


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მტკიცებით, საპატიმროებში კვლავ რჩებიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები,

რომლებიც სასჯელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრობის გამო იხდიან. თუმცა ამ ბრალდებას უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მტკიცებითაც, საქართველოში ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია და, კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში დღემდე არავის უფიქრია პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის კრიტერიუმებზე, ანუ იმაზე, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტპატიმრად. ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „კოალიცია დემოკრატიისათვის“, რომლის ძალისხმევის შესახებაც მინდა დღეს გესაუბროთ.

არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები? ამ შეკითხვას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულად უპასუხებენ, თუმცა ორიოდე თვის წინ, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მემორანდუმი გამოაქვეყნა, მასში მაინც შევიდა პოლიტპატიმართა საკითხი. პასუხად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმართა სია მოითხოვეს, თუმცა, დეპუტატ კახა კუკავას თქმით, დღემდე რჩებიან პატიმრობაში ის ადამიანები, რომლებსაც კანონი არ დაურღვევიათ:

[კახა კუკავას ხმა] „დღეს ქართულ ციხეში ზის ავთო ტაკაშვილი, რომელმაც ნოემბრის მოვლენების დროს ჩამოხსნა ”ბადრიონეტების” პლაკატი. ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის ბრალდება და ყველაფერი ეფუძნება ერთ რამეს: პოლიტიკურ მოტივაციას.“


როგორც კახა კუკავას ნათქვამიდანაც ჩანს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუჭირდათ შეთანხმება იმაზე, თუ ვის შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი. ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მხარეებს პოლიტიკურ პატიმართა სიის დადგენა არ გაუჭირდებოდათ, ხელთ რომ სათანადო განმარტება ჰქონოდათ:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას კრიტერიუმებზე, ანუ განმარტების დონეზე შევთანხმდეთ, ვინ შეიძლება იყოს პოლიტპატიმრად მიჩნეული, და ამისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტად გამოვიყენოთ ევროსაბჭოს მიერ უკვე მიღებული და შემუშავებული კრიტერიუმები.“

მაინც რა კრიტერიუმებზეა ლაპარაკი? ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დემოკრატიისათვის“ ხელმძღვანელობს იმ კრიტერიუმებით, რომლებიც 2001 წელს ევროპის საბჭოსათვის ცნობილმა ექსპერტებმა შეიმუშავეს:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „აქ არის მოცემული ხუთი საფუძველი, რის დადგომის შემდეგაც შეგვიძლია პიროვნება მივიჩნიოთ პოლიტპატიმრად. ესენია: აღმსარებლობის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ინფორმაციის თავისუფლება, ეს არის შეკრებების თავისუფლება და ეს არის გაერთიანებების თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ბათიაშვილი წარმოადგენდა პოლიტპატიმარს გამოხატვის თავისუფლების კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ ის აზრი, რომელიც მან დააფიქსირა, მაშინ ჩაითვალა ანტისახელმწიფოებრივ აზრად და ის მიეცა პასუხისგებაში და იხდიდა სასჯელს.“(სტილი დაცულია)

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პოლიტიკური პატიმრის მკაფიო დეფინიცია ხელ-ფეხს გაუხსნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მეტი შემართებით შეეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებათა დარღვევებს. ნინო ციხისთავი კი, კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის გარეშე ვერ იქნება სამოქალაქო მშვიდობა:

[ნინო ციხისთავის ხმა] „ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება უნდა გახდეს ის ქვაკუთხედი, რომელიც გააერთიანებს მთლიანად საზოგადოებას. საზოგადოებაში ძალიან დიდია ინტერესი, დიდია მოლოდინი და ჩვენი მხრიდან ეს არის მთავარი მიდგომა, რომ გამოკრულ დეფინიციაზე ხელმოწერებით დავადასტუროთ, რომ ეს არის ის განმარტება, რასაც ვეყრდნობით.“(სტილი დაცულია)

განმარტების თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება ადამიანი, რომელიც დაპატიმრებული იქნება სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ პირობებში. ასევე პოლიტიკურად ჩაითვლება მოტივი, თუ იგი უკავშირდება პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობას, პოლიტიკური სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ კამპანიებში მონაწილეობას და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის დასადგენად იმუშავებს კომისია, რომელშიც, როტაციის წესით, მიწვეული იქნებიან ავტორიტეტული ექსპერტები. და კიდევ:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია, რა თქმა უნდა, ეს არ არის სამართლებრივი დეფინიცია, ეს არის საზოგადოების შეფასება კონკრეტულ პატიმრობასთან დაკავშირებით. მარტო იურისტების თემა არ არის ეს და მარტო იურისტების შესაფასებელი არ არის. მთელი საზოგადოება უნდა აფასებდეს კონკრეტულ დაპატიმრებას.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG