Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვალა თუ არა „ბოდიშის კამპანიამ“ ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა


ზუსტად ერთი წლის წინ, 2007 წლის გაზაფხულზე, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წამოიწყო

ომის საწინააღმდეგო კამპანია „ჰათამზაით“, ანუ „ბოდიში“, რომლის მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონფრონტაციული ურთიერთობის მშვიდობიანი დიალოგით შეცვლაა. კამპანიის ორგანიზატორები არ დასჯერდნენ მხოლოდ მიმართვის ტექსტის გავრცელებას და ერთი წლის თავზე გამოსცეს გაზეთი ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო ინტერნეტის მომხმარებლებისათვის შექმნეს ოთხენოვანი ვებგვერდი apsni.org.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 15 წელი გავიდა, მაგრამ, ამდენი დროისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეები დღემდე ვერ თანხმდებიან კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებზე. შესაბამისად, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების მომავალი თხუთმეტი წლის შემდეგაც ბუნდოვანია. ომი თუ მშვიდობა? - ერთმნიშვნელოვანი არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა.

[მამაკაცის ხმა] „ოთხი მანქანა დავუტოვე, ბატონო ჩემო, სახლი, აგარაკი. კიდევ ჩვენ უნდა მოვუხადოთ ბოდიში?“

[მამაკაცის ხმა] „ვერ მოვუწოდებ ვერავის, ვერც ჩემ და ვერც სხვის შვილებს, რომ ომი დაიწყონ და ის გაიმეორონ, რაც 1992 წელს მოხდა.“

[მამაკაცის ხმა] „უომრად გამორიცხულია, არაფერს მოგცემს ის კაცი. რატომ მოგცემს?“

უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და ”ბოდიშის კამპანიის” ინიციატორი კი ამბობს, რომ ომითა და წართმევის მუქარით კონფლიქტი ვერ მოგვარდება. მისი აზრით, აფხაზებისა და ქართველების შესარიგებლად მონანიება, შეცდომების აღიარებაა საჭირო:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი თუნდაც იმისათვის, რომ თავის დროზე ვერ შევაჩერეთ ომი, ვერ შევეწინააღმდეგეთ იმ პროცესებს, რომელმაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ პროცესებისათვის, რომელმაც მოიტანა დღევანდელი დღე და ამაში არის ქართული საზოგადოების წვლილიც.“

პროვოკაციებზე წამოგებამ, როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, ჯამში, რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივას არ იწონებს ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი და, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „თურმე ჩვენ ბოდიშები იქით უნდა ვიხადოთ. ბოდიში რისთვის, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს? ბოდიში იმისთვის, რომ პატარა ბავშვები გაყინეს უღელტეხილზე და ზღვაში სამგზავრო თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ბოდიში რისთვის?“

და მარლაც, ვინ და რისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში? ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ კამპანია არ ითვალისწინებს ბოდიშის მოხდას სისხლის სამართლის დამნაშავეებისათვის. ეკა ქევანიშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ონლაინ გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ”ბოდიშის კამპანიასთან” დაკავშირებით ინტერნეტში გამოქვეყნებული მოსაზრებები შეაგროვა.

[ეკა ქევანიშვილის ხმა] „მე მახსენდება ერთი აფხაზის ფრაზა, რომელმაც დაწერა, რომ როდესაც სოხუმში ეს მიმართვა აფხაზურ ენაზე ჩამივარდა ხელში, ვერ დავიჯერე, რომ ქართველებმა ჩემს ენაზე დამიწერეს მსგავსი მიმართვა და ჩემს ენაზე მომიხადეს ბოდიშიო. მახსოვს ასევე შვილმკვდარი დედის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ მზად ვარ ბოდიში მოვუხადო იმ აფხაზ დედას, რომელსაც ომში მოუკვდა შვილი, მზად ვარ ამ ნაბიჯზე წავიდე იმისათვის, რომ რაღაცნაირად ჩვენ შორის სიყვარული და მეგობრობა აღდგესო.“(სტილი დაცულია)

სწორედ იმისათვის, რომ მეგობრობა და ურთიერთობა აღდგეს, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა, ”ბოდიშის კამპანიის” პარალელურად, შექმნა ოთხენოვანი ვებგვერდი - აფსნი ორგ, რომელიც მომხმარებელს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას ქართულ, რუსულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე სთავაზობს. თეა თოფურია, ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი, ამბობს, რომ საიტის კეთებისას წააწყდნენ სიძნელეს:

[თეა თოფურიას ხმა] „როგორც გაირკვა, აფხაზური შრიფტით და აფხაზურ ენაზე საიტების გაკეთება არის ძალიან ძნელი, სოხუმშიც კი უჭირთ, მაგრამ მაინც გაკეთდა იმიტომ, რომ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა დავლაპარაკებოდით ამ ხალხს თავიანთ ენაზე. ჩვენ მართლაც ვზრუნავთ მათი ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის და ეს არ არის ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხი.“(სტილი დაცულია)

თუმცა ერთია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა და მეორე - ამ ძალისხმევის შედეგი. რეზო ბენდელიანი, რომელიც ქართულ აფხაზური შერეული ოჯახების კავშირს წარმოადგენს, ხშირად სტუმრობს სოხუმს.

[რეზო ბენდელიანის ხმა] „მიიღეს ეს ბოდიში? არ მიუღიათ! მე რამდენადაც ვიცი, აფხაზებს უკვე ბოდიშის მოსმენაც არ აინტერესებთ. ამბობენ, დრო გავიდა, დააგვიანეთ ბოდიშის მოხდაო.“

რეზო ბენდელიანი იმასაც ამბობს, რომ ომის დაწყებამდე შერეული, ქართულ-აფხაზური ოჯახების რაოდენობა 41 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ, ამგვარი მჭიდრო ნათესაური კავშირების მიუხედავად, ომის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. რეზო ბენდელიანი მიიჩნევს, რომ, ისევე როგორც 15 წლის წინ, აფხაზური საზოგადოება ამჯერადაც რუსეთის ძლიერ ზეწოლას განიცდის და ქართველების ბოდიში თუ სხვა სახის ძალისხმევა, როგორც წესი, მათთვის შეუმჩნეველი რჩება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG