Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო უწყება აფხაზეთში მშვიდობისდამცველების გაზრდას გეგმავს?


მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო სტრუქტურები მკაცრად გმობენ მოსკოვის მიერ ბოლო ხანს გადადგმულ ნაბიჯებს,

რუსეთის სამხედრო უწყებამ დღეს განაცხადა, რომ აპირებს გაზარდოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების რაოდენობა. რამდენად აძლევს რუსეთს ამის უფლებას არსებული მანდატი და, საერთოდ, როგორია ოპერატიული ვითარება კონფლიქტის ზონაში?

რუსეთის ხელისუფლების მთელი სამხედრო-დიპლომატიური რესურსი მეორე კვირაა მობილიზებულია იმ საერთაშორისო ზეწოლის გასანეიტრალებლად, რომელიც თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას და ქართული უპილოტო თვითმფრინავის განადგურებას მოჰყვა. კრემლის არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ნაცნობია. სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობებს სეპარატისტულ რეგიონებთან რუსი პოლიტიკოსები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით ამართლებენ; აი, ქართული უპილოტო თვითმრინავი კი აფხაზეთის თავზე არა რუსულმა მოიერიშე ”მიგ 29-მ”, არამედ აფხაზეთის ავიაციის კუთვნილმა ”ლ-39-მა” ჩამოაგდო.

სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების ვიდეოკადრები ცხადად მოწმობს ”რუსულ ხელწერას”:

[ამირან სალუქვაძე] ”უპილოტოდან პირდაპირ არის დაფიქსირებული, თუ როგორ მიდის იერიშით ”მიგ -29” მასზე, უშვებს რაკეტას, რაკეტა ხვდება მიზანს პირდაპირ ვიდეოკამერაში. მე შენელებულზე ეს კადრები ვნახე ძალიან ბევრჯერ. კიდევ არის ჩვენი რადარის, აქტური რადარის ინფორმაცია, რომელიც დასავლეთ საქართველოში დგას. თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთიდან, განახორციელა საბრძოლო ამოცანა და გაფრინდა უკან რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მონაცემიც არის.”

29 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო აგრძელებს ასევე დამატებითი ძალების კონცენტრაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, დამატებითი ძალები გადასროლილია ასევე კოდორის ხეობაში. ”საარმიო და პოლიციური ძალების საერთო რაოდენობა კოდორის ხეობაში 1500 კაცს აღემატება”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კოდორის ხეობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნდა იმყოფებოდეს მძიმე საარტილერიო დანადგარები და ნაღმსატყორცნები. საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ზემო აფხაზეთში არ იმყოფება თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და მძიმე სამხედრო ტექნიკა. თუმცა, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა,სამხედრო უწყება აქტიურად აკვირდება სიტუაციის შემდგომ განვითარებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით და იმოქმედებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

[ბათუ ქუთელია] ”აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქმედებებს განახორციელებს რუსეთი. აქ არ არის ლაპარაკი რიტორიკაზე. თუ კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, ბუნებრივია, ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოსახლეობა. და გავაკეთებთ ზუსტად იმდენს, რმადენიც საჭირო იქნება, რომ მოსახლეობა იყოს დაცული.”

მოსკოვი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. საქმეში 29 აპრილს უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩაერია, რომელმაც ოფიციალური წარმომადგენლის პირით სამშაბათს განაცხადა, რომ ”მკაცრ და ადეკვატურ პასუხს გასცემს ქართული მხარის ნებისმიერ მცდელობას გამოიყენოს ძალა რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.” რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების გაზრდა კონფლიქტის ზონებში. ამ განცხადების ირგვლივ რადიო ”თავისუფლებამ” მოკლე სატელეფონო კომენტარი ჩაიწერა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისაგან:

[თემურ იაკობაშვილი] ”შეუძლიათ!”
[კობა ლიკლიკაძე] ”და რას ნიშნავს ეს?

[თემურ იაკობაშვილი] ”კარგს - არაფერს!”

საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო-დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას ზოგიერთი რუსი ექსპერტი პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით სამხედრო წრეებში შექმნილ საშიშ მოლოდინს უკავშირებს. დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი არც იმას გამორიცხავს, რომ გენერალური შტაბის უფროსი გამოხატავდეს იმ სამხედრო ელიტის აზრს, რომელიც ძალიან გაანაწყენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დამთბარმა რიტორიკამ დასავლეთის მიმართ, რაც ბუქარესტის ნატოს სამიტზე აშკარად თვალშისაცემი იყო.

[პაველ ფელგენგაუერი] ”საერთოდ, ჩვენი სამხედროებისათვის დიდ იმედგაცრუებად იქცა ის, რომ სადღაც ბოლო თვის განმავლობაში კრემლის პოლიტიკა შეიცვალა და გახდა უფრო მშვიდი და მეგობრული დასავლეთის მიმართ; შერბილდა რიტორიკა და ისინიც[სამხედროებიც] განაწყენდნენ. ეს გასაგებია. ისინი, სამხედროები, ფიქრობდნენ, რომ გაძლიერდებოდა კონფრონტაცია დასავლეთთან, დაიწყებოდა გამალებული შეიარაღება და მასობრივი გადაიარაღება, ერთი სიტყვით, ფული წამოვიდოდა.”

1992-92 წლებში რუსეთსა და საქართველოში პოპულარული იყო ორი - ცუდი და კარგი - რუსეთის მითი. მაგრამ კარგი რუსეთის არსებობას სულაც არ შეუშლია ხელი ცუდი რუსეთისათვის, დახმარებოდა აფხაზ სეპარატისტებს საქართველოს წინააღმდეგ. თბილისს ისტორიის განმეორების ეშინია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური რესურსიც და სამხედრო ნაწილებიც საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს. უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ასევე ვიყოთ ძალიან გამბედავები, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG