Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა პრაღაში


პრაღაში სამი დღე გაგრძელდა

ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ყოველი წლის მაისში იმართება და რომელშიც სასმელების მწარმოებელი რამდენიმე ასეული ფირმა მონაწილეობს ხოლმე.
ეს გამოფენა, პირველ რიგში, სასმელის მოყვარულთა ზეიმია და, როგორც ირკვევა, სიმღერისაც. მომღერალ მორავიელთა მოძრავი გუნდი შესვენების გარეშე ართობდა იქ მყოფთ. ჩემი იქ ყოფნისას ხომ თვითონ ვიხილე და შემდეგ მითხრეს, ასე იყო ყოველდღეო. დილიდანვე იწყებოდა სტუმრების მოსვლა. ისინი თითქოს გემოს უსინჯავდნენ სასმელს, არამხოლოდ დათრობის სურვილით. ყოველ შემთხვევაში, ისე იქცეოდნენ, თითქოს გემოს სინჯავდნენ, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ სასმელი უყვართ და უყვართ იმის გამო, რომ კარგ ხასიათზე აყენებთ. ამაში კი დასაძრახი, აბა, რა შეიძლება იყოს?

ჩემი თანამოსაუბრე ჩეხეთში საქართველოს ღვინის ქარხნის წარმომადგენლის, ფირმა “გედევანის”, თანადირექტორია, ილია ჟღენტი. მასთან საუბრისას იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ბევრი ასეთი, უბრალოდ, სასმელის მოყვარული ხალხი მოდის აქ, მაგრამ არიან ამგვარ ტიპებს შორის გულწრფელი ადამიანები, რომლებიც მოდიან, ჩამოდგებიან და როცა დაუსხამ, გადაკრავენ და მიდიანო. ასეთები ქმნიან ალკოჰოლიანი სასმელების მომხმარებელთა მთელ არმიას და სწორედ მათი მიზიდვა სურს “თელიანი ველის” აქაურ წარმომადგენელს, “გედევანს”, რომელიც, სამასამდე სხვა ფირმასთან ერთად, თავის მხრივ, საქართველოს ღვინოს, სპირტიან სასმელს, ასევე ბორჯომის მინერალურ წყალს სთავაზობს სტუმრებს. ამ სტუმრების ერთი კატეგორია მოკლედ დაგიხასიათეთ. მეორენი, და, ვინ იცის, უფრო სანუკვარნიც, არიან პოტენციური პარტნიორები - ისინი, ვინც ბაზარზე გასატანად ქართულ ღვინოსა თუ ბრენდის შეისყიდის. ილია ჟღენტი ამბობს, რომ ჩეხეთში დეგუსტაციის დროს ქართული ღვინო მოწონებას იმსახურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იყიდება.

(ჟღენტის ხმა)
“ვინც სინჯავს, ყველას მოსწონს, ყველა აღფრთოვანებულია: ჩვენ არ ვიცოდით, რომ ქართული ღვინო ესეთი გემოვნებიანია, ასეთი ისტორია აქვს ქართულ ღვინოსო. ყველას მოსწონს, მაგრამ შემდგომ ამას არაფერი არ მოსდევს.” (სტილი დაცულია)


ჩემი თანამოსაუბრე “გედევანის” სტენდთან მოსულ სტუმრებს უმასპინძლდებოდა. თან ვსაუბროდით ევროპაში - პირველ რიგში, ჩეხეთში - ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ საჭირბოროტო თემებზე. იმაზეც მელაპარაკა თანამოსაუბრე, როგორ და რას ცდილობს ფირმა თავისი პროდუქტისთვის ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად.

(ჟღენტის ხმა)
“ჩვენ არ ვიშურებთ, ყოველ შემთხვევაში, არც სახსრებს და არც ფიზიკურ ძალას, არც კონტინგენტს, რაც გაგვაჩნია ჩვენი შტატი. იქიდან გამომდინარე, ყოველნაირად ვცდილობთ, შევიდეთ ქსელურ მაღაზიებში, რომელიც ითხოვს კოლოსალურ თანხებს ყოველნაირ სახეობაზე. არანაირ გარანტიას არ იძლევიან გაყიდვაზე, ეს არის შემდგომი ეტაპი მოლაპარაკებისა, მთავარია დათანხმდეს ჯერ. მაგრამ ამაზეც არ თანხმდებიან, უბრალოდ, უარს ამბობენ ქართული ღვინის მიღებაზე.”(სტილი დაცულია)

ქართული ღვინის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ - უბრალოდ, უცნობ და არასარფიან პროდუქტად მიიჩნევენ, თუკი მის ფასსაც გაითვალისწინებთ. ცნობილია, რომ ევროპის ბაზარი მიაქვს ფრანგულ, იტალიურ თუ ოკეანის გადაღმიდან იმპორტირებულ იაფ ღვინოს.

პრაღაში, მაგალითად, მხოლოდ ერთი-ორ ადგილას შეგიძლიათ შეიძინოთ “თელიანი ველის” პროდუქტი. ეგრეთ წოდებულ რუსულ მაღაზიებში არის ღვინის სხვა მწარმოებლის ნაწარმი, მაგრამ უსაშველოდ ძვირი.

“გედევანის” ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ არც ერთი ქართველი მათ სტენდს არ სტუმრებია. ჩემს იქ ყოფნაში ასევე არ გამოჩენილან და მითხრეს, მანამდეც არ ყოფილან საქართველოს აქაური წარმომადგენლობის თანამშრომლებიც კიო. საელჩო იქით იყოს, ევროპაში ქართველი მეღვინეეები ერთმანეთს კონკურენციას რომ უწევდნენ, ესეც არ იქნებოდა ცუდიო, ამბობს ილია ჟღენტი:

(ჟღენტის ხმა)
“ქართული ღვინის სახელის გამოტანაში ევროპასა და ჩეხეთში დაგვეხმარებოდა, კონკურენტი რომ ყოფილიყო ჩვენთვის გინდაც “ბადაგონი”, გინდაც ნებისმიერი სხვა ქართული ღვინო. ერთმანეთს დავეხმარებოდით, უბრალოდ, იმაში, რომ ქართული ღვინის სახელი და ხარისხი გამოჩენილიყო ჩეხეთის ბაზარზე, გინდაც სლოვაკეთის ბაზარზე.”(სტილი დაცულია)

ღვინო არის ერთი თემა. განსხვავებული სპეციფიკა აქვს ქართულ ბრენდის. მას ჩეხეთში “გრუზინიაკს” უწოდებენ და იცნობს ძველი თაობა - აი, მაგალითად, ეს ბატონი.

(მამაკაცის ხმა)

და ასეთები ბევრნი არიან, როგორც გითხარით, ძველი თაობა, ვისაც ახსოვს, როგორც ეს ბატონი ამბობს, რომ ”გრუზინიაკი” კარგი იყო და კარგი დარჩა. “გრუზინიაკი” კი განსაკუთრებულ პატივშია ჩეხეთში, ამას ბაზარი უჩვენებს ქართველ ბიზნესმენებს.
(ჟღენტისა ხმა)
“დიდი აქცენტი გავაკეთეთ ჩვენ “გრუზინიაკზე”, იმიტომ რომ დაპატენტებული გვაქვს ჩეხეთში “გრუზინიაკის” სახელი, როგორც ასეთი. სხვა, ჩვენს გარდა, ვერ წარმოადგენს ამ სახელით, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ვერ გაყიდის ამ ბრენდის, ხელშეკრულებით გვაქვს ჩვენ “სარაჯიშვილის” ქარხანასთან და “სარაჯიშვილი” გვისხამს, ჩვენი შეკვეთით, “გრუზინიაკს”, რომელიც ხუთწლიანი არის და, ფასთან შედარებით, საკმაოდ ხარისხიანი არის.” (სტილი დაცულია)

ღვინის მოყვარულთა შორის ერთი, თავის დროზე აფხაზეთიდან წასული, რუსი სტუმარი გამოჩნდა, რომელმაც იცის, რომ სტალინი ქინძმარაულს სვამდა.

(მამაკაცის ხმა)

როცა ამ ქალბატონისთვის შეკითვხვის დასმა დავაპირე, მორავიელ, ჩეხეთის რესპუბლიკის მეღვინეობის მხარის მომღერალთა გუნდმა თავისებური ხალხური სიმღერა დააგუგუნა ღვინოზე. ამ სიმღერის ფონზე ეს ქალბატონი აქებს “საფერავს”, მუხის კასრებში დაყენებულს, და ამბობს, რომ ეს საქმე ესმის და საფერავი ძალიან კარგია.

(ქალის ხმა)

თამამად და კეთილი განწყობით მოვიდნენ “გედევანის” დახლთან, პრაღაში ღვინისა და სპირტიანი სასმლების გამოფენაზე, ეს რუსი სტურები, რომლებიც ბენზინის ბიზნესით არიან დაკავებული და გულწრფელად მიიჩნევენ ქართულ ღვინოს საუკეთესოდ. თუმცა წელიწადში ერთხელ აქ, პრაღაში, თუ გავსინჯავთ - საერთოდ კი, ძვირიაო. მე ვკითხე, მაშ ბენზინით რიღასთვის ვაჭრობთ, თუკი ძვირფასი ღვინის ყიდვა არ შეგიძლიათ-მეთქი, და გაიცინეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG