Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე ორად გაყოფილი ქვეყნისთვის


საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 90 წელი გავიდა. თუმცა, იძულებითი გასაბჭოებით გამოწვეული ისტორიული წყვეტის გამო,

საქართველოში 26 მაისი ოფიციალურ დღესასწაულად წელს მეოცედ აღინიშნა, მაგრამ ვერც საზეიმო ფეიერვერკი, ვერც სამხედრო აღლუმი და გალა-კონცერტები ვერ მალავს იმ ეროვნულ უთანხმოებას, რაც 26 მაისს ისტორიულად დაებედა და რაც 90 წლის წინ დამოუკიდებლობის გაქრობის მიზეზი გახდა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს, ისტორიკოსების თქმით, იმჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს ეროვნულ საბჭოს -სახელმწიფოს განვითარების კანონზომიერებამ და რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ უკარნახა. ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეა ეროვნულ-დემოკრატებს ეკუთვნოდა, რასაც მხარი რუსეთზე ორიენტირებულმა მმართველმა სოციალ-დემოკრატებმაც დაუჭირეს, ნოე ჟორდანიას მეთაურობით:

[ჯაბა სამუშია] “ეს კარგად ჩანს, თუ იმ პერიოდის ქართულ პრესას თვალს გადავავლებთ: დაახლოებით 1916 წლიდან პოლიტიკური გაზეთების მთავარი ლოზუნგი არის ასეთი: ”გაუმარჯოს საქართველოს ავტონომიას”. და როგორც კი თებერვლის რევოლუცია მოხდა, უკვე გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ შეგვექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთს გამოვყოფოდით; უკვე გაზეთების მთავარ ლოზუნგად იქცა, ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ” (სტილი დაცულია)

დამოუკიდებელ სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობის რამდენიმე აუცილებელი ნიშანი სჭირდება. პირველ ყოვლისა, ეს არის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. ისტორიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანად დაისახა სახელმწიფოს საზღვრების დადგენა:

[ჯაბა სამუშია] ”საქართველო პრეტენზიას აცხადებდა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ეს არის ტერიტორია, რომელიც მოიცავდა სოჭიდან მოყოლებული, ჰერეთის ჩათვლით, ქვემოთ ლორეს ჩათვლით და თურქეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, საზღვარს უნდა გაევლო თითქმის ოლთისთან, ანუ ტაოზე და ლაზისტანიც ითვლებოდა საქართველოს შემადგენლობაში. სწორედ ამ საზღვრებში მოითხოვა 1919 წელს საქართველოს დელეგაციამ ერთა ლიგის წინაშე საქართველოს ცნობა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ერთა ლიგამ ეს პრეტენზიები არ ცნო. 1918 წელს გამოცხადებულმა ქართულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მხოლოდ სამი წელი იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით, ბოლშევიკური ამბოხებებით დასუსტებულმა და მძლავრი მოკავშირეების გარეშე დარჩენილმა დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა შეწყვიტა. 26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისტორიის კალენდრიდან ამოიშანთა. თუმცა საქართველოში დარჩენილი მცირერიცხოვანი პატრიოტები და, განსაკუთრებით, ქართული ემიგრაცია გულში ინახავდა 26 მაისის იდეალებს და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც საქართველო ჩრდილოეთის მარწუხებს თავს დააღწევდა. საფრანგეთში მცხოვრებმა ოთარ პატარიძემ, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა და გაიზარდა, 26 მაისს ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” დილის ეთერში გაიხსენა ქართველი ემიგრანტების სიმღერა, რომელიც მეტეხის ციხეში 86 წლის წინ შეიქმნა:

[ოთარ პატარიძე] ”ერთად წავიდეთ ბრძოლაში,
სამფერის დროშით ფრიალით.
ჩავლეწოთ ციხის კარები,
საქართველოდან ავლაგმოთ
ცივ ჩრდილოეთის ჯარები.”

”ცივი ჩრდილოეთის” აღგვას 72 წელი დასჭირდა. 1990 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა უზენაესმა საბჭომ, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 1991 წლის 26 მაისს საქართველოში ახლად შექმნილი ეროვნული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. 17 წლის წინ ეროვნულ სტადიონზე გამართულ აღლუმში მონაწილეობდა კაპიტანი ჯანო გაგოშიძე, რომელიც ამჟამად პენსიაში იმყოფება.

[ჯანო გაგოშიძე] ”ფაქტიურად, ხალხი ვინც იყო ჩემს ირგვლივ, ჯარში შესული იყო გამსახურდიას გულისთვის, იმიტომ რომ მაგის მომხრეები ვიყავით თავიდან და აღტყინებულები ამით. მერე, მაგ აღლუმის მეორე დღეს, გვარდიაში ერთი 500 კაცამდე მოვიდა და უნდოდათ გვარდიაში ჩაწერა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნის პირველი 26 მაისის დღესასწაული საქართველოში სასტიკი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე აღინიშნებოდა. 1990-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია იხსენებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ზვიად გამსახურდია ნაციონალური იდეის უზურპირებაში დაადანაშაულეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები მან დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია:

[გიორგი ხოშტარია] ”პრინციპში სწორი იყო, იმიტომ რომ პრეზიდენტის სტატუსი უფრო შეეფერებოდა დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინაც, როგორც სხვა დროს, ამ შეცდომას ყოველთვის ვუშვებთ: პრეზიდენტს ეძლევა გაფართოებული უფლებები, რითაც, როგორც წესი, მაინცდამაინც კარგად არ სარგებლობენ.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების უთანხმოება სულ მალე სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1992 წლის 26 მაისს ქვეყანა უკვე დანგრეული რუსთაველის პროსპექტით და სამოქალაქო ომით შეხვდა. აქედან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაებედა ორმაგი აღნიშვნა: ხელისუფლება ზეიმობს, მისი ოპონენტები კი 26 მაისს საპროტესტო მსვლელობებით ხვდებიან. ამ მხრივ, 2008 წლის 26 მაისი ცუდი ისტორიული ტრადიციის ყველაზე უფრო დრამატული სცენარით წარიმართა: საქართველოს ხელისუფლებამ, ოფიციალურმა სტუმრებმა და ჯარმა სულ რაღაც 10 წუთით გაასწრეს თავისუფლების მოედნიდან ოპოზიციის მრავალათასიან მომხრეებს და ამით თავიდან აიცილეს შეტაკება, რაც სახელმწიფო დღესასწაულს სამუდამოდ შებღალავდა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG