Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასიზმი რუსეთში: ნაწილი მეორე


განვაგრძობთ ციკლს, რომელიც დღევანდელ რუსეთში უაღრესად მწვავედ მდგარ პრობლემას - რასიზმს - ეძღვნება.

ამ პრობლემის ერთ-ერთი შემაძრწუნებელი გამოვლინება გასული წლის აგვისტოში ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იყო, რომელიც ნეონაცისტების მიერ ორი მამაკაცის - დაღესტნელისა და ტაჯიკის - სიკვდილით დასჯას ასახავდა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაადასტურა, რომ ჩანაწერი ნამდვილია. გენპროკურატურის ამ განცხადებამდე ნათესავებმა ერთ-ერთი მსხვერპლი ამოიცნეს. რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახური დაუკავშირდა ნეონაცისტების მსხვერპლი დაღესტნელი მამაკაცის ოჯახს. გთავაზობთ რეპორტაჟს:

არტურ უდამანოვი თავის დაკარგულ ძმას დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ეძებდა. ერთ დღესაც მან ინტერნეტში შემთხვევით ნახა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფის მიერ ორი არასლავური წარმოშობის კაცის სიკვდილით დასჯას ასახავდა.

არტურმა მაშინვე იცნო თავისი ძმა, რომელიც ჩანაწერში ჯერ მეორე მამაკაცის გვერდით დაჩოქილია ნაჩვენები. მოქმედება ტყეში ხდება. ორივე ტყვე გაკოჭილი და პირაკრულია. ცხადდება, რომ ერთი მათგანი დაღესტნელია, მეორე - ტაჯიკი. კადრის სიღრმეში მოჩანს დროშა, რომელზეც ნაცისტური სვასტიკა ხატია.

არტურის და შამილის მამა, უმაჰან უდამანოვი, ამ ამბავს ასე იხსენებს:

[უდამანოვი]
”ძმამ ის ინტერნეტით ამოიცნო. მას [ფირზე] ძმის ნაჩუქარი ქურთუკი და მაისური ეცვა.”

შემდეგ ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთი ნიღბიანი შამილთან მიდის და მას დანით კვეთს თავს. ეს შოკისმომგვრელი სცენა წუთ-ნახევრის განმავლობაში გრძელდება.

მეორე ტყვეს თავში ტყვიას ესვრიან და ასე კლავენ. ჩანაწერის ფინალურ სცენაში ორი ნიღბიანი მამაკაცი ხელს მაღლა სწევს და ნაცისტურ სალამს იძლევა.

ეს ჩანაწერი ულტრანაციონალისტურ ვებგვერდებზე თავდაპირველად გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. მაშინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, რომ ჩანაწერი დადგმული ან დამონტაჟებული იყო და გამოძიება არ დაუწყიათ.

ის, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული მოვლენები რეალური იყო, ოფიციალურმა პირებმა მხოლოდ მიმდინარე წლის 5 ივნისს აღიარეს, იმის მიუხედავად, რომ არტურმა თავისი ძმა რამდენიმე თვით ადრე ამოიცნო. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი შამილ უდამანოვი იყო - დაღესტნელი მამაკაცი, რომელიც მოსკოვში გასულ წელს სამუშაოს საძიებლად ჩავიდა. მეორე მსხვერპლის ვინაობა კვლავაც უცნობია.

პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ჩანაწერის ერთი ნაწილი ქალაქ კალუგასთან ახლოსაა გადაღებული; ჯერ კიდევ დასადგენია სად გადაიღეს ჩანაწერის ბოლო ნაწილში ასახული სიკვდილით დასჯის სცენები.

მაგრამ შამილის ოჯახისთვის ეს გამოძიება დიდი ვერაფერი ნუგეშია. უმაჰან უდამანოვის თქმით, მისთვის უმძიმესია ის, რომ საკუთარი შვილის დასაფლავებაც კი არ შეუძლია:

[უდამანოვი]
”შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე - მათ, მგონი, მოსკოვში გაგზავნეს წერილი. ზუსტად არც ვიცი, რას აკეთებენ. მათ მე ერთ რამეს ვთხოვ - იპოვონ მისი გვამი ან რაიმე, რის დასაფლავებასაც შევძლებდი.”

დაღესტანში, სოფელ სულთანიანგიურტში, მცხოვრები უდამანოვების ოჯახი რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს შამილის სიკვდილის გამოძიებისთვის არასაკმარის მუშაობაში ადანაშაულებს.

უდამანოვების მეზობელი, რაზიატი, ამბობს, რომ ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში და დიდი ძალისხმევით ეძებდა შამილს, რომელმაც რუსეთის დედაქალაქს სამუშაოს საძიებლად სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მალევე მიაშურა:

[რაზიატი]
”რა თქმა უნდა, ვიცნობდი; ჩემს თვალწინ გაიზარდა. ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ. ბავშვები უდედოდ გაიზარდნენ - დედა ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. ცხრა შვილი ჰყავდათ. მამა მშვიდი, წყნარი ოჯახის კაცია, მავნე ჩვევების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან წუხდნენ, ეძებდნენ. ძმა მოსკოვშიც წავიდა მის საძებნელად.”

შამილის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ შესაბამისმა სტრუქტურებმა საქმე მხოლოდ მას შემდეგ აღძრეს, რაც მისმა მამამ მაშინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მისწერა წერილი, დახმარების აღმოჩენის თხოვნით.

არტურ უდამანოვის თქმით, გამომძიებლებმა ის აპრილში მოსკოვში დაიბარეს და უთხრეს, რომ მკვლელობის ადგილს მიაგნეს, თუმცა იქ მკვლელობის კვალი არ აღმოჩნდა. ნეონაცისტების მსხვერპლი ახალგაზრდა მამაკაცის ძმა გაკვირვებულია, რომ გამომძიებლებს მისთვის სისხლის ანალიზი არ ჩაუტარებიათ, დანაშაულის ადგილას აღმოჩენილ მტკიცებულებებთან შედარების მიზნით.


გასულ წელს ინტერნეტით გავრცელებული ამ შემაძრწუნებელი ვიდეოჩანაწერის ისტორია მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ პრობლემისა, რომელიც უაღრესად მწვავედ დგას დღევანდელ რუსეთში. საუბარია რასიზმზე - ადამიანების ჩაგვრაზე, მათზე ძალადობაზე კანის ფერის, ეთნიკური წარმოშობის ან რელიგიური კუთვნილების გამო. მარტო მიმდინარე წელს რასობრივმა ძალადობამ რუსეთში 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რადიო ”თავისუფლება” მიმდინარე კვირის განმავლობაში გააგრძელებს ამ პრობლემისადმი მიძღვნილ ციკლს - ასე რომ, გვისმინეთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG