Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო საზოგადოება საშუალებას არ მისცემს რუსეთს, რომ შექმნას ორპოლუსიანი სამყარო


”საერთაშორისო საზოგადოება საშუალებას არ მისცემს რუსეთს, რომ შექმნას ორპოლუსიანი სამყარო და სახსრები დაიხარჯოს ბალანსის შენარჩუნებისთვის.

ასე რომ, რუსეთი არ არის ისეთი დამოუკიდებელი თავის ნაბიჯებში, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას უარყოს ის შიშის კომპლექსი, რაც რუსეთის მიმართ გააჩნია”, - ეს გახლავთ ნაწყვეტი ინტერვიუდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავიასთან. მას ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”24 საათის” ავტორი კი წერს: ”სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკის რეალობა გაცილებით უფრო მიწიერი და რთულია, ვიდრე ჩვენ გვინდა, რომ გვჯეროდეს”, - მიმომხილველი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის რამდენიმე დღის წინ ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და წერს, რომ ”კისინჯერის ”რეალპოლიტიკა” ლოგიკურ საყრდენს რუსეთ-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პოულობს - ორი ქვეყანა მსოფლიო ბირთვული იარაღის 90 პროცენტს აკონტროლებს და ამერიკას ძალიან ესაჭიროება რუსეთის დახმარება ახლო აღმოსავლეთსა და ირანში. ამ საკითხებში ორი დიდი სახელმწიფოს თანამშრომლობა პრინციპში შესაძლებელია. ამერიკასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი უთანხმოების საგანი, კისინჯერის აზრით, რუსეთის ყოფილი სატელიტების - პირველ რიგში - უკრაინის მომავალია”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

კონფლიქტებთან დაკავშირებით ”კვირის ქრონიკის” კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს: ”მთელი ეს პროცესი იმაზეა გათვლილი, რომ ემოციამ იმძლავროს და ყველაფერი ყელში ამოგვივიდეს. საკმარისია, ამ მიმართულებით ნერვებმა გვიმტყუნოს, დასავლეთს არგუმენტები ხელიდან გამოეცლება და უცებ რუსეთის პირისპირ დავრჩებით, მხარდაჭერა რეზოლუციების დონეზეც კი აღარ გვექნება.”

დღევანდელი გაზეთები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დაგეგმილი ფონდის პრეზენტაციას ეხმაურებოდნენ. ”ბურჯანაძის გეგმა” - ასეთია ”რეზონანსის” სათაური პირველ გვერდზე. ”უცნაურია ოპოზიციის იმ ნაწილის მოლოდინი, ვინც ფიქრობს, რომ შემოდგომაზე სოციალური პრობლემების გამო ხალხი ქუჩაში გამოვა და ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება”, - წერს ავტორი და იქვე დასძენს: ”ვინ იცის, იქნებ, სწორედ მოთმინებით აჯობოს მან გაერთიანებულ ოპოზიციასა და ნაციონალებს, რომელთაც, თავის მხრივ, საპრეზიდენტო ამბიციები უკვე აწუხებთ. ბურჯანაძესთან ქართულ საზოგადოებას მრავალი პრეტენზია აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ის აღარ იდგება იმ ხალხის გვერდით, ვინც სანდრო გირგვლიანის სისხლს და 7 ნოემბერს ვერ ჩამოირეცხავს, უკვე დიდი მიღწევაა”, - წერს ”რეზონანსი”.

”ასავალ-დასავალის” სათაური კი ასეთი გახლავთ: ”ბურჯანაძე-დემოკრატები” და ზურაბ ჟვანიას აჩრდილი”. ავტორი ფიქრობს, რომ ”გვიანდელი შევარდნაძის შემთხვევისა არ იყოს, უცხოელ პატრონებს დღესაც კარგა გვარიანად აღელვებთ როგორ შეცვალონ ერთი მარიონეტი მეორით! საამისოდ კი საქართველოში ნინო ბურჯანაძეზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს. ნურავინ იტყვის, ბურჯანაძე ისეთი დისკრედიტებულია, გამორიცხულია, მან სააკაშვილის რეჟიმის ჩანაცვლება მოახერხოსო! საქმე საქმეზე თუ მიდგა, ”რეფორმებით” გათანგული და დამშეული ხალხი ისე გაჰყვება ბურჯანაძეს ”სააკაშვილის წინააღმდეგ”, როგორც დაგიბარებიათ!”, - წერს ”ასავალ-დასავალი”.

”კვირის პალიტრა” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი ამბობს, რომ პარტიას თუ შექმნის, ის იქნება ცალკე ორგანიზაცია და არა ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” სახეცვლილი ვარიანტი. ამავე ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს: ”ხანდახან სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებრივ აზრს ბევრად უფრო რადიკალურად (კარგი გაგებით) შეუძლია ვითარების შეცვლა, ვიდრე ძალიან მაღალი პოლიტიკური ფიგურის განცხადებას. ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დამეცვა და გამეტარებინა ის აზრი, რაც სწორად მიმაჩნდა. ხშირად საკითხები ისე არ წყდებოდა, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა”, - ამბობს ბურჯანაძე ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ინტერვიუში ფსიქოლოგი, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე განმარტავს, რომ ”რევოლუციურ სამეულში ბურჯანაძე დამატებითი ფიგურა იყო. მან თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, თავი ამოწურა და ამიტომ უნდა წასულიყო სააკაშვილის ცხოვრებიდან. სააკაშვილი პრაგმატული კაცია და მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს ყველასთან. პრაგმატული პოლიტიკოსებისთვის კი ღირებულია ის, რაც სასარგებლოა. ხელისუფლებაში დღეს ბევრია პრაგმატული ხედვის ნეორადიკალ-ლიბერალი. მათი მსგავსნი არიან რესპუბლიკელებიც.პოლიტიკა არ არის სამართლიანი ბრძოლის არენა. მთავარი შედეგის მიღწევაა”, - ასე ფიქრობს ნოდარ სარჯველაძე. მასთან ინტერვიუს ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG