Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის საქართველოს ბიუჯეტი 236 მილიონი ლარით გაიზრდება


საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საფინანსო გეგმის შემოსავლითი ნაწილი 236 მილიონი ლარით გაიზარდა, ბიუჯეტის საერთო მოცულობა კი დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გახდა. ცვლილებებია საფინანსო გეგმის ხარჯვით ნაწილშიც, კერძოდ კი, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 295 მილიონი ლარით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები 40 მილიონით გაიზარდა. რის საფუძველზე განხორციელდა ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ზრდა?

საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები უკვე მესამედ შეიტანეს. ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური ბიუჯეტის ზრდის პარამეტრებს შემდეგნაირად აღწერს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ცვლილებების შედეგად, სულ შემოსულობები განისაზღვროს 6 მილიარდ 953 მილიონი ლარით, რაც 3.5 პროცენტით აღემატება უკვე დამტკიცებულ 2008 წლის ბიუჯეტს. 3.5 პროცენტი შეადგენს 236 მილიონ 545 ათას ლარს.”

გაზრდილი შემოსავლები მთლიანად თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. ამავე მიზნით 40 მილიონით შემცირდება სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსება და, როგორც საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, დაზუსტდა ბიუჯეტის სხვა მუხლებიც. შედეგად, თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი თანხა 295 მილიონი ლარით მოიმატებს და ეს ფული ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისთვის დაიხარჯება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბეჟან ბუცხრიკიძის კომენტარი:

[ბეჟან ბუცხრიკიძის ხმა] ”პრაქტიკულად არავის არაფერი არ აკლდება, პრაქტიკულად ხდება საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის ხარჯზე. ზოგიერთ მუხლებში ეს ყოველთვის არის. ზუსტდება ხარჯები, რაც არის უმნიშვნელო.”(სტილი დაცულია)

სოციალური სფეროს დაფინანსების 40 მილიონით შემცირების გამო არც საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს საბიუჯეტო ცვლილებებს. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის, განცხადებით, დღეს, საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყების დაფინანსების ზრდა ლოგიკურად გამოიყურება:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”არსებობს უზარმაზარი საშინაო და საგარეო საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველო დგას დღესდღეობით. ამიტომ არმიის მშენებლობა, ჯარის გაძლიერება - ეს ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტია საპარლამენტო უმცირესობისთვის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად კითხვები არ გვიჩნდება, მაგრამ კითხვები გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები.”(სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ხარჯების გამჭვირვალობის პრობლემა აღარ იარსებებს, რადგან ბიუჯეტის ცვლილებებში სათანადოდაა აღწერილი, თუ რას მოხმარდება გაზრდილი ხარჯები. ხოლო ის, რისი საჯაროდ გამოქვეყნებაც არამიზანშეწონილია, საპარლამენტო ნდობის ჯგუფში განიხილება, სადაც საპარლამენტო ოპოზიციას ორი ადგილი გამოუყვეს. ხარჯების მიზნობრიობას გააკონტროლებს კონტროლის პალატაც, რომლის თავმჯდომარედ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ლევან ბეჟაშვილი დაამტკიცა.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”ბუნებრივია, არამარტო თავდაცვის სამინისტროზე, არამედ სხვა სამინისტროებზეც განხორციელდება კონტროლი, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით საბიუჯეტო სახსრების ეფექტური და მიზნობრივი ხარჯვის გასაკონტროლებლად. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული მექანიზმების გამოყენებას თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში არ ვაპირებთ.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის სამინისტროს გარდა, 40 მილიონი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. ოდნავ მეტი, 45 მილიონი ლარი, დაიხარჯება რეგიონებში საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების მიზნით. ბიუჯეტში შევიდა ასევე სხვა, შედარებით მცირე ხასიათის, ცვლილებებიც. რიგითი მოქალაქეების დიდი ნაწილის აზრით, ბიუჯეტის ზრდის მთავარი მიზანი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა იყოს:

[მოქალაქეების ხმა] ”ხალხს უნდა ხმარდებოდეს, გაჭირვებულ ხალხს, დახმარებებით.”
”რა ვიცი, ალბათ, ხალხს. სოციალური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.”
”პირველ რიგში, ხალხს უნდა ხმარდებოდეს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.”




XS
SM
MD
LG