Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეალურია თუ არა კვლევითი ინსტიტუტიდან რადიაქტიური ნივთიერების დაკარგვის საფრთხე


საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ, საქართველოში აქტუალური გახდა რადიაქტიური ნარჩენების უსაფრთხო შენახვისა და დაცვის საკითხი.

პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში არსებული რადიაქტიური ნივთიერებები და სპეციფიკური ხელსაწყოები დაუცველი დარჩა. თუმცა ირკვევა, რომ, დაცვის თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობა არც თბილისშია. ლაპარაკია, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტზე, რომლის ტერიტორიაზე მდებარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო რადიაქტური ნივითერებები არასაუწყებო დაცვის ორი თანამშრომლის იმედად ინახება.
საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით რადიაქტიური ნივთიერებები თავმოყრილი იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, სადაც ქართველმა მეცნიერებმა ინვენტარიზაცია უკანასკნელად 1993 წლის ზაფხულში ჩაატარეს. 9 წლის შემდეგ იგივე გააკეთეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა. დევნილობაში მყოფი ამ ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი გურამ ბოკუჩავა ამბობს, რომ სააგენტოსთვის საინტერესო 250 ნივთიდან დაკარგული აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი - გამდიდრებული ურანის აბები.

[გურამ ბოკუჩავას ხმა] „ნივთებს შორის იყო 655 გრამი გამდიდრებული ურანი, აბების სახით. ის არის მნიშვნელოვანი, რომ 2002 წელს იყვნენ ჩამოსული „მაგატეს“ წარმომადგენლები და მათ აღწერაში ყველა ნივთი მოხვდა, გარდა ამ გამდიდრებული ურანის აბებისა.“


თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი საგნების დაკარგვამ კრიტიკულ ზღვარს მოგვიანებით, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ, მიაღწია. ზაურ ჩანქსელიანი, აგრარული რადიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, იხსენებს:

[ზაურ ჩანქსელიანის ხმა] „1998 წლიდან რუსეთის ჯარებმა რომ დატოვეს თავიანთი დისლოკაციის ადგილი, უკონტროლოდ დარჩა რადიაქტიური ნვითერებების შემცველი ხელსაწყოები. სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელშიც ჩვენი ინსტიტუტიც მონაწილეობდა. მივდიოდით, ვათავსებდით კონტეინერებში, უშიშროების სამინისტროს დახმარებით გადაგვქონდა და ვინახავდით ჩვენს საცავში.“

საცავში შენახული რადიაქტიური ნაივთიერებები და მათი ნარჩენები, როგორც ზაურ ჩანქსელიანი ამბობს, სანიტარული თვალსაზრისით უსაფრთხოა, თუმცა, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის თქმით, განგაშის საფუძველს იძლევა თავად სამარხის ფიზიკური დაცვა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „არის საშიშროება დაიკარგოს, ან გაიძარცვოს, ან ყაჩაღური თავდასხმა მოხდეს. ამისგან უნდა დავიცვათ ინსტიტუტი და, რა თქმა უნდა, ქვეყანაც. როცა რადიაქტიური ნივთიერება ასე უპატრონოდ არის მიტოვებული, ის გარკვეულ ხიფათს შეიცავს. დამეთანხმებით, სამეცნიერო მუშაკის საქმე არ არის ღამე თოფით ხელში დარაჯად დგომა. ამისთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და გამოყოს სპეციალური გასამხედროებული დაცვა.“

დაცვის გამოყოფას ინსტიტუტის ხელმძღვანელობაც მიესალმება, თუმცა როგორც ზაურ ჩანქსელიანი ამბობს, არსებობს რადიაქტიური ნივთიერებების უსაფრთხოდ შენახვის სხვა საშუალებაც:

[ზაურ ჩანქსელიანის ხმა] „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რომ გახლავთ, მისი წევრია საქართველოც. მათ აქვთ შორი დისტანციის მართვის სენსორული მოწყობილობები. ჩვენ ვითხოვთ ამ მოწყობილობის დამონტაჟებას. შეერთებული იქნება ჩვენს დაცვასთან, პოლიციის განყოფილებასთან და ვიქნებით უსაფრთხოდ და ყველაფერი კარგად იქნება.“

ყველაფერი რომ მართლაც კარგად იყოს, ამისათვის ინსტიტუტის დაფინანსების გაზრდაა საჭირო, - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი, რომლის თქმითაც, ბიუჯეტი ინსტიტუტში დასაქმებულ ორმოცამდე მეცნიერს მხოლოდ მწირ ხელფასებს უფინანსებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG