Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეაქცია რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრებაზე


ორშაბათს ბელგრადში დააკავეს ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, რომელიც 13 წლის მანძილზე იძებნებოდა.

კარაჯიჩს 90-წიან წლებში ბალკანეთის ომის პერიოდში გენოციდში, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედება ბრალი. სერბიის ხელისუფლების ცნობით, კარაჯიჩი ბელგრადში სამედიცინო კლინიკაში მუშაობდა შეცვლილი ვინაობით. კარაჯიჩის დაპატიმრებას მოჰყვა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც არ ყოფილა ერთგვაროვანი.

ევროპის კავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრებას. ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ სამშაბათს განაცხადეს, რომ დაპატიმრებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისკენ სერბიის სწრაფვისთვის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა შეაქო სერბიის მთავრობა კარაჯიჩის დაპატიმრებისთვის და მოუწოდა მას, სწრაფად გაგზავნოს პატიმარი ჰააგის ტრიბუნალში.

კარაჯიჩის დაპატიმრებას მსოფლიოს მთელი რიგი ლიდერები გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, რომ კარაჯიჩის სასამართლო პროცესი ობიექტურად ჩატარდეს, რითაც გარკვეული დისონანსი შეიტანა მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციაში ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის დაპატიმრებაზე.

ოთხშაბათს კიდევ უფრო კონკრეტული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც სინგაპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონული ფორუმის კულუარებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:

[ლავროვის ხმა] "მთავარია, პროცესი ობიექტურად ჩატარდეს და თავი არ იჩინოს პოლიტიზებულობის იმ ცნობილმა ელემენტებმა, რომლებიც ვლინდებოდა ტრიბუნალის მუშაობისას წარსულში. ვიმედოვნებ, რომ ტრიბუნალი ყველა შემთხვევაში მუშაობას დაასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში."

ჩვენი რადიოს რუსული რედაქცია ესაუბრა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევის ცენტრის ხელმძღანელს, არტიომ ულუნიანს, რომლის აზრით, რუსეთს აღიზიანებს, რომ ვერ აკონტროლებს ჰააგის ტრიბუნალის მუშაობას და ამიტომაც აკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს. მისი აზრით, ტრიბუნალში სასამართლო პროცესის მიმართ რუსეთის რეაქცია მრავალმხრივი იქნება.

[ულუნიანის ხმა] "ვფიქრობ, ეს მრავალგანზომილებიანი პროცესია. ოფიციალურ დონეზე, ცხადია, კარაჯიჩის მიმართ არ გაკეთდება რამე განცხადება. მაგრამ ასევე ცხადია, რომ ნახევრად ოფიციალურ დონეზე გამოვლინდება უკმაყოფილება. მოხდება კრემლის მომხრე სხვადასხვა ძალის, ახალგაზრდული ორგანიზაციების მობილიზება. ასე თუ ისე მოხდება საზოგადოების გარკვეული სექტორების აზრის კვება ოფიციალური პროპაგანდისტული კამპანიით იმის სასარგებლოდ, რომ არა იმდენად თავად კარაჯიჩის, რამდენადაც იმათი საქმე იყო სწორი, ვინც კარაჯიჩს უჭერდა მხარს და ვისაც ის სათავეში ედგა".

კარაჯიჩი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ბოსნიაში მომხდარი ტრაგედიისთვის. მარტო სრებრენიცაში შვიდი ათასი მუსულმანი გაჟლიტეს. სერბულ შენაერთებს სარაევო 44 თვის მანძილზე ჰყავდათ ალყაში მოქცეული. დაიღუპა 14 ათასი ადამიანი. ჩადენილია უამრავი სიმხეცე. ყოველივე ამას სათავეში რადოვან კარაჯიჩი ედგა. ამის თაობაზე მტკიცებულებები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ძნელია ყოველივე ამის უარყოფა და ეჭვქვეშ დაყენება. მიუხედავად ამისა, რუსეთს უჭირს პირდაპირ აღიაროს ეს. ულუნიანი განმარტავს, რატომ:

[ულუნიანის ხმა] "ეს პირველ რიგში რუსეთის პრესტიჟის საქმეა. რუსეთმა ვერა და ვერ შეძლო ბალკანეთზე თავისი კოლეგების ყურადღების მიპყრობა თავის სასარგებლოდ. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ მან ვერ შეძლო შუამავლის როლში გამოსვლა. მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვერავითარი სერიოზული და დეტალური გეგმის წარმოდგენა. და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბალკანელებისთვის სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის, რომ ევროპას მიეკუთვნებოდნენ. რუსეთს კი ამ შემთხვევაში სურს უბრალოდ თავისი ნება აჩვენოს და დროშა აფრიალოს,"

განუცხადა ჩვენს რადიოს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევის ცენტრის ხელმძღანელმა, არტიომ ულუნიანმა.




XS
SM
MD
LG