Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ეკონომიკური მიმოხილვა


ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკა კი ნელ-ნელა ცდილობს, საომარი ვითარებიდან გამოვიდეს.

მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ პარასკევს, როგორც იქნა, გაიხსნა ქვეყნის ცენტრალური ავტომაგისტრალი, რაც შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებელი წინაპირობაა. ამ გზის დაკეტვამ საქართველოს ეკონომიკას უკვე მიაყენა საკმაოდ სოლიდური ზარალი.

წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ზარალი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას ომის შედეგად მიადგა, მილიარდ დოლარს მიაღწევს. განვლილ კვირაში უკვე გამოიკვეთა იმ დონორ ორგანიზაციათა და პარტნიორ სახელმწიფოთა ნუსხა, ვინც ჩვენს ქვეყანას დანაკარგების აღდგენაში დაუჭერს მხარს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარებიან. აღნიშნული ერთობლივი გადაწყვეტილება იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გახმოვანდა. აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა და იტალია მზად არიან საქართველოს ხელისუფლებას რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ფინანსური სისტემისა და ეკონომიკური სექტორის რეკონსტრუქციაში დაეხმარონ. ამისათვის შვიდეულის ქვეყნები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ. ინიციატივის ავტორია აშშ-ის ადმინისტრაცია.

მსოფლიო ბანკმა, შესაძლოა, საქართველოს 350 მილიონი დოლარის დამატებითი კრედიტი გამოუყოს. დღეს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაც ეწვევა და მომავალი დახმარებების შინაარსსა და ოდენობაზე იმსჯელებს. გაერო კი საქართველოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 57 მილიონი დოლარის მობილიზებას ცდილობს.

მანამდე კი საქართველოში დღეისათვის 350 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთია ჩამოტანილი. ტვირთი საქართველოში ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ და აშშ-მა გამოგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების თვალსაზრისით, პრიორიტეტულად გორის, ქარელისა და ხაშურის რაიონები ითვლება. რაც შეეხება საავადმყოფოებს, სულ 12 დაწესებულებაა, სადაც დაჭრილები მკურნალობენ და მათი უზრუნველყოფა საჭიროების მიხედვით ხორციელდება.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კი დევნილების რეგისტრაცია დაასრულა. მის ბაზაში ამჟამად 121 ათასზე მეტი დევნილია, რომლებიც 600-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტშია შეფარებული. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კი აღნუსხული აქვს 500-მდე კერძო დასახლებაც, სადაც დევნილები ამჟამად არიან დაბინავებული.

მიმდინარე კვირას ნელ-ნელა სრული სვლით ამოქმედდა საბანკო სექტორი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის ძირითადი - ერთკვირიანი - სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 11%-მდე შეამცირა. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად ლიკვიდურ რესურსებზე მოთხოვნის გაზრდისა და ეკონომიკური აქტივობის შესაძლო შენელების გამო, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გარკვეული შემსუბუქება. ამასთან, ბოლო პერიოდის პროგნოზებით, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შემცირებისკენ არის მიმართული. თუმცა, ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკის მიმართ გაურკვევლობა გაზრდილია, ვინაიდან ამ ეტაპზე რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემამ გამოავლინა მდგრადობა კრიზისული სიტუაციის მიმართ. ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპის შენელებას ექნება ადგილი, რაც შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას.

საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად, შენელდება. ასევე გაგრძელდება მონეტარული აგრეგატების ზრდის ტემპის შენელება. აგვისტოში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე, შეინიშნება ფასების დაწევის ტენდენცია. გრძელდება საბაზო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება.

იმ დაშვებების გათვალისწინებით, რომ არ მოხდება დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, არსებული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისობაშია წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8%-ის ფარგლებში მოქცევის ამოცანასთან.

18 აგვისტოდან კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სესხებზე დაწესებული შეზღუდვები და ისინი განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკომენდაციას აძლევს კომერციულ ბანკებს, რომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე.

მოკლედ, ბანკებმა გაუძლეს. თუმცა დანაკარგებიც აშკარაა. საომარი მოქმედებების დროს მარტო “საქართველოს ბანკიდან” კლიენტებმა 165 მილიონი დოლარის დეპოზიტები გაიტანეს.

სექტემბრისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია გადადო კახი კალაძის “პროგრებანკმა”. დანაკარგები და შეფერხებებია უამრავ სხვა სფეროშიც: “ლომისის” ახალგორის ქარხანა გაძარცული და გაჩერებულია. კასპთან დაზიანებულმა სარკინიგზო ხიდმა კი ორმხრივი ზარალი გამოიწვია: ერთი მხრივ, პირდაპირი ხარჯები, რომელიც აღდგენაზე იქნება გაწეული და, მეორე, ყოველდღიურად ტვირთების გაუტარებლობის შედეგად დაკარგული შემოსავალი _ დაახლოებით, 20 მილიონი ლარი. ტვირთნაკადების შემცირების ან შეფერხების გამო სერიოზულ ზარალშია ქვეყნის მთავარი საზღვაო ეკონომიკური კარიბჭე - ფოთის პორტიც, მისი სამხედრო ნაწილი სერიოზულადაა დაზიანებული.

არანაკლებ დიდია ეკოლოგიური ზარალი - რუსების მიერ აფეთქებული და ჩაძირული ქართული გემებიდან მთელი საწვავი ხომ ზღვაში ჩაიღვარა. საერთოდაც, ეკოლოგიური კატასტროფების კერების შექმნა რუსული აგრესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, რუსული ავიაციის მიერ ცეცხლგამჩენი ჭურვების ჩამოყრის შედეგად, უკვე დამწვარია 300 ჰექტარამდე ტერიტორია. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ცეცხლგამჩენი ჭურვები თბილისის მიმდებარედ, კიკეთის ტყის თავზეც ჩამოყარა, რის შედეგადაც დამწვარია 1500 კვადრატულ მეტრამდე ტყის მასივი.

მიმდინარე კვირას გაცხადდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ყველა პრობლემა ლოკალიზებულია და მომდევნო კვირის დასაწყისში, შესაძლოა, ჯეიჰანის პორტიდან ნავთობის ტანკერებზე დატვირთვა მოხდეს. საქართველოდან საჰაერო რეისების განხორციელებაც, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით აღდგენილია, რუსეთის გარდა.

ამდენად, სოლიდური დანაკარგების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა რიტმულ რეჟიმს უბრუნდება და ბიზნესიც მწყობრში დგება - ბიზნესი, რომელიც ომის შედეგების ლიკვიდაციას არაორდინარული ნაბიჯებითაც ცდილობს, რის მაგალითად კომპანია “მაგთიკომის” საქციელიც გამოდგება. საომარი მოქმედებების პერიოდში “მაგთიკომის” წინასწარი გადახდის აბონენტების დიდ ნაწილს დაუგროვდა დავალიანება, რამაც ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. “მაგთიკომმა” გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ეს ხარჯი და აბონენტებს მთლიანად ჩამოაწერა დავალიანება, ჩამოწერილი თანხის შესაბამისი ყველა გადასახადი კი სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.
XS
SM
MD
LG