Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ ლუკასი ახალი ცივი ომის შესახებ


ამ დღეებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალ კონფრონტაციაზე, დიდ გამყინვარებაზე, ცივი ომის ტიპის დაპირისპირებაზე.

სულერთია, რა ეპითეტს გამოვიყენებთ, ნათელია: საქართველოში ინტერვენციით რუსეთმა აჩვენა, რომ მისთვის დასავლეთთან თანამშრომლობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის კონკურენცია. ამ თემაზე ჩვენი რადიო ესაუბრა ცნობილ ბრიტანელ პოლიტიკურ მიმომხილველს, ედვარდ ლუკასს, ავტორს გახმაურებული წიგნისა "ახალი ცივი ომი: როგორ უქმნის კრემლი საფრთხეს რუსეთს და დასავლეთს."

თავის წიგნში ლუკასი მრავალი წლის წინათ წერდა, დასავლეთი ახალ ცივ ომში აგებს, უფრო მეტიც - ვერც კი ამჩნევს, რომ ის დაიწყოო.

ჩვენი რადიოს შეკითხვაზე, არის თუ არა ახლა ის მომენტი, როცა დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს შეამჩნია ეს, ედვარდ ლუკასმა თქვა, რომ დასავლეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი დიფერენცირებულია. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს ღრმად აღარ სძინავს, მაგრამ ბოლომდე გამოღვიძებული მაინც არ არის.

ლუკასს მიაჩნია, რომ როცა საქართველოში რუსეთის ქმედებებზე დასავლეთის შესაძლო რეაქციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთი საერთო ენაზე არ ლაპარაკობს. ევროპის კავშირისგან მკაცრ ზომებს არ უნდა ველოდეთ. რუსეთს ჯერ კიდევ სწამს, რომ შეუძლია ამ საკითხში ევროკავშირის გახლეჩა. რაც შეეხება ნატოს, ლუკასის აზრით, აქ ვითარება სხვაგვარადაა, ნატოს უფრო მკაცრად შეუძლია იმოქმედოს.

[ლუკასის ხმა] "საჭიროა ერთგვარი ორსიჩქარიანი ნატო. ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილს - მაგალითად, იტალიას, საბერძნეთს, უნგრეთს და სხვებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება - უნდა შევთავაზოთ მშვიდობისთვის პარტნიორობის პროგრამა. ნატოს, ასე ვთქვათ, მაღალი სიჩქარის ბირთვს კი უნდა შეადგენდნენ ქვეყნები, რომლებსაც ნამდვილად სურთ რაღაც რეალური გააკეთონ ბალტისპირა ქვეყნების დასაცავად, რომლებიც პირდაპირ ფრონტის ხაზზე იმყოფებიან."

ლუკასის აზრით, თავად ის ფაქტი, რომ დასავლეთი გვიან იწყებს გამოღვიძებას, სრულიად უპატიებელი შეცდომაა. უკანასკნელი წლების მანძილზე პუტინის რუსეთმა აშკარად გამოავლინა თავი და აჩვენა, საით მიდის.

[ლუკასის ხმა] "ამის არცოდნის პატიება არ შეიძლება. ეს იმას ჰგავს, რომ ხალხმა 1968 წელს გაიაზრა რეალურად, რა იყო საბჭოთა კავშირი. თუ ღმერთი გწამთ! უკვე 1918 წლიდან მოყოლებული იყო ნათელი, სინამდვილეში რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენცია რატომ დასჭირდა ამ ხალხს გამოღვიძებისთვის? პუტინის რუსეთში 90-იანი წლების ბოლოდან ნათელია, რომ ძველი კა-გე-ბე დაბრუნდა ხელისუფლებაში და რომ ის მართავდა რუსეთს. რატომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ 2008 წელს იმის გაცნობიერება, რას წარმოადგენს კრემლის ჩეკისტური რეჟიმი?"

ედვარდ ლუკასის აზრით, არასწორია მოსაზრება, თითქოს დასავლეთს უფრო მეტად ესაჭიროებოდეს რუსეთთან თანამშრომლობა, ვიდრე რუსეთს - დასავლეთთან.

[ლუკასის ხმა] "ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ მივეჩვიეთ რუსეთის უნარს, გამოიყენოს დაშინება, ბლეფი და ტრაბახი, პლუს 'დაყავი და იბატონეს' ჭკვიანური პოლიტიკა. და საბოლოოდ გვგონია, რომ ის ძლიერია, ჩვენ კი - სუსტი. ასე არ არის. ამერიკას, რომ მოინდომოს, ათ წუთში შეუძლია რუსეთის ფლოტის ჩაძირვა."

მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველს, ედვარდ ლუკასს, ავტორს წიგნისა - "ახალი ცივი ომი: როგორ უქმნის კრემლი საფრთხეს რუსეთს და დასავლეთს."
XS
SM
MD
LG