Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ქარტიას ხელი რამდენიმე სუბიექტმა მოაწერა


საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, პოლიტიკურმა პარტიებმა გააფორმეს ოთხპუნქტიანი ქარტია,

რომელიც პოლიტიკური სუბიექტების ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებას ისახავს მიზნად. ეს პრინციპები, ძირითადად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რაშიც ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თუმცა, ამ დეკლარირებული სოლიდარობის მიუხედავად, ქარტიის ხელმომწერთა რიცხვი მაინც მოკრძალებულად გამოიყურება. ამის მიზეზი, ძირითადად, დოკუმენტის მესამე და მეოთხე პუნქტებია.

საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ქარტიის ხელმომწერთა შორის არიან: მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან–დემოკრატიული პარტია“ და მისი საპარლამენტო ფრაქცია, სრული შემადგენლობით; პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“, „ ქართული დასი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“ შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქარტიის პრინციპებისადმი ერთგულებას აცხადებს ყველა საპარლამენტო და ჯერჯერობით მხოლოდ ორი არასაპარლამენტო პარტია. ქარტია რამდენიმე დღის განმავლობაში ღია დოკუმენტად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან მიერთების მსურველებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო კიდევ აქვთ - სხვათა შორის, მას შემდეგაც კი, რაც მისი გაფორმება ოფიციალურად დასრულდება.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ ეს არ გახლავთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი. ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა საქართველოს უმთავრეს ღირებულებებს - მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობის აღიარებას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს. და მე პირადად ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ დღევანდელ სიტუაციაში უარი განაცხადოს დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომლითაც ფიქსირდება რომ ამ ქვეყანაში მთავარი ღირებულება არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“(სტილი დაცულია)

გვითხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. უფრო დაზუსტებით კი, დოკუმენტის ოთხ პუნქტს შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების პრინციპების გარდა, საუბარია ასევე იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ თანხმობას, საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა, რომელიც ვერ მოითმენს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. ამ კონტექსტში, დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია თანხმობა შიდაპოლიტიკური პროცესების კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში წარსამართავად და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. სწორედ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიზაციას უნდა მოემსახუროს ანტიკრიზისული საბჭო, რომლის მუშაობის პროცედურა, მანდატი და ფუნქციები დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. როგორც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრმა გურამ ჩახვაძემ განმარტა, დადგა ახალი რეალობა, რომელიც შიდაპოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულად წარმოების ამოცანას სახავს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წინაშე:

[გურამ ჩახვაძის ხმა]“მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ნაბიჯები, რომელიც ადრე იდგმებოდა, გადაფასებულ იქნა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც უნდა გადახედოს თავის ქმედებებს და ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამ ოთხპუნქტიანი პოლიტიკური აქტის ერთგულნი უნდა ვიყოთ ჩვენ.“(სტილი დაცულია)

ამბობს ეროვნულ–დემოკრატი გურამ ჩახვაძე, თუმცა მის პათოსს ნაკლებად იზიარებენ პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტიები - მათ შორის, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები. ფიქრია ჩიხრაძესა და თინა ხიდაშელს მოუსმინეთ.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“კრიზისი ნამდვილად არის ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლება თვლის, რომ ის არის გამარჯვებული და გამარჯვებულ ხელისუფლებასთან ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა როგორ ხდება, მე არ ვიცი. თან გამარჯვებული იყო და თან კრიზისში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მე ვფიქრობ. ჩვენს პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ ვამზადებთ ძალიან სერიოზულ ანალიზს ამ ყველაფრისა, სერიოზულ დასკვნას და, შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივის ჩვენეულ ხედვასაც და უახლოეს ხანში ამას საზოგადოებას შევთავაზებთ.” (სტილი დაცულია)


[თინა ხიდაშელის ხმა]“ წაიკითხონ საგურამოს მანიფესტი, წაიკითხონ ერთადერთი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად რამოდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სწორედ ნატოში ინტეგრაციის თაობაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს რაიმე კიდევ ახალი პიარ–კამპანიების დაგეგმვა და მინდა, მინდას ძახილი არ არის საჭირო. დღეს რეალური ქმედებებია საჭირო. უცნობია ჩვენთვის, რას ნიშნავს ამ საბჭოს შექმნა, უცნობია ამ საბჭოს მანდატი, უცნობია თემატიკა. ამიტომ ბუნებრივია, რომ რაიმე მსგავს პიარ–ქმედებებში ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ არ ვიქნებით თანამონაწილე.“ (სტილი დაცულია)

პოლიტიკურ ძალთა ქარტიის მეოთხე მუხლის, კერძოდ, ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატორია ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალზე არ გამოჩენილა.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ მე ვარ კოალიციის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი. ეს ორგანო ან მთლიანად მოაწერს ხელს, ან არავინ არ მოაწერს. ბატონი ლევანი არ არის ჩამოსული. რამდენადაც ვიცი, დღეს ჩამოდის. და ხვალ გადავწყვეტთ ამ საკითხს.“(სტილი დაცულია)

ამბობს კობა დავითაშვილი. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის გარდა, თბილისში არ იმყოფება ასევე „დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდის“ დამფუძნებელი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც პოლიტიკურ პარტიათა ქარტიის პოტენციურ ხელმომწერად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG