Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


პრესაში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული ხელისუფლების მიერ აგვისტოს მოვლენების დროს და მანამდე, რას უნდა ველოდეთ დასავლეთისგან,

რა არის აუცილებელი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და ა.შ. გაზეთი ”ვერსია”უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას სთხოვს პასუხი გასცეს გასულ კვირაში საზოგადოების ათეულობით წევრის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ 7 შეკითხვას. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ. ლომაია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კოდორის ხეობა უბრძოლველად არ დაუთმია: ”ორი დღის განმავლობაში ჩვენი ძალები რუსულ დესანტს წარმატებით იგერიებდნენ, სხვათა შორის - უმსხვერპლოდ, მაგრამ, როცა ოჩამჩირეში დესანტი გადმოსხეს, სამეგრელოში შემოვიდნენ და წალენჯიხის ძირითადი გზა გააკონტროლეს, შეიქმნა საფრთხე, რომ კოდორში ჩვენი ძალები ალყაში მოექცეოდნენ და განადგურდებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ძალები აღმოსავლეთ საქართველოში დანაკარგის გარეშე ჩამოგვეყვანა”. ლომაიას თანახმად, ”ვინაიდან ჩვენ აგრესიას ვპასუხობდით, გეგმაც სწორედ ამ აგრესიის მოგერიება და შეჩერება იყო. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, ამაზე არ გვიფიქრია, იქიდან გამომდინარე, რომ ომისთვის არ ვემზადებოდით”. უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ არ იცნობს არც ერთ ფაქტს, როცა სამხედრო ოპერაციებს არაპროფესიონალები და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელმძღვანელობდნენ. ”სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბი და არა ვინმე სხვა”, - დასძენს ლომაია. შეკითხვას, ”რატომ მიატოვა ხელისუფლებამ უპატრონოდ ათასობით გაწვეული რეზერვისტი”, უშიშროების საბჭოს მდივანი უპასუხებს: ”რეზერვისტების მართვაში პრობლემები ნამდვილად იყო და შესაბამისი ორგანიზაციული გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებულია”. ლომაიას თანახმად, ის, ვინც რეზერვისტების საკითხს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ინტერვიუს კახა ლომაიასთან ”ვერსია” აქვეყნებს.

ამავე გაზეთში გაეცნობით ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან, რომელსაც ექმნება შთაბეჭდილება, რომ ”პირადად სააკაშვილი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, რომელიც, შესაძლოა, ”ფეესბესა” და რუსეთის სამსახურების კონკრეტული დავალებით მოქმედებდა”. ”ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეძლო სააკაშვილს სამხედრო ოპერაციაზე გადაწყვეტილება მიეღო, თუკი არ ექნებოდა გარანტია, რომ როკის გვირაბით რუსი არ შემოვიდოდა”, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

”კვირის პალიტრა” პარლამენტის სპიკერს ესაუბრა. დავით ბაქრაძე: ”ჩვენ წავაგეთ სამხედრო, მაგრამ მოვიგეთ საინფორმაციო ომი, მოგებული ვართ პოლიტიკურადაც. თუმცა ეს წარმატება კომპენსაცია ვერ იქნება იმ მსხვერპლისა, რაც გვაქვს”. დავით ბაქრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს ”კვირის ქრონიკაც”. ბაქრაძის თანახმად, ბევრი ქვეყანა იკავებდა თავს საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიყიდვისგან: ”რუსეთი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მთელი თავისი რესურსით მუშაობდა ყველგან, რომ საქართველოს იარაღი არ ეყიდა. სწორედ რუსეთის გამო ჩაიშალა ამ ტიპის იარაღის შეძენის რამდენიმე მცდელობა. ამიტომ ვერ ვიტყვი, შეგვეძლო რაიმეს გაკეთება და ვერ გავაკეთეთ-მეთქი”, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”კვირის პალიტრაში” სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრებებსაც გაეცნობით: ”თავი დავანებოთ მითებს და გავუსწოროთ თვალი რეალობას. ოდნავადაც არ მინდა, რომ დავაკნინო ევროგაერთიანების ბოლო დოკუმენტის მნიშვნელობა - ეს მართლაც ადეკვატური პასუხია რუსეთის ქმედებებზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი დოკუმენტის პათოსი დაყვანილია ერთ ძირითად მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგზე: რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება და დააბრუნოს თავისი სამხედრო შენაერთები 7 აგვისტომდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე, ანუ გაიყვანოს ისინი საქართველოდან. დავუკვირდეთ: ყველაზე დიდი, რასაც გაერთიანებული ევროპა ამ ეტაპზე რუსეთისგან ელოდება, არის ომამდე არსებული სტატუს კვოს აღდგენა”, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

”საქართველოს გზის” ლიდერი 6-პუნქტიან შეთანხმებას უწოდებს ”შეთანხმებას ”არშეთანხმებაზე”. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამას ჰქვია დიპლომატია: უნდა მიაღწიო ისეთ შეთანხმებას, რომ რაღაც პირობაზე ისიც წამოიყვანო. ამისთვის საჭიროა, რაღაც ნაწილები მისთვის სასარგებლო იყოს ან ჩანდეს სასარგებლოდ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო პრიორიტეტებზეც საუბრობს: ”ახლა მთავარია, მივაღწიოთ ყველაზე კარგ შედეგს ამ ბუნდოვანი ტექსტიდან. თუ სიტუაციას გავართულებთ, მაშინ რუსეთს მის სასარგებლოდ არგუმენტებს მივცემთ. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ამ მომენტში ამერიკული სამხედრო გემის შემოსვლა ბათუმში ჰუმანიტარული დახმარებისთვის რუსეთის მიერ აღქმულია როგორც არგუმენტი, რათა ფოთში დარჩეს. ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია: ეს აიძულებს მოსკოვში ჩასულ დელეგაციას, რომ ფოთზე იბრძოლოს და არა მეხუთე პუნქტზე - იმ საკითხზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”. ”საქართველოს გზის” ლიდერი ფიქრობს, რომ ახლა საქართველოსთვის მთავარია ევროკავშირი ბოლომდე მის გვერდით დარჩეს. ”თორემ მაშინ ვინ დაგვრჩება ჩვენ გვერდით და ვინ დაელაპარაკება რუსეთს? თუ გვგონია, რომ რუსებთან დალაპარაკების გარეშე რამე გამოვა?” - კითხულობს სალომე ზურაბიშვილი, რომელთან ვრცელ ინტერვიუს ”მთელი კვირა” აქვეყნებს. ამავე გაზეთში კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუც იბეჭდება: ”ცხადია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან დიდხანს ქსოვა თავისი ობობას ქსელი და, როგორც იქნა, გაგვაბა. გავებით და მერე კარგადაც დაგვაზარალა. რაც გაუკეთა საქართველოს ორჯონიკიძემ, ის გაუკეთა დღეს საქართველოს სააკაშვილმა. თუ მოვახერხეთ უახლოეს 3-4 წელიწადში ისეთივე მდგომარეობის დაბრუნება, როგორიც 2008 წლის 8 აგვისტომდე იყო, კარგია”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

”ახალი თაობა”, გოგა ხაინდრავა: ”როგორ შეიძლება იმ ხალხთან თანამშრომლობა და იმ ხალხზე ზრუნვა, რომელმაც ქვეყანა რუსებს ჩააბარა და ჩააბარა მიზანმიმართულად. ეს არ იყო ერთი კონკრეტული ნაბიჯი. ეს იყო ნაბიჯების მთელი წყება, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სააკაშვილის მიერ და იმ რუსეთის აგენტურის მიერ, რომელმაც მრავლად დაიდო ბინა მის ხელისუფლებაში, მის უახლოეს წრეებში და, რაც მთავარია, მის ოჯახში.” - გოგა ხაინდრავას ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”24 საათი”: ”ერთადერთი შეცდომა, რამაც, შესაძლოა, სამამულო ომის ბედის უკუღმა შებრუნება გამოიწვიოს, არა ხელისუფლებამ, არამედ შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ დაუშვას; უნდა გვესმოდეს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მტერი საკმაოდ ძლიერია და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ ომის სიმწრით გამოწვეული უკმაყოფილების ტალღა ჩვენივე ხელისუფლების წინააღმდეგ: აქაოდა, ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა უზრუნველყოს, თუნდაც მტერთან გარიგების გზითო!!!”

”კვირის ქრონიკა”, ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი: ”არავის აინტერესებს დღეს მიშას დამხობა. ქუჩაში წივილ-კივილი, ქუჩის საქმეების გარჩევა ქვეყანას კიდევ უფრო კატასტროფისკენ წაიყვანს, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ უნდა მიიღოს ისე, თითქოს, საქართველოს ერთადერთი ამოცანაა სააკაშვილს როგორმე შევუნარჩუნოთ ხელისუფლება. თუ ხელისუფლებას უყვარს ეს ქვეყანა, თუ რაღაც ადამიანური აქვთ, მათ უნდა გახსნან აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესები, გახსნან მასმედია, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მათ უნდა მოხსნან ყოველგვარი ტაბუ ”რუსთავი-2”-ზე, პირველ არხზე... ყველა არხზე გახსნან დებატები, დისკუსია, დღეს ქვეყანას უმძიმესი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. მაგრამ იმისთვის, რომ დაავადებას უმკურნალო, დიაგნოზი უნდა დასვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა დაგვემართა? რა გვჭირს?” - ნინო ჯანგირაშვილს ”კვირის ქრონიკა” ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG