Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ კარგად იმუშავებთ, MAP-ს მიიღებთ


არასაპარლამენტო ოპოზიციისაგან განსხვავებით, აშკარად გაუმართლათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს,

რომლებსაც ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი 20 წუთის განმავლობაში უხსნიდა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკვანძო მომენტებს და ნატო-საქართველოს კომისიის დანიშნულებას. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა განწყობით დატოვეს ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა ქართველმა ექსპერტებმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოში შეხვედრის საინტერესო ფორმატი დანერგა. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ფონდში სტუმარი ფეხზე დამდგარი ესაუბრებოდა სამ წრედ შემორტყმულ ქართველ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლესობამ კარგად ვერც კი გაიგო, თუ რა თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, შეკითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა, რადგან იაპ დე ჰოოპ სხეფერმა 20 წუთში დატოვა შეხვედრის ადგილი და გორში გაემართა.
სამაგიეროდ, დახურულ შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის ნაცვლად შეკითხვებს პასუხობდნენ ნატოს მუდმივი წარმომადგენლები, ელჩები, რომელთა პასუხები არაფრით განსხვავედებოდა იმისაგან, რაც არაერთხელ თქმულა. საჭიროა პროგრესი, მოთმინება, ”საშინაო დავალების” ხარისხიანად შესრულება, დემოკრატიის განმტკიცება, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს, ცხადია, არ იყო ის, რასაც ქართველი ექსპერტები რუსეთის აგრესიის შემდეგ ელოდნენ ნატოსაგან. და ეს იმედგაცრუება ზოგიერთ მათგანს არც დაუმალავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტის” თავმჯდომარემ ლევან რამიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ნატოს სჭირდება სრულიად ახალი პოლიტიკის შემუშავება რუსეთთან დამოკიდებულებაში:

[ლევან რამიშვილი] ”მათ შორის, თუნდაც გამოხატული იმაში, რომ როდესაც ნატოს გაფართოება ხდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ითვლებოდა, რომ არანაირი ”ცივი ომი” არ არის ( ნუ, გასაგებია, რომ რუსეთი რთული სახელმწიფოა), არავის არ სჯეროდა, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ასე გამოიყენებს ბალისტიკურ რაკეტებს, გამოიყენებს ავიაციას, დაბომბავს სამოქალაქო ობიექტებს და ჩაატარებს ეთნიკურ წმენდას.” (სტილი დაცულია)

აქ ერთგვარი ”ჩაკეტილი წრის” პრინციპი მოქმედებს. დასავლეთი ვერ ახდენს ზეწოლას რუსეთზე, რომელსაც დამოუკიდებელ ქვეყნებზე ზემოქმედების ნაცადი მეთოდი აქვს, სეპარატისტული კომფლიქტების სახით. მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა კი აფერხებს ნატოში ინტეგრაციას. საქართველოს, რომელსაც მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის აპრილში ერთხელ უკვე უთხრეს უარი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრამ ნატოს ელჩებთან ამჯერადაც ღიად დატოვა შეკითხვა, მიიღებს თუ არა ქვეყანა მაპს 2008 წლის დეკემბერში. საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის გიორგი ბურდულის თქმით, ნატოს არა აქვს პასუხი იმაზე, თუ რა უნდა ქნას საქართველომ ორი ოკუპირებული ტერიტორიით, თუკი იგი ყველა კრიტერიუმს შეასრულებს:

[გიგა ბურდული] ”არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ნატოში გაწევრიანებულიყოს ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტური სიტუაცია აქვს, მით უმეტეს, მეზობელთან, და დაკარგული აქვს ტერიტორიები. ამიტომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ თავად ნატოში კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს და როგორ შეიძლება ეს პრეცედენტი შეიქმნას. მე მგონი, რომ ისინი ფიქრობენ ამაზე, ძალიან ინტენსიურად ფიქრობენ ამაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ალბათ, არა აქვთ მიღებული.”

თუმცა მხოლოდ მოუგვარებელ კონფლიქტებზე ყურადღების გადატანას არ ურჩევს საქართველოს პოტომაკის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სმიტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. დევიდ სმიტის თქმით, საქართველოს ხალხმა საკმაოდ დიდი მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინა რუსეთის აგრესიის დღეეებში, რამაც საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს დემოკრატიული ფასეულობების გარშემო:


[დევიდ სმიტი] ”ყველაზე საუკეთესო გზა იმისა, რომ გაგზავნოთ ეს მესიჯი ბრიუსელში, არის აჩვენოთ, თუ როგორ გამოდის საქართველო ამ კრიზისიდან, თუ როგორ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ცხარე კამათში, მაგრამ დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმების დაცვით, იპოვონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ეს არის ის, რაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.”

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG