Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოიტანოს საქართველოსთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ?


სტრასბურგში, ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე, ევროპის 47 ქვეყნის დელეგატებმა რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებებთან დაკავშირებით ორი დღის მანძილზე იმსჯელეს,

რის შემდეგაც საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის ტექსტმა მეტად კმაყოფილი დატოვა ქართული მხარე, რადგანაც მასში გათვალისწინებულია საქართველოსთვის პრინციპული ყველა საკითხი. რუსეთის დელეგაცია გააფთრებით იბრძოდა რეზოლუციის ყველა მუხლთან დაკავშირებით, ეს კი ვერაფრით უთავსდება მოსკოვის განცხადებებს, რომ თითქოს მისთვის სულერთი იყოს ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს 47 ევროპული ქვეყნის თავყრილობაზე მიღებულმა რეზოლუციამ?

ვიდრე საქართველოსთვის აბსოლუტურად მისაღებ ნაწილზე გადავიდოდეთ, გადავხედოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის იმ რამდენიმე მუხლს, რომლებიც აგვისტოს მოვლენებთან მიმართებით საქართველოსა და რუსეთს თანაბრად ადანაშაულებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ და რუსეთმა დაარღვიეს ევროპის საბჭოს პრინციპები და ღირებულებები, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის აღებული ვალდებულებები. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის. საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ”ძალის არაპროპორციულ გამოყენებას”, თუმცა რუსეთის კონტრშეტევაც ”ზუსტად ასევე არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპებს.” სამოქალაქო დასახლებებში სამხედრო ძალისა და საბრძოლო იარაღის განურჩეველი გამოყენება ”შეიძლება ჩაითვალოს საომარ დანაშაულად.” ხოლო რადგანაც საქართველო-რუსეთს შორის ომის გაჩაღების ირგვლივ არსებულ ფაქტებზე მიმდინარეობს მსჯელობა, უნდა წარიმართოს საერთაშორისო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა. - ასეთი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 2 ოქტომბერს სტრასბურგში გამართული დებატების შედეგად.

ახლა რეზოლუციის ზოგიერთი იმ მუხლის შესახებ, რომლებმაც აბსოლუტურად კმაყოფილი დატოვა საქართველო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ნება დართოს ევროკავშირისა და ეუთოს მეთვალყურეებს, შევიდნენ საქართველოს ამ ტერიტორიებზე. აქვე ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება წარმოადგენს ”მინიმალურ წინაპირობას” შედეგიანი დიალოგისთვის.

რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და ეგრეთ წოდებულ ”ბუფერულ ზონებში” აღრიცხულია ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნის დადასტურებული ფაქტები, რომელთა აღკვეთაც არ მოხდა რუსი სამხედროების მიერ. თანაც, ქართველების დევნა და შევიწროება მეტწილად ხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

2 ოქტომბერს მიღწეულს ამ ეტაპზე მაქსიმალურად მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი:

(კახა გოგოლაშვილის ხმა) ”ამ ეტაპზე მეტის მიღწევა, უბრალოდ, არარეალური იყო... ის, რომ ევროპის საბჭოს მიეღო, ვთქვათ, ისეთი რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებდა სხვა ქვეყნებს, სანქციები გამოიყენონ რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ, ეს არ იქნებოდა გაზიარებული, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის გამოვიყენოთ, ყოველთვის გავაკეთოთ მასზე რაღაც მინიშნება, როდესაც ნებისმიერ ადგილას გვექნება დავა რუსეთთან ყველა ამ საკითხზე. ეს მოგვცემს უფრო ძლიერ საშუალებას, მეტ საშუალებას, რომ მოვიპოვოთ მხარდაჭერა ისევ დიდი ქვეყნების, დიდი პოტენციების.” (სტილი დაცულია)

მხოლოდ მიამიტი ადამიანი თუ იფიქრებს, რომ რუსეთი რეზოლუციაში გაწერილი ყველა მოთხოვნის მორჩილად შესრულებას შეუდგება. მაშინ რა შეიძლება მოიტანოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე მიღებულმა რეზოლუციამ? საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი შეგვახსენებს მუხლს ევროპის საბჭოს წესდებიდან, რომელიც ითვალიწინებს ორგანიზაციიდან ამა თუ იმ ქვეყნის გარიცხვის მექანიზმს ან მოთხოვნას, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ თავად დატოვოს ეს ორგანიზაცია. ამ მუხლის ამოქმედების გარეშე, ჭიაბერაშვილის აზრით, ევროსაბჭო საკუთარ ავტორიტეტს რისკის ქვეშ დააყენებს:

(ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა) ”გამოდის, რომ თითონ ის მუხლი, გარიცხვის მუხლი, არის მკვდარი მუხლი და მაშინ, იმის გამო, რომ იციან ეს მკვდარი მუხლია, შესაძლებელია, სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდეთ ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის ცდუნება... ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამოძრავებდათ არა მხოლოდ სიმპათია საქართველოს მიმართ, არამედ, იმავდროულად, მათ ამოძრავებდათ ორგანიზაციის გადარჩენის სურვილი... იმიტომ რომ, თუკი ორგანიზაციამ არ უპასუხა იმას, რაც ჩაიდინა რუსეთის რეგულარულმა არმიამ საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ რისთვის არსებობს საერთაშორისო სისტემა... რისთვის არსებობს ევროპის საბჭო, საერთოდ...” (სტილი დაცულია)

ამასობაში კი, რუსეთი ძველებურად ცდილობს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას არ ეშინია დასჯის. უდარდელი სიამაყის დემონსტრირება 3 ოქტომბერს მოსკოვში სცადა საქართველოდან წასულმა რუსეთის ყოფილმა ელჩმა ვიაჩისლავ კოვალენკომაც:

(ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა) ”არანაირი სანქციის არ გვეშინია და დაე, ნუ იმტვრევენ თავს... დაე, ნუ იმტვრევენ თავს და დაე, მეტად იფიქრონ იმაზე, როგორ დაამყარონ ნამდვილი მშვიდობა ამ რეგიონში... ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მიღწეულ იქნეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასეთი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე, არსებობს რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყების პირდაპირი საფრთხე... ეს ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს. არავინ არის დაინტერესებული ამ ვითარების დესტაბილიზაციით.”

რუსეთის უდარდელობას მხოლოდ მოჩვენებითს უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც სტრასბურგში, რეზოლუციის ტექსტის მიღებისას, მწვავე დიპლომატიური ბრძოლის მომსწრე გახდა:

(ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა) ”ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს არ ანაღვლებს, თუ რას იტყვიან ცალკეული ორგანიზაციები, თუ ცალკეული ქვეყნები... მინდა გითხრათ, რომ ისინი მართლაც სერიოზულად ღელავენ ამაზე და თქვენ უნდა გენახათ მათი დელეგაციის წევრების, აი, როგორ გითხრათ, გაავებული ბრძოლა თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ პარაგრაფზე ან თუნდაც მთელ დოკუმენტზე. თვით მიღებისას არ მოერიდნენ იმასაც კი, რომ, ასე ვთქვათ, მოეხდინათ ასამბლეის შანტაჟი, თითქოსდა, ესე იგი, მათი ხმები არ ითვლებოდა შესაბამისად, ასე შემდეგ და ასე შემდეგ...” (სტილი დაცულია)

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ელოდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ იანვარში რუსეთს გაცილებით უფრო მკაცრი საუბარი მოელის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG