Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბრძოლველად დატოვებული კოდორის ხეობის ისტორიები


თითქმის ორი თვე სრულდება, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილებმა უბრძოლველად დატოვეს კოდორის ხეობა.

ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ ზემო აფხაზეთზე საუბარს გაურბის. სამაგიეროდ, ქართულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება თვითმხილველთა ნაამბობი იმაზე, თუ როგორ დაიკარგა და რა ხდება ამჟამად ქართულ პლაცდარმად წოდებულ კოდორის ხეობაში. მე შევძელი დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთ საინტერესო ინფორმაციას ფლობენ ზემო აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე.

ჩემი თანამოუსაუბრე მევლუდ ჯაჭვლიანი კოდორის ხეობიდან 11 აგვისტოს გამოვიდა, როდესაც ზემო აფხაზეთში ჯერ კიდევ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ დიდი დაჯგუფება. იმ დროისათვის ხეობა უკვე დაცლილი იყო მოსახლეობისგან, სახმელეთო სამხედრო ოპერაციები არ მიმდინარეობდა; სამაგიეროდ, ჰაერიდან ინტენსიურად იბომბებოდა ქართული პოლიციის პოზიციები და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის სამთავრობო კოტეჯები, რომლებიც ფერფლად იქცა.

[მევლუდ ჯაჭვლიანი] ”არა, საერთოდ არ ყოფილა არანაირი სახმელეთო ოპერაცია. ჰაერიდან გვბომბავდნენ მარტო. ჰაერიდან კი[დაბომბვა] სერიოზული და სერიოზულზე უარესიც იყო კიდევ. 10 ცალი შემოდიოდა ერთად. 400 მეტროში ააფეთქეს ”სნარიადი” და მანქანაში ვიყავით და კინაღამ გავსკდით შიგნით მანქანაში. კოტეჯები მთლიანად დაიწვა. უკან ხომ საწყობები იყო! ხოდა, ის რომ აფეთქდა, მთლიანად გადაედო ცეცხლი. მარტო კოტეჯები კი არა, სკოლას ერთი ფანჯარა არა აქვს შერჩენილი. დანგრეულია სუყველაფერი.” (სტილი დაცულია)

თუმცა კოდორის ხეობის დატოვების ბოლო წუთებს სხვადასხვა თვითმხილველები სხვადასხვანაირად აღწერენ. 24 სექტემბრის გაზეთ ”ბათუმელებში” საკმაოდ ვრცელი ინტერვიუა გამოქვეყნებული ინკოგნიტო მეომართან, თავდაცვის სამინისტროდან, რომელიც ასე აღწერს ხეობის დატოვების ბოლო წუთებს:

”არტილერიის გარდა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი წამოვიღეთ. რისი წამოღებაც ვერ შევძელით, ადგილზე ავაფეთქეთ, გავანადგურეთ, კოტეჯებიდან დაწყებული, ტყვია-წამლით დამთავრებული. ასევე დავტოვეთ ამერიკული ავტომატები - ”ემ-4”. ამ იარაღით რუსული კალაშნიკოვების შეცვლა იგეგმებოდა, მაგრამ იარაღი ამოგვიტანეს, ტყვია-წამალი კი - არა, ამიტომაც ცარიელი ავტომატები ჩვენთვის გამოუსადეგარი იყო. ყველაზე ბოლოს ჩვენი 150-კაციანი ჯგუფი გამოვიდა. ტერიტორიები დავნაღმეთ, სატყუარები გავაკეთეთ, ერთი სიტყვით, ”სიურპრიზები” დავტოვეთ და ისე წამოვედით.”(სტილი დაცულია)

ვიმეორებთ, რომ ინკოგნიტო ქართველი სამხედროს ეს ინტერვიუ 24 სექტემბერს გაზეთმა ”ბათუმელებმა” გამოაქვეყნა. თუმცა არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვეყნებს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის დატოვება და მოხერხდა თუ არა საბრძოლო აღჭურვილობის გადარჩენა. სამაგიეროდ, ბევრს ლაპარაკობს რუსული პრესა დიდძალ შეიარაღებაზე და ტყვია-წამალზე, რაც კოდორის ხეობაში ქართველმა სამხედროებმა დატოვეს. თუმცა ამ ინფორმაციას გაზვიადებულს უწოდებენ დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტები. სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გადამდგარი პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ფლობს ინფორმაციას, რომ კოდორის ხეობის დამცველებმა შეძლეს ძირითადი საბრძოლო ტექნიკის სამშვიდობოზე გაყვანა:

[გიორგი თავდგირიძე] ”თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები გამოვიდნენ თითქმის უდანაკარგოდ. ანუ მათ მოასწრეს მძიმე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გამოყვანაც.”

კოდორის ხეობიდან უდანაკარგოდ მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია - ადამიანებისა, რომლებიც ამჟამად თბილისსა და ქუთაისში დროებით თავშესაფარში ან ნათესავებთან ცხოვრობენ. კოდორის ხეობაში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქართველი მონაზონი და ორი ბერი, რომლებიც სამონასტრო ცხოვრებას ეწევიან. კოდორის ხეობის მკვიდრის მევლუდ ჯაჭვლიანის თქმით, ზემო აფხაზეთში, რომელსაც ძირითადად რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ბოლო ხანებში უფრო ინტენსიურად ახერხებენ შესვლას ლტოლვილები:

[მევლუდ ჯაჭვლიანი] ”მიდიან, საქონელი მოაქვთ და ტანსაცმელი ვისაც დარჩა. მაშინ ხომ ვერავინ ვერაფერი ვერ გამოიტანა. ეს არის და დააახლეობით ეს 4 ოჯახი, ახლა ვინც იყვნენ ჩვენი გაქცეულები, იმათი ოჯახები დაბრუნდნენ. 4 ოჯახია ”პასტაინნად”, რომ ვთქვათ, დაბრუნებულები. დანარჩენი - არა. მიდიან და მოდიან.”(სტილი დაცულია)

კოდორის ხეობაში შესვლის მსურველებს ხაიშის რუსულ პოსტზე სპეციალურ საშვს აძლევენ. აფხაზებისა და რუსების მიერ დანიშნული ახალი მმართველი, გენწვიშელი ზაზა გურჩიანი, კოდორის ხეობის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ ხეობაში. თუმცა, როგორც ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, ოკუპაციის პირობებში ზემო აფხაზეთში დაბრუნების სურვილი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აღმოაჩნდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG