Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი პოლიტიკას არბილებს ბელორუსიასთან და უზბეკეთთან მიმართებით


ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

შეთანხმდნენ ევროკავშირის პოლიტიკის შერბილებაზე ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან მიმართებით.

ეს რესპუბლიკებია ბელორუსია და უზბეკეთი. ორივეს ბევრჯერ დაუმსახურებია მკაცრი კრიტიკა ადამიანის უფლებათა ხელყოფის, პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. მაგრამ როგორც ბელორუსიის, ისე უზბეკეთის შემთვხევებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს პოზიციის შერბილება, რაც გამოიხატა ორივე რეჟიმის წარმომადგნლებისთვის ევროკავშირის ვიზებზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებით.

მიზეზი? ჯერ უზბეკეთთან დაკავშირებით გამოთქმულ განმარტებას გავეცნოთ. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ვიზებზე აკრძალვა მოუხსნეს მაღალი რანგის რვა უზბეკ ოფიციალურ პირს, რომელთაც პასუხისმგებლობას აკისრებენ 2005 წელს ანდიჟანში დემონსტრანტების დახოცვისთვის. აი, რა თქვა გუშინ ლუქსემბურგში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბერნარ კუშნერმა: [კუშნერის ხმა] “ჩვენ ვითვალისწინებთ ბოლო თვეების პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც გვინდა, რომ წავახალისოთ. საამისოდ გავაუქმეთ ინდივიდუალური სანქციები ისე, რომ არ გაგვიუქმებია ემბარგო იარაღზე. მაგრამ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და, ალბათ, შეუმჩნეველი არ დაგრჩენიათ ბოლო ცნობები, დამოუკიდებელ ჟურნალისტ აბდუ ჰაკამოვისთვის 10 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ. ამის გამო ძალიან დიდ ყურადღებას გამოვიჩენთ და ვიმედოვნებთ, რომ ვითარება ისევ არ გაუარესდება”.

კუშნერმა და მისმა კოლეგებმა ლუქსემბურგში მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც მიესალმებიან “გასული წლის მანძილზე მიღწეულ წინსვლას უზბეკეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”. მაგრამ იქვე გამოთქმულია შეშფოთება არაერთი უფლებადამცველის დაპატიმრების გამო და იმის გამოც რომ დასავლეთის უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან ხოლმე უზბეკეთში მუშაობაზე.

პირად საუბრებში, იუწყება ჩვენი კორესპონდენტი, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აღიარებენ, რომ უზბეკეთში ვითარება, უფლებების დაცვის მხრივ, დიდად არ გაუმჯობესებულა. ამის გამო გამოითქმის მოსაზრება, რომ უზბეკეთთან დაახლოების მთავარი სტრატეგიული მიზანია გავლენის გაზრდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

ამავე მიზანს ასახელებენ, როცა საუბარი ეხება ბელორუსიის პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირებისთვის ვიზებზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას. ეს ნაბიჯი ევროკავშირმა ასევე ორშაბათს გადადგა.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სიგნალის მიცემა. საქმე ეხება პოლიტიკურ სიგნალს, რომ “დიახ, მზად ვართ, უფრო წავახალისოთ ბელორუსია”, - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.

ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილებით, ნახევარი წლით გააუქმეს აკრძალვა, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკასთვის და ბელორუსიის ყველა არა, მაგრამ კიდევ 30-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენლისთვის ვიზების გაცემაზე დააწესეს მას შემდეგ, რაც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ბელორუსიაში არ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები. თუმცა, რბილად რომ ითქვას, ქება არც ბოლო არჩევნებს - ბელორუსიაში 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებს - დაუმსახურებია, რაზეც შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილტმა მიუთითა.

[ბილტის ხმა] “მათ რაღაცა გააკეთეს, გაანთავისუფლეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ ამის მერე, როგორც ცნობილია, მართლაც რომ უხეირო არჩევნები ჩაატარეს. ნამდვილად არ დაუკმაყოფილებიათ მოლოდინი, რომელსაც ამ არჩევნებს ვუკავშირებდით. ეს იყო, მთლიანობაში, ისეთივე უხეირო არჩევნები, როგორიც ჩვეულებრივ, ბელორუსიაში ტარდება ხოლმე”.

საპარლამენტო არჩევნებით უკმაყოფილება გამოთქვა ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმაც, თუმცა: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “დარჩენილი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ვფიქრობ, იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი - არა მარტო ჩვენთვის, არამედ თვით ოპოზიციისთვისაც. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამაც კი განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

მართლაც, ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერებმა ალექსანდრ მილიონკევიჩმა და ალექსანდრ კაზულინმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირის ახალ პოლიტიკურ კურსს ბელორუსიასთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG