Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევის მოსახლეობის ომი და მშვიდობა


საჩხერის რაიონის პატარა ქართული სოფელი პერევი, რომელმაც 12-13-ში მღელვარე უქმე დღეები გადაიტანა, კვლავ რუსული სამხედრო ძალების ალყაში რჩება.

ამ სოფლის მცხოვრებლები დანარჩენ ქართულ სოფლებს მეხუთე თვეა რუსი სამხედროების საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით უკავშირდებიან და ბევრი სათქმელი და საჩივარი დაუგროვდათ იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ადამიანების ბედს თბილ კაბინეტებში წყვეტენ. საჩხერეში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მინდა უფრო დეტალურად გაგაცნოთ რუსული მავთულხლართებით გაყოფილი ქართული სოფლების ბინადართა ემოციები.

საჩხერის სოფელ ჯრიას მცხოვრებ 70 წლის ფარვიზ ბაქრაძის სახლში რკინის ღუმელთან ვსხედვართ და ვსაუბრობთ. სახლიდან 200 მეტრში ქართული სოფელი პერევია, სადაც ფარვიზ ბაქრაძეს ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს. აქედან სულ ორიოდ კილომეტრში მდებარეობს ოსური სოფელი სინაგური. მაგრამ ოსური და ქართული სოფლების მცხოვრებლებს ერთმანეთთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ. თუმცა, როგორც ფარვიზ ბაქრაძე ამბობს, 1991 წლამდე, ვიდრე ქართულ-ოსური პოლიტიკური კონფლიქტი გაჩაღდებოდა, ოსები და ქართველები ძმურად ცხოვრობდნენ:

[ფარვიზ ბაქრაძე] ”ხელიხელგადახვეულები ერთად ვქეიფობდით. ქორწილი ისე არ იქნებოდა, რომ არ ჩამოსულიყვნენ, რომ არ დაეძახათ ჩვენთვის. არ იქნებოდა ქორწილი, არ იქნებოდა გასვენება, რომ პერევი, ნახევარი მაინც, არ დაეპატიჟათ.”

მაგრამ ჩვენი საუბრის თემა არა 17 წლის წინანდელი ამბები, არამედ 12 დეკემბრის ინციდენტია, როდესაც რუსმა სამხედროებმა ჯერ დატოვეს სოფელი პერევი, შემდეგ კი გაცილებით უფრო დიდი ძალით დაბრუნდნენ და ახლა რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი ზედ ფარვიზ ბაქრაძის სახლის ღობესთან არის განლაგებული. ბატონი ფარვიზი მეუბნება, რომ მას არ ესმის დიდი პოლიტიკა, მაგრამ მომხდარს თავისებურ ახსნას უძებნის:

[ფარვიზ ბაქრაძე] ”რა მოხდა და, ასე ბრძანეს ამათმა[რუსმა სამხედროებმა], რომ ჩვენ რომ გავედითო, იმას გვიჩიოდნენ, რომ გზა გაქვთ დაკეტილი და ხალხი თავისუფლად ვერ მოძრაობსო და ეხლა მილიცია რატომ მოვიდაო? იარაღიანი ხალხი თუ გინდოდათ, აქ არ ვიყავითო?!” (სტილი დაცულია)

საუბარში ფარვიზ ბაქრაძის მეუღლე, ქალბატონი ნელი ერევა, რომელსაც, ისევე როგორც ყველა ქალს, არ უყვარს ომი. ამიტომ სასოწარკვეთილი და გულმოსულია იმის გამო, რომ მას და მის ოჯახს, რომელსაც საკმაოდ მოუსავლიან მაღალმთიან სოფელში უწვეს ცხოვრება, ყველაფერთან ერთად მშვიდობაც სანატრელი აქვთ:


[ ნელი ბაქრაძე] ”თუნდაც მე ავტომატები მესროლეთ, მაგრამ მშვიდობა იყოს ამ ხალხისათვის. მშვიდობა იმიტომ არ არის, რომ სათავეში ეს უფროსობა არ ვარგიან და იმიტომ არ არის. ჩაწერეთ და თქვით, მაგრამ ჩემთან ლაპარაკით რა გამოვა, ერთი მითხარით?”(სტილი დაცულია)

მხოლოდ ჩემი თანამოსაუბრეები როდი ფიქრობენ, რომ 12 დეკემბერს სოფელ პერევიდან გასული რუსი სამხედროები ქართული პოლიციის ჭარბი ძალების გამოჩენამ და თბილისში გაკეთებულმა ხმამაღალმა პოლიტიკურმა განცხადებებმა მოაბრუნა უკან. გამაღიზიანებელ ფაქტორზე საუბრობს საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძეც. თუმცა იგი ფიქრობს, რომ რუსმა სამხედროებმა ”კლანჭები” ევროკავშირის ელჩების გამო გამოაჩინეს:

[ზურაბ ცერცვაძე] ”მე ვფიქრობ, რომ გააღიზიანა ამათი, ევროკავშირის სახელმწიფოთა, ელჩების გამოჩენამ. უფრო ეს მიზეზი იყო, თორემ გუშინაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ, როდესაც ჩვენ სოფელს ვიკავებდით.”

მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსმა სამხედროებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი სოფელ პერევის შესასვლელთან გააძლიერეს და ისე კაპიტალურად გამაგრდნენ, რომ ძნელი სათქმელია, აპირებენ თუ არა ისინი ახალ წლამდე ამ სოფლიდან გასვლას. ამიტომაც სოფელ პერევის მოსახლეობა, ვისაც ყოველდღე უწევს რუსების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა, იძულებულია შვილები მაინც გაარიდოს იმ სოფელს, სადაც რუსი სამხედროები და ქართველი პოლიციელები ერთმანეთს თოფის სამიზნიდან უყურებენ.

[ქალი პერევიდან] ”იმ დღეს მოვიდნენ ბავშვები, როცა გავიდნენ[რუსები]. გამეხარდა, მეგონა გავიდნენ-მეთქი. მაგრამ წუხელი ჩუმად-ჩუმად გავაპარე ისევ, რადგან ისეთი დაძაბული ვითარება იყო, რომ შემეშინდა. ახლაც დაფრინავენ ისინი. მეშინია. მარტო ვართ მე და ჩემი ქმარი ისევ სახლში. ეს ჩემი გოგოა და ვაცილებ ახლა თავის სახლში.” (სტილი დაცულია)

მაგრამ სოფელ პერევში მხოლოდ ხუთი თვის წინ გაჩნდა მავთულხლართები და გაჭირდა მოძრაობა. მანამდე კი, ჯერ კიდევ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ქართულ სოფელ პერევის მცხოვრებლები ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ გადასვლას ოსურ სოფელ სინაგურში და ინარჩუნებდნენ ურთიერთობას ოს ნათესავებთან და მეგობრებთან. სოფელ პერევის მცხოვრები მადონა ენდელაძე წუხს, რომ არაფერი იცის ოსი ნათესავების შესახებ:


[ მადონა ენდელაძე] ”ნათესავებიც გვყავს იქით, ვმეგობრობთ, ყველაფერნაირად ერთად ვიყავით, ჭირი იყო თუ ლხინი იყო. სულ ერთად მივდიოდით და მოვდიოდით. წელიწადია უკვე, რაც აღარც შევსულვართ. ისინი ცხინვალში წავიდნენ, იქით. და ვართ ასე, დაშორებულები.”(სტილი დაცულია)

ომმა გაყო არა მხოლოდ ქართველები და ოსები, არამედ იმ ორი ქართული სოფლის, პერევისა და ჯრიას, მოსახლეობაც, რომელთა საზღვარზეც დგანან რუსი სამხედროები. პერევი საბჭოთა პერიოდშიც საჩხერის რაიონს ეკუთვნოდა და არავინ იცის, რა საფუძველზე დგანან იქ რუსი სამხედროები. ამიტომ მოსახლეობასთან ერთად იმედგაცრუებულია საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, რომელიც 12 დეკემბერს, კოლეგა დიპლომატებთან ერთად, პერევში ავიდა იმ იმედით, რომ რუსი სამხედროები გასულები დახვდებოდნენ.


[ერიკ ფურნიე] ”რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება იმის დასადგენად, თუ სად გადის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი. დაბოლოს, ჩვენ მოგვეჩვენა, თითქოს რუსები დავარწმუნეთ, რომ პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის გარეთ მდებარეობს, რაზეც ჩვენ ბევრი მტკიცებულება წარმოვადგინეთ. ახლა კი მე არ ვიცი, რა მოხდა, რომ რუსებმა დაარღვიეს პირობა და არ გაიყვანეს თავისი პოსტი სოფელ სინაგურში, რომელიც შემდგომი სოფელია.”

სოფელ პერევის შესასვლელს რუსეთის 58-ე არმიის სამხედროები აკონტროლებენ. ბლოკ-საგუშაგოს სიღრმეში აგებულია თავდაცვითი ნაგებობა, სადაც მობილიზებულია 70-კაციანი დანაყოფი და რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა. ეს ის 58-ე არმიაა, რომელმაც აგვისტოში, ქართული არმიის უკანდახევის შემდეგ, ქალაქი გორი დაიკავა და თბილისიდან 35 კილომეტრში იყო დაბანაკებული. პერევში მდგარი რუსი სამხედროები ჯერჯერობით უპრობლემოდ, სასაზღვრო პროცედურების გარეშე, ატარებენ სოფლის ქართველ მოსახლეობას. თუმცა 12-13 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ, რომელიც კინაღამ სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, უკვე არავინ იცის, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ფორმებს შეიძენს პერევის ოკუპაცია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG