Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა

და უკრაინამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს განსაზღვრავს. მათ შორის უმთავრესია ქარტიის სუბიექტი სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა საქართველოში გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემას – ანალოგიური ხელშეკრულების საქართველოსთან გაფორმების შესაძლებლობას.

ამერიკა–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის არსებობა 17 დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ:

[ნინო კალანდაძის ხმა]“ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფაქტია ის, რომ უკვე არსებობს კონკრეტული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია ქართული მხარისათვის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო ამ საკითხზე ვიმსჯელოთ და ჩვენივე წინადადებები შევთავაზოთ ამერიკულ მხარეს. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც განიხილება კონკრეტულად. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვყალიბდებით ჩვენს წინადადებებზე, თუ რა იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი, ამ პირობებს უკვე დეტალურად გავივლით და, საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმება შედგება.“(სტილი დაცულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში მეტი სიცხადე შეიტანა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. მისი განმარტებით, საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული დადებითი მნიშვნელობა და ეფექტი ექნება:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ამ ეტაპზე რაზეც მიდის საუბარი, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სპეციალური პაქტის გაფორმება, რომელიც ანალოგიური იქნება თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს შორის დადებული პაქტისა. ეს, რაღა თქმა უნდა, არ არის მარტო უსაფრთხოების საკითხებზე მოსაუბრე დოკუმენტი, ეს არის მთელი სპექტრი ურთიერთობებისა, როგორც უსაფრთხოება, ისე ხელოვნება, ეკონომიკა, კულტურა და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

საქართველოში აგვისტოში განვითარებული საომარი მოვლენებისა და ბრიუსელის ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებების შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის ხელშეკრულება ზუსტი ანალოგი არ გამოდგეს, ერთი მხრივ, ბალტიის ქვეყნებთან 11 წლის წინათ გაფორმებული პაქტისა, მეორე მხრივ კი, იმ დოკუმენტის, რომელზეც ვაშინგტონში 2 დღის წინ ხელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ ოგრისკომ მოაწერეს. რუსეთის შეშფოთება, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ბაზების განთავსებას აპირებს, უსაფუძვლოა, - განაცხადა ამ დღეებში მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა. ამავე სამუშაო კვირაში ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი თბილისს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის სამი წევრი სტუმრობდა, კომისიის თავმჯდომარის, შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით. ჰაიდი ტალიავინს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა მოადგილემ უვე შრამმა კი აღნიშნა:

[უვე შრამის ხმა]“ ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ გამოხატა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო.“

საქართველოს მთავრობის გარდა, ევროკავშირის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოხატა ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ. კომისიამ გასულ სამუშაო კვირაში, დასკვნის გამოქვეყნებისა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის შემდეგ, სამთვიანი მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. კომისიამ აგვისტოს კრიზისის დროს და საომარი მოქმედებების პრევენციის მიზნით არაქმედითი მუშაობისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის პროკურატურას გამოსაძიებლად 5 ფაქტი გადასცა, ომის კონტექსტში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი 12 რეკომენდაცია შეიმუშავა.

[პაატა დავითაიას ხმა]“ უშიშროების საბჭოს მუშაობაში ეს არის კოორდინაციის საკითხი, ეს არის პოლიტიკური დაგეგმარების სისუსტე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც იყო საქართველოს წინაშე...აგრეთვე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სფეროში, რაც შეეხება იგივე გეგმის არარსებობას დიპლომატიურ კორპუსში კოორდინაციასთან დაკავშირებით, იმ საკადრო საკითხებს, რომლებიც წამოიჭრა დიპლომატიურ კორპუსში. აგრეთვე საუბარია ინფორმირებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების. უფრო ინტენსიური უნდა ყოფილიყო ეს...ხარვეზები იყო თავდაცვის სამინისტროს სფეროში, გენერალური შტაბის მუშაობაში.“(სტილი დაცულია)

განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ. პარლამენტმა კი, თავის მხრივ, კომისიის დასკვნა ცნობად მიიღო და დადგენილებას ამის თაობაზე 90 ხმით დაუჭირა მხარი. იმავე დღეს, 19 დეკემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ წლის ბოლომდე რიგგარეშე ფორმატში საკანონმდებლო ორგანოს მაინც მოუწევს მუშაობის განგრძობა.

გასული სამუშაო კვირის ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა ჟენევაში საქართველოს კრიზისზე გამართული საერთაშორისო კონსულტაციების მესამე რაუნდი იყო. მასში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებთან ერთად მონაწილეობდნენ გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეუთოს წარმომადგენლები. ჟენევაში იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების დელეგაციებიც. ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე რამდენიმე წინადადებით წარდგა– მათ შორისაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო რეაგირების სადამკვირვებლო მექანიზმის ამოქმედება.

[გიგა ბოკერიას ხმა]“ეს არის იმ საკითხის გაგრძელება, რასაც ჰქვია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეუფერხებელი მუშაობა. სწორედ ამისკენ მივდიოდით. უბრალოდ, უნდა გაწერილიყო ეს სტრუქტურა მეტ–ნაკლებად მაინც. სტრუქტურას, ამ მექანიზმს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა მონიტორინგის. ანუ უნდა ყოფილიყო დაშვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველგან. და ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ ისმის, შესაძლებლობა ყოფილიყო ნეიტრალური პასუხის გაცემისა. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაციამ, ძირითადად, ამ მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლების ხელით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვითონაც დაბლოკა ასეთი სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოყალიბება.“(სტილი დაცულია)

განუცხადა რადიო „თავისუფლებას ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა კი ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შეფასებისას განმარტა, რომ ინციდენტების აღკვეთისა და გამოძიების ერთობლივი მექანიზმის შემმუშავებელი დოკუმენტის პროექტში თანხმობა 12–დან 8 საკითხზეა მიღწეული. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ჟენევაში 17–18 თებერვალს დაიგეგმა. გასულ სამუშაო კვირაში კი, დენიელ ფრიდის მოადგილის მეთიუ ბრაიზას შემდეგ, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონგრესის დემოკრატიის განვითარების კომიტეტის დელეგაციაც ეწვია. მისი წევრის, ელისონ შვოცის, განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს წინსვლას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ქვეყანამ როგორც დემოკრატიის განვითარებისათვის, ასევე ომის შემდგომი სიტუაციისა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამერიკის კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას გაკეთდა განცხადებაც იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პირველი ტრანშის, 47 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება საქართველოში უკვე ხორციელდება. დახმარების ხარჯვა აბსოლუტურად გამჭვირვალეა – ეს უკვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებაა. თუმცა, ამ პირობის მიუხედავად, გასულ სამუშაო კვირაში დონორთა ნაჩუქარი მილიარდების ხარჯვის გაკონტროლების დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ მაინც საჭიროდ მიიჩნია. კოალიცია 7 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგა და მის მიზანს აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს დასახმარებლად შეგროვილი 4, 5 მილიარდი დოლარის ხარჯვის მონიტორინგი, ადვოკატირება და საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს.

[თამუნა ქაროსანიძის ხმა]“ პირველი იქნება დეტალური ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, რა თანხების გადმორიცხვა ხდება საქართველოში, რა პერიოდულობით და როგორ ხდება ამ თანხების განკარგვა მთავრობის მიერ. მეორე, დონორები რამდენად იცავენ გამჭვირვალობას და რამდენად იცავენ პარიზის დეკლარაციით დადგენილ პრინციპებს. მესამე იქნება მთავრობის მონიტორინგი, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რა სახელისუფლებო მექანიზმები არსებობს, რომ ეს თანხები სწორად დაიხარჯოს და მეოთხე მიმართულება იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პროგრამების მონიტორინგი.“ (სტილი დაცულია)

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე იმ მიმართულებებს განმარტავს, რომლებზეც უშუალოდ მის ორგანიზაციას მოუწევს მუშაობა.

გასული სამუშაო კვირა კიდევ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. ოპოზიციურ სპექტრში, მაგალითად, ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნის მიზნით, გამაერთიანებელი ინტერესების შეჯერება მიმდინარეობს. მათი წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად სამუშაო ჯგუფში მიიწვია, საქართველოს პრეზიდენტმა კი რამდენჯერმე კატეგორიულად განმარტა, რომ, სოლიდური ფინანსური ხარჯების საჭიროების გამო, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება.





XS
SM
MD
LG