Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები: ფინანსური კრიზისი


როგორც ყოველი წლის ბოლოს, წელსაც შევაჯამებთ განვლილ წელს, გავიხსენებთ წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.



წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უთუოდ იყო ფინანსური კრიზისი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიწყო და შემდეგ გლობალური მასშტაბი შეიძინა. მოწმენი გავხდით ყველაზე დიდი ეკონომიკური დაღმასვლისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 2008 წელს შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა უოლ სტრიტზე, როგორც მსოფლიო საფინანსო ცენტრზე, მას მერე, რაც ერთი მეორის მიყოლებით განიცადეს კოლაფსი წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა.

ამ წელს სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ნავთობის ფასმა და შემდეგ თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო ვარდნა. ეს წელი იყო აგრეთვე მთავრობების მიერ მიღებული უპრეცედენტო რადიკალური ზომების წელი. როგორც ერთმა ეკონომისტმა იხუმრა, 2008 წელს ცენტრალური ბანკები იქცნენ ფულის ერთადერთ გამსესხებლებად და მთავრობები ერთადერთ მხარჯველებადო.

2008 წლის იანვარში შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეამჩნია, რომ ეკონომიკას გაჯანსაღება სჭირდებოდა. მაგრამ როცა ფისკალური სტიმულირების პაკეტზე საუბრობდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ის ჯერ კიდევ ოპტიმისტურად იყო განწყობილი: "ჩვენ შეგვიძლია მკლავში ინექციის გაკეთება, რათა შევინარჩუნოთ ძირითადად ძლიერი ეკონომიკის ჯანმრთელობა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ეკონომიკის იმ სექტორებმა, რომელთა მოწესრიგებაც ხდება ამჟამად, - მაგალითად, ბინათშენებლობის ბაზარმა, - გავლენა არ მოახდინოს ეკონომიკის სხვა სფეროებზე."

ამერიკისთვის საუბედუროდ და საუბედუროდ მსოფლიოსთვის, ბინათმშენებლობის სექტორის კრიზისმა მართლაც იწყო გადასვლა სხვა სფეროებზე.

კრიზისის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბინათმშენელობისთვის ჰიპოთეკას იღებდა ძალზე ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ვალის გასტუმრების უნარი არ შესწევდა.

როცა ამ ადამიანებმა ვალების გადახდა შეწყვიტეს, გაკოტრება დაიწყეს მათმა კრედიტორებმა. ამან თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ ბანკებმა გაამკაცრეს კომპანიებისა და ერთმანეთისთვის ფულის სესხება. გართულდა კრედიტების შოვნა, რაც ეკონომიკისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ტოლფასია. ჰაერში რეცესიის სუნი დადგა. ახლა საკითხავი ისღა იყო, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ქარიშხალი და გადაწვდებოდა თუ არა ის სხვა ქვეყნებსაც.

მარტში ჰიპოთეკების კრიზისს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. უოლ სტრიტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია "ბეარ სტერნზი" მისმა კონკურენტმა, "ჯეი პი მორგან ჩეისმა" იყიდა თავდაპირველი ფასის მხოლოდ მცირე ნაწილად.

ივლისმა მორიგი მსხვერპლი მოიტანა. დაეცა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ჰიპოთეკების გამცემი კომპანია "ინდიმაკი". იმავე ივლისში სარეკორდო მაჩვენებელს, 147 დოლარს მიაღწია ბარელი ნავთობის ფასმა. ასევე სარეკორდოდ მაღალი იყო ევრო დოლარის მიმართ - 1,60 დოლარი ევროსთვის. და შემდეგ იყო სექტემბრის მოვლენები.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჰენრი ოლსონმა 7 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მთავრობა ჰიპოთეკების გამცემი ორი მსხვილი კომპანიის გადარჩენას აპირებდა: "ფანი მეისა და ფრედი მაკის ზომა იმდენად დიდია და ისინი იმდენად არის გადაჯაჭვული ჩვენს საფინანსო სისტემას, რომ ნებისმიერი მათგანის მარცხი დიდ არეულობას გამოიწვევდა საფინანსო ფაზრებზე."


მომდევნო დღეებსა და კვირებში მოვლენები ძალზე სწრაფად განვითარდა.

15 სექტემბერს, მხოლოდ ერთ დღეს, კოლაფსი განიცადა მსოფლიოში უდიდესმა საინვესტიციო ბანკმა "ლემან ბრაზერსმა", მეორე კი - "მერილ ლინჩი" - სხვა ბანკმა შეისყიდა.

მეორე დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მრავალმილიარდიან სესხს აძლევდა გიგანტურ სადაზღვევო კომპანია "ეი-აი-ჯი"-ს.

სექტემბრის ბოლოსთვის კიდევ ორი საინვესტიციო ბანკი - "გოლდმან საქსი" და "მორგან სტენლი" - იქცნენ ჩვეულებრივ კომერციულ ბანკებად. ჰიპოთეკების გამცემი გიგანტი "ვაშინგტონ მიუჩუალი" კი დაიხურა.

ცნობილი გახდა პირველი დეტალები მთავრობის გეგმისა, რომელიც 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა კრიზისით მოცული საბანკო ინსტიტუტებისგან ე.წ. "ცუდი ვალების" შესასყიდად.

პოს ფაქტუმ ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როცა დამხობის საშუალება მისცა "ლემან ბრაზერსს".

საქმე ისაა, რომ ამ გიგანტის კოლაფსმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია საფინანსო ბაზრებზე.

შემოდგომამდე ევროპის საფინანსო ბაზრები საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და არც ისე უფრთხოდა ამერიკაში შობილ პრობლემებს. მაგრამ სექტემბრის ბოლოს კრიზისმა ევროპელთა კარებზეც დააკაკუნა.

კრიზისულ ღონისძიებათა სერია დიდ ბრიტანეთში დაიწყო ჰიპოთეკების გამცემი ბანკის, "ბრედფორდ ენდ ბინგლის" ნაციონალიზაციით. შემდეგ იყო ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდის მიერ სადაღვევო კომპანია "ფორტისის" გადარჩენის აქცია.

ყველაზე დრამატული ვითარება შეიქმნა ისლანდიაში, რომლის საბანკო სისტემამ კოლაფსი განიცადა ოქტომბერში და ქვეყანა იძულებული გახდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ეთხოვა დახმარება.

წლის ბოლოსთვის ფინანსური კრიზისი განვითარებად ბაზრებსაც მისწვდა. ოქტომბერში პანიკამ მოიცვა რუსეთი, სადაც აქციები თავისუფალ ვარდნას განიცდიდა. საფონდო ბირჟები რამდენჯერმე დაიხურა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების უპასუხისმგებლობა დაასახელა კრიზისის მიზეზად. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი ეპოქის დასასრული გამოაცხადა: "ერთი ეკონომიკისა და ერთი ვალუტის დომინირების დრო ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს."

საერთოდ, როცა ამ კრიზისისთვის პასუხისმგებელთა შესახებ საუბრობენ, თითს სხვადასხვა მიმართულებით იშვერენ ხოლმე.
ეს გახლავთ უპასუხისმგებლო მევალეები; შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი, რომელმაც ძალზე დიდხანს გააჩერა საპროცენტო განაკვეთი ძალზე დაბალ დონეზე; ჰიპოთეკებზე დამყარებული ეგზოტიკური, კომპლექსური ინვესტიციები; კრედიტების მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც ამ ინვესტიციებს მაღალ რეიტინგს აძლევდნენ.

ასეა თუ ისე, ფინანსური კრიზისი ეკონომიკის სხვა სფეროებსაც გადასწვდა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საბანკო, საავიაციო თუ სამრეწველო სექტორები. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.

დეკემბერში დადასტურდა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მთელი წლის მანძილზე რეცესიაში იმყოფებოდა.

იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარება სთხოვეს სავალუტო ფონდს, შეემატა უნგრეთი, ლატვია, უკრაინა, ბალორუსია და პაკისტანი.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, უპრეცედენტო ზომებისთვის მიემართა. საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა. მაგრამ ამას ჯერჯერობით არ ჰქონია სერიოზული ეფექტი. ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა მთელი რიგი უჩვეულო ზომებისგანაც არ დაიხია.

პარალელურად ვარდნას განაგრძობდა ნავთობის ფასი და იგი წლის ბოლოსთვის დაახლოებით 40 დოლარამდე დაეცა.

სავსებით ნათელია, რომ ფინანსური კრიზისი 2009 წელსაც გაგრძელდება და შეიძლება კიდევ უფრო მეტ ხანსაც. არ არის ნათელი, რამდენად სწორია მთავრობების მიერ ფინანსური სისტემის გასაჯანსაღებლად უზარმაზარი თანხების ხარჯვა მომავალი თაობების ხარჯზე. არ არის ნათელი, კიდევ სადამდე შეიძლება გაუარესდეს მდგომარეობა.

ამ ვითარებაში ალბათ ყველაზე უფრო უპრიანი იქნება, თუ შავი იუმორს მივმართავთ. დიდმა ამერიკელმა მწერალმა, მარკ ტვენმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა:

"ოქტომბერი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო თვეა აქციებით სპეკულაციისთვის. ასევეა ივლისში, იანვარში, სექემბერში, აპრილში, ნოემბერში, მაისში, მარტში, ივნისში, დეკემბერში, აგვისტოსა და თებერვალშიო."
XS
SM
MD
LG