Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის სათავეში


ორი დღეც და ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ეყოლება:

ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრის, საფრანგეთის შემდეგ, ევროკავშირს სათავეში მოექცევა მასში სულ ოთხიოდე წლის წინ გაწევრიანებული ჩეხეთის რესპუბლიკა. პრაღას რთულ პერიოდში მოუწევს 27-წევრიანი ბლოკის გაძღოლა - სწორედ მის ამოცანებს ეძღვნება ყოველკვირეულ პროგრამა “ახალი ევროპის” დღევანდელი, 2008 წლის ბოლო გამოშვება.

ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის ყველაზე რთული ამოცანა - საქართველოს საკითხს უკავშირდება. ნათელი არ არის, რამდენად შეასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს - კრიზისის მოგვარებაში პირადად ნიკოლა სარკოზის მონაწილეობის გარეშე. საფრანგეთის პრეზიდენტმა კონფლიქტში შუამავლობა ევროკავშირის ერთობლივი საგარეო-პოლიტიკური მექანიზმების პრაქტიკულად, გაუთვალისწინებლად იკისრა - ბევრი რამ ჩანს დამოკიდებული პიროვნულ ურთიერთობებზე.
პიროვნებებს რაც შეეხება, სარკოზის შემდეგ, ევროკავშირს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერად ისევ ძლიერი პიროვნება მოევლინება - ვაცლავ კლაუსი - ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციების გამომწვევი პოლიტიკოსი.

[პეტრ დრულაკის ხმა] “ვაცლავ კლაუსი არის პიროვნება, რომელიც გულგრილს ალბათ არავის ტოვებს. ის არის კაცი, რომელზეც ყველას აქვს რაღაც აზრი”, - პრაღელი პოლიტოლოგის პეტრ დრულაკის ამ შეფასებას შეიძლება დაემატოს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის შესახებ არცთუ იშვიათია უარყოფითი აზრი სწორედ ევროკავშირში. და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლაუსს არასოდეს დაუმალავს თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება ევროკავშირისადმი, ის თავს ევროდისიდენტს უწოდებს, რაც, მაგალითად, გამოიხატება ევროკავშირის საერთო ვალუტის გაკრიტიკებაში, ლისაბონის ცნობილი ხელშეკრულების უარყოფაში, დაბოლოს - უარში, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეზე ევროკავშირის დროშა აღიმართოს.

აი, როგორი იყო საფრანგეთის ლიდერის რეაქცია: [ნიკოლა სარკოზის ხმა] “ევროპის სიმბოლოებს ასე არ უნდა ეპყრობოდე, რა პოლიტიკური ორიენტაციაც უნდა გქონდეს. ასეთი დამოკიდებულება არ არსებობს, და არც უნდა არსებობდეს”.

სარკოზის კრიტიკას ვაცლავ კლაუსმა უპასუხა ჩეხეთის სატელევიზიო ეთერში გამოთქმული შეფასებით, რომ სარკოზი და მისნაირი პოლიტიკოსები პრინციპში, ანტინეროვპელები არიან, რადგან პატივს არ სცემენ აზრთა მრავალფეროვნებას...

გამოკვეთილი აზრი აქვს ჩეხეთის პრეზიდენტს საქართველოს საკითხშიც: მას არ გაუზიარებია ჩეხეთის მთავრობის კრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო. კლაუსი აგვისტოს ომის, ლამის პირველი დღიდან აცხადებდა, სამხედრო აგრესია - ქართულმა მხარემ დაიწყოო.

თუნდაც ამ პოზიციის გათვალისწინებით, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმართავს ჩეხეთის და შესაბამისად ევროკავშირის პოლიტიკას პირველი იანვრიდან: პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, თუ პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკის მთავრობა.

[პეტრ დრულაკის ხმა] “ჩეხური სისტემა ცოტა უჩვეულოა იმ მხრივ, რომ პრეზიდენტს მართალია დიდი ძალაუფლება ან გავლენა არა აქვს, მაგრამ ყოველთვის უაღრესად ძლიერი პიროვნება იყო და არის. ასეა კლაუსი, ასე იყო ჰაველი და ასე იყო პირველ რესპუბლიკაშიც - 1918 წელს ჩეხოსლოვაკიის დაარსების შემდეგ პრეზიდენტების მასარიკის და ბენეშის შემთხვევებში. მათ არასდროს ქონიათ დიდი ძალაუფლება, მაგრამ ძლიერი პიროვნებები იყვნენ. ამდენად, როგორია რეალური პოლიტიკური პროცესი, დამოკიდებულება იმაზე, თუ რამდენად ახერხებს მთავრობა პრეზიდენტისთვის გარკვეული ტერიტორიის მიჩენას: იმის თქმას, რომ “ეს შენი ადგილია, მაგრამ აქეთ ნუ გადმოხვალ”. ასე იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დროსაც: რეალურად, მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეასრულებს წამყვან როლს - კლაუსი, თუ ტოპოლანეკის მთავრობა”, განმარტავს პოლიტოლოგი პეტრ დრულაკი. ვინც უნდა შეასრულოს წამყვანი როლი ჩეხეთის პოზიციის განსაზღვრაში, ფაქტია, რომ ამ ქვეყანას დაეკისრება განსაკუთრებით საპასუხისმგებლო როლი ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე, რომელიც სწორედ ჩეხეთის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება რუსეთში.
პრაღა კი ამავე პერიოდში უმასპინძლებს ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს”: აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომლის ინიციატივაც პოლონეთსა და შვეციას ეკუთვნის, მართალია არ ითვალისწინებს რუსეთის მონაწილეობას - პროგრამაში ჩართული არიან საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი. მაგრამ მოსკოვის პოზიციაზე მაინც არის ლაპარაკი...

ევროკავშირის რამდენიმე წევრის შეფასებით - ესენი არიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და კიპროსი, მოსკოვს გარკვეული პრივილეგირებული ინტერესები აქვს უშუალო სამეზობლოში, რასაც ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს მოსკოვთან ჰარმონიული, და ეკონომიკურად მომგებიანი ურთიერთობის გასანაღდებლად.

ამ დროს ჩეხეთის რესპუბლიკა - ევროკავშირის ახალი, პოსტკომუნისტური წევრების უმრავლესობასთან ერთად, - უარს ამბობს რეგიონში მოსკოვის რაიმე “პრივილეგირებული ინტერესების” აღიარებაზე.

მოკლედ, დავა ევროკავშირში არაერთ საკითხზე გრძელდება, თუ ამას დავამატებთ - ევროკავშირის მომდევნო მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფოს სათავეში - ევროკავშირის დისიდენტის, ვაცლავ კლაუსის ყოფნის ფაქტორს, ალბათ თამამად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ დაძაბული, ურთიერთსაწინააღმდეგო, კრიტიკული განცხადებებით გამორჩეული - და ამდენად, სულ ცოტა, ჟურნალისტებისთვის საინტერესო ახალი წელი ევროპაში...
XS
SM
MD
LG