Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ხუთდღიანი ომის” ქრონიკა


2009 წელშიც აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იქნება რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი, რომელიც 2008 წლის მთავარი მოვლენა იყო.

რუსეთ-საქართველოს ომს ჩვენი ეთერის არაერთი საათი დაეთმო. ამიტომ საახალწლო პროგრამაში რადიო ”თავისუფლება” შეგნებულად აუვლის გვერდს ომის პოლიტიკურ შეფასებას და შემოგთავაზებთ კონფლიქტის ზონაში ყოფნისას ჩემი თვალით დანახული ომის დღეების ქრონიკას.

8 აგვისტოს დილით ჩემს კოლეგებთან ერთად, ტელეკომპანია ”აჭარიდან”, ქალაქ გორში ჩავედი. კარგად მახსოვს, რომ ჩემი საათი დილის ათის ნახევარს უჩვენებდა. ვჩქარობდი დილის ეთერისათვის მომესწრო ჩართვა უკანასკნელი ცნობებით. მანქანის რადიო გადმოსცემდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. დამამახსოვრდა პრეზიდენტის სიტყვები: ჩვენმა ჯარისკაცებმა 7 აგვისტოს ღამით დაიკავეს ცხინვალი. სასტიკი და ლამის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა თითოეული შენობისა და თითოეული ხისათვის. მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები სრულად აკონტროლებენ ქალაქ ცხინვალსო, - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი. ამ ინფორმაციის შემდეგ ერთი პირობა ვიფიქრეთ გორში არ შეგვევლო და პირდაპირ ცხინვალისაკენ გადაგვეხვია, მაგრამ აფეთქებამ და გორის თავზე გამოჩენილმა კვამლმა ეს ჩანაფიქრი გადაგვაფიქრებინა და გორის ცენტრისკენ გავეშურეთ. იქ გავიგეთ, რომ რუსულ ავიაციას მხოლოდ ქალაქის განაპირას მდგარი მთის კალთა დაებომბა, საიდანაც ქართული არტილერიის დივიზიონი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ცხინვალისა და მის შემოგარენში განლაგებულ საცეცხლე წერტილებს. მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვას რაიმე სახის ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, ქალაქში პანიკა დაიწყო.

[ხმები]

ცოტა ხანში ტელეკომპანია ”თრიალეთში” ვიყავით, სადაც საქართველოს მთავრობის გაერთიანებული პრესცენტრი მდებარეობდა. მას არა სამხედრო პირი, არამედ პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა ინფორმაცია, რომელიც 8 აგვისტოს დილის 10 საათზე ბატონმა გოკამ მომცა, არცთუ ისე სანუგეშო იყო და განსხვავდებოდა უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გავრცელებული ცნობისაგან.

[გოკა გაბაშვილი]

ამ საუბარმა საბოლოოდ გაფანტა ეჭვი ”ბლიცკრიგზე” და უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მოსაპოვებლად ერგნეთისაკენ გავემგზავრე. 8 აგვისტოს დილის 12 საათი იყო, საარტილერიო დაბომბვის ხმა აღარ ისმოდა. საქართველოს ხელისუფლებამ, თბილისის მერ გიგი უგულავას პირით, 3 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა გამოაცხადა. სოფელ მეღვრეკისთან, რომელიც ცხინვალიდან სამ კილომეტრში მდებარეობს, შემთხვევით გადავაწყდი გზაში მდგარ საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რომელიც გენერალური შტაბის ასევე ყოფილ უფროს გენერალ გოგავასა და არტილერიის სარდალ პოლკოვნიკ დევი ჭანკოტაძესთან ერთად რაღაცას თათბირობდა. კეზერაშვილთან პირადი ნაცნობობით ვისარგებლე და ვთხოვე განემარტა, რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე.

[დავით კეზერაშვილი]

ერთი სიტყვით, დავით კეზერაშვილისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ სოფელი მეღვრეკისი სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ჟურნალისტებს, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენზე ზრუნვა მხოლოდ სატყუარა გახლდათ. სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურდა ჟურნალისტებს გვენახა ის სურათი, რაც ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ თვალწინ დაიხატა. 8 აგვისტოს, დაახლოებით შუადღის 4 საათზე, რუსეთის გამანადგურებლებმა საავიაციო ბომბები ჩამოყარეს ცხინვალის მისადგომებთან. დაბომბვა, როგორც ჩანს, ზუსტი აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის შემდეგ სამხედრო ჯიპებით დაიწყეს გორისაკენ დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია. გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაბომბვაში მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადა. გორში მდებარე ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჭიშკართან გამოკრულ ბილბორდზე პირველად გაჩნდა დახოცილი და დაჭრილი სამხედროების სია, რომელიც შემდეგ ყოველდღე იზრდებოდა. 9 აგვისტოს დილით კი დახოცილების რიცხვს შეემატა სამოქალაქო მოსახლეობა. რუსეთის ავიაციამ დილის 9 საათსა და ათ წუთზე, დაახლოებით 15 წუთიანი ინტერვალით, ორჯერ დაბომბა ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე სამხედრო ბაზა და მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი სახლები.

[ ხმები]

9-ში, რუსეთის ავიაციის მიერ გორის დაბომბვის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. საავიაციო დაბომბვამ იმავე დღეს მოიცვა საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქი, დაიბომბა სამრეწველო და სამხედრო მნიშვნელობის ობიექტები თბილისში. რუსეთის 58-ე და 42-ე არმიებმა ერთდროული იერიში წამოიწყეს ძარა-ცხინვალისა და გალი-ზუგდიდის მიმართულებით. უკვე დატოვებული იყო ცხინვალის შემოგარენში მდებარე ყველა დიდი ქართული სოფელი.

[სოფლელები]

10 აგვისტოს დაცლილი იყო დიდი და პატარა ლიახვის ყველა ქართული სოფელი, მოწინააღმდეგეს დაკავებული ჰქონდა მეღვრეკისი, დიცი, ერგნეთი, ტყვიავი და ფრონტის ხაზი სადღაც სოფელ კარალეთთან გადიოდა. იქ 11 აგვისტომდე იდგნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის მებრძოლები. მათ შორის იყვნენ ქალები, რომლებიც ბრძანების გარეშე არ ტოვებდნენ ბრძოლის ველს.

[ქალი სამხედრო]

იზა და მისი თანამებრძოლები ვერ შევიდნენ საბრძოლო პოზიციებზე. 11 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გორი დატოვეს. ქართული საჯარისო და პოლიციური ქვედანაყოფები გამოვიდნენ კოდორის ხეობიდანაც. სულ მალე რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს ახალგორის რაიონი, სადაც დღემდე რჩებიან. საქართველოს სამხედრო ძალებმა, პოლიციის ჩათვლით, ხუთდღიან ომში დაკარგეს 200-მდე სამხედრო პირი. დაიღუპა 170-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ქვეყნისთვის მიყენებულმა საერთო ზარალმა კი მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG