Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიგება თუ არა საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო?


ახალი წლის დღეებში მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მეომართა საფლავები მოვინახულე და გაოცებული დავრჩი.

საფლავების უდიდესი უმრავლესობა მოუვლელი და მიტოვებულია, საძმო სასაფლაოზე იდენტიფიცირებულია მხოლოდ 3 სამარხი, დანარჩენ 30-ს კი მხოლოდ ნომერი და უცნობი ჯარისკაცის წარწერა აქვს, რაც არ შეესაბამება ოფიციალურად გამოქვეყნებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობით სიას. საინტერესოა, რატომ არის ომის დასრულებიდან 5 თვის შემდეგ სამხედროთა საფლავები მოუვლელი და ვინ ზრუნავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიებასა და მათი ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფაზე.

ასიმეტრიული მიწის ბორცვები 400 კვადრატულ მეტრზე, საფლავებზე დასმული გადაფერდებული შავი რკინის ფირფიტები, წარწერით ”უცნობი ჯარისკაცი”, საფლავებზე მიმოფანტული ცარიელი ფოთლები, დამჭკნარი ყვავილები და გახუნებული საქართველოს დროშა - აი, ასე გამოიყურება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა საძმო სამარხი მუხათგვერდის სასაფლაოზე, რაც მნახველის გაკვირვებას და გულისწყრომას იწვევს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 5 ათასამდე საცხოვრებელი სახლი ააშენა ომის დროს ლტოლვილად ქცეული მოსახლეობისათვის, მაგრამ ვერ გამონახა თანხები იმისათვის, რომ ჯეროვანი პატივი მიეგო ხუთდღიან ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნანა ინწკირველი საძმო სასაფლაოს მოუწყობლობას რამდენიმე შემაფერხებელი გარემოებით ხსნის:

[ნანა ინწკირველი] ”მხოლოდ ერთი პროექტი არსებობდა, რომელიც თანხობრივად ძალიან ძვირი ჯდება. მაგრამ ამ პროექტის განხორციელება გასულ წელს იმიტომ არ მოხერხდა, რომ ოჯახები, რომელთა დნმ-ის ანალიზი ემთხვეოდა ჩაბარებულ ანალიზს და დაღუპული ჯარისკაცის ნეშტიდან აღებულ ანალიზს, თავის სურვილის მიხედვით ასვენებდა ამ მიცვალებულს საგვარეულო სასაფლაოზე.” (სტილი დაცულია)

საძმო სამარხი მუხათგვერდის სასაფლაოზე 27 აგვისტოს გაითხარა, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ, და იქ დაიკრძალა ის 44 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ცხედრებიც ცხინვალიდან დიდი დაგვიანებით გადმოასვენეს. ცხედრების უმრავლესობა გახრწნილი იყო, რის გამოც მათ იდენტიფიცირებას გენეტიკური ანალიზი დასჭირდა. საძმო სასაფლაოზე ამჟამად დარჩენილია 33 საფლავი, დანარჩენი ცხედრები კი, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ ჭირისუფლებმა გადაასვენეს. კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედროთა ბედი. სამხედრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 23 ჯარისკაცი და ოფიცერი. საძმო საფლავზე კი წარწერა ”უცნობი ჯარისკაცი” 30 საფლავს აქვს. ამ შეუსაბამობის ასახსნელად განმარტება მე კვლავ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნანა ინწკირველს ვთხოვე.

[ნანა ინწკირველი] ”ბოლო მონაცემით, კიდევ 10 ადამიანი გადმოსვენდა, რომელიც, ზუსტად არ ვიცით, არის ჯარისკაცი თუ სამოქალაქო და რომელთა იდენტიფიკაცია არ მომხდარა. ეს მოხდა დეკემბრის ბოლოს. ცხედრების იდენტიფიკაციას სჭირდება დაახლოებით 2 თვე.” (სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ამდენსავე ხანში დასრულდება ტენდერი საძმო სასაფლაოს მაკეტის შექმნაზე, რაც, ნანა ინწკირველის თქმით, გამჭვირვალედ და ღიად გაიმართება:

[ნანა ინწკირველი] ”აქ ყველა შემთხვევაში გაკეთდება ძმათა სასაფლაო და ვფიქრობ, რომ მას ექნება ცოტა სხვა დატვირთვა: აქ დაიკრძალება ყველა გამოჩენილი სამხედრო პირი, რომელმაც თავისი მოღვაწეობით წვლილი შეიტანა საქართველოს ერთიანობის საქმეში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. თითოეული დაღუპული სამხედრო პირის ოჯახს, კომპენსაციის სახით, სახელმწიფომ 15 ათასი ლარის ერთჯერადი დახმარება გადასცა. მაგრამ აღნიშნული დახმარება ჯერ არ მიუღია იმ 23 სამხედრო პირის ოჯახს, რომლებიც უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლებიან:

[ ნანა ინწკირველი] ”სამწუხაროდ, მათზე დახმარების გაცემა, კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ ხერხდება. იმიტომ რომ, 2 წელი სჭირდება ხანდაზმულობას, რომ [სამხედრო] აღიარებული იყოს როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება 15 ათასი [ლარის] ერთჯერადი დახმარების გაცემა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ რატომ არის ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი 5 დღიან ომში, თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებულ ცხინვალში, და რატომ ვერ მოხერხდა ხუთი თვის განმავლობაში მათზე ინფორმაციის მოპოვება? ეს არის საკითხები, რომელთა გასარკვევადაც ცალკე სამთავრობო კომისია მუშაობს და ცალკე - სამხედრო უწყებაში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ომში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის, მეუღლე, ნინო კანდელაკი, ჩაუდგა სათავეში. თავდაცვის სამინისტრო ასევე აპირებს ითანამშრომლოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვისაც ინფორმაცია მოეპოვება ომში დაღუპული სამხედროების ბედზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG