Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კვლავ ცდილობს მკაცრი კონტროლი დაწესდეს საქართველოს შეიარაღებაზე


რუსეთის ხელისუფლება, რომელიც გამალებით განაგრძობს სამხედრო ობიექტების მშენებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს,




მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანოს საქართველოსათვის საბრძოლო იარაღისა და ტექნიკის მიწოდება. 16 იანვრის განკარგულებით, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სანქციებითაც კი დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს რუსეთში წარმოებულ საბრძოლო იარაღს ან მეორადი დანიშნულების პროდუქციას მიჰყიდიან. საკითხავია, რამდენად იმოქმედებს რუსეთის ემბარგო საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე.


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა 10 თებერვალს რუსეთის შესაბამის უწყებებს დაავალა, მკაცრად ადევნონ თვალყური იმ ქმედებებს, რომელთაც საქართველო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში მიმართავს. რუსეთის ლიდერს არ დაუმალავს, რომ ცდილობს ისეთივე ემბარგო დაუწესდეს საქართველოს, როგორიც ქვეყნებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რეგიონის სტაბილურობას.

[დმიტრი მედვედევი] ”საკითხები, დაკავშირებული ვითარებაზე ახლომდებარე რეგიონებში - მთლიანობაში, არასტაბილურ რეგიონებსა და სახელმწიფოებთან და მათთან დაკავშირებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები - რეგულირდება სპეციალური წესებით, მათ შორის, პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული ზომებით, რაც ითვალისწინებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების აკრძალვას. ასეთ სახელმწიფოებს და ასეთი სახელმწიფოებისთვის იაღარის მიწოდებას ჩვენ ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი. მე მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, საქართველო და ამ თემაზე ჩემ მიერ ხელმოწერილი განკარგულება.”

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ აღნიშნული განკარგულება იანვარში შევიდა ძალაში. ამ განკარგულებით იკრძალებოდა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. ამასთან, მოსკოვი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნაყიდ სამხედრო ტექნიკას საქართველოს გადასცემენ. რუსეთის ლიდერს მხედველობაში ჰყავდა ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ბანაკის ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან საბჭოთა რუსული მოდელის შეიარაღებითა და საბრძოლო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობდნენ. სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, რუსული ემბარგო ვერ შეაჩერებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, თუმცა საქართველოზე ამას ნეგატიური გავლენა მაინც ექნება:

[ირაკლი ალადაშვილი] ”რუსეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მიერ შესასყიდი იარაღის ფასის გაძვირება, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების გვერდის ავლით აწარმოონ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შეიძლება საბაბად გამოიყენონ ეს[განკარგულება] და მოახდინონ გასაყიდი იარაღის ფასების აწევა.” (სტილი დაცულია)

საქართველოს არმიამ რუსეთთან ხუთდღიან ომში საკმაოდ მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ზარალი განიცადა. რუსეთის არმიამ გაანადგურა ან ნადავლად წაიღო ათეულობით ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და რამდენიმე ათასი ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა დანაკარგის შესავსებად ახალ შესყიდვებს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც შარშანდელთან შედარებით 2009 წელს 500 მილიონი ლარით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს. უცნობია ისიც, თუ რომელი ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოსთან სამხედრო- ტექნიკურ თანამშრომლობას და რომელი - არა. თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს:

[დავით სიხარულიძე] ”ეს რუსების ცალმხრივი ინიციატივაა და შეუძლიათ ცალმხრივად, თავისთვის შეინახონ ეს ინიციატივა.” [სტილი დაცულია]

ღირს აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველო მეტწილად ისრაელში, ჩეხეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში მოდერნიზებულ საბჭოთა წარმოების იარაღს და სამხედრო ტექნიკას ყიდულობდა. შარშან ქართულ შეიარაღებაში საკუთრივ ნატოს სტანდარტების ცეცხლსასროლი იარაღიც გამოჩნდა. საქართველოს არმიის გადაიარაღებაზე ბიუჯეტმა ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი თანხა დახარჯა. თუმცა შესყიდვები და საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა სახელმწიფო დონის საიდუმლოს წარმოადგენს და ამ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ უშიშროების საბჭოსა და საპარლამენტო ”ნდობის ჯგუფის” რამდენიმე წევრს მიუწვდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG