Accessibility links

ახალი ამბები

ოსმა სეპარატისტებმა მოიტაცეს სოფელ კოდიდან

ოსმა სეპარატისტებმა მოიტაცეს სოფელ კოდიდან ქარელის რაიონის

ოსმა სეპარატისტებმა მოიტაცეს სოფელ კოდიდან ქარელის რაიონის
სოფელ ჭვრინისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა და მისი ოთხი მგზავრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამტაცებლებმა ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ორი გატაცებული, ირაკლი კაპანაძე და დავით საძაგლიშვილი, გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი, დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე, ოსი სეპარატისტების ტყვეობაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი

ქუთაისში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მუშაობს რვა სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ტანსაცმელი იყიდება.

ბაქოში აქციის წინ დააკავეს ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები

აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და 100-ზე მეტი აქტივისტი, საპროტესტო აქციის წინ, რომლითაც აპირებდნენ გაეპროტესტებინათ გასულ კვირაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. არჩევნები გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.

16 თებერვალს დაკავებულთაგან ბევრი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მმართველმა პარტიამ, ახალმა აზერბაიჯანმა პარლამენტის 125 მანდატიდან 72 მოიპოვა 9 თებერვლის არჩევნებზე. დარჩენილი მანდატების უმრავლესობა მიიღეს მცირე ზომის პარტიებმა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთგულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა.

16 თებერვლის არასანქცირებული საპროტესტო აქციის დაწყებამდე პოლიციამ სახლებში, ან პარტიის ოფისების წინ დააკავა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ილგარ მამედლი, არიფ ჰაჯირლი, რუსლან იზათლი. მოგვიანებით ისინი ბაქოს შემოგარენში გაათავისუფლეს. იზათლი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივლებს.

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

17 თებერვალს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

როჰანი აცხადებს, რომ თეირანი აშშ-ს არასოდეს დაელაპარაკება ზეწოლის ქვეშ

ირანი არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას აშშ-სთან ზეწოლის ქვეშ, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, 16 თებერვალს თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ირანი ერთ დღეს თავის მტერს აიძულებს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

"ირანი არასოდეს გამართავს მოლაპარაკებას ზეწოლის ქვეშ. ... ჩვენ არასოდეს დავუთმობთ ამერიკის ზეწოლას და სუსტი პოზიციიდან არ გავმართავთ მოლაპარაკებას", - თქვა როჰანიმ.

აშშ-მა ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გავიდა 2018 წელს მიღწეული, მნიშვნელოვანი ატომური ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საქციების მოხსნის სანაცვლოდ.

"ირანის მიმართ ამერიკის 'მაქსიმალური ზეწოლა' მარცხისთვისაა განწირული", - განაცხადა როჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანის როლი უმნიშვნელოვანესია რეგიონში უსაფრთხოებისთვის. "ახლო აღმოსავლეთის სენსიტიურ რეგიონსა და სპარსეთის ყურეში მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ირანის დახმარების გარეშე", - თქვა მან.


მეუფე პეტრე: „უძღები შვილის დღეა, მოეგოს პატრიარქი გონს და დაუბრუნდეს ღმერთს“

მეუფე პეტრე ცაავა, რადიო თავისუფლებასთან ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, გრიგოლ კაციას განცხადებას, რომელმაც პეტრე ცაავას მოუწოდა, მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს იმ განცხადებების გამო, რომელიც ჭყონდიდის ყოფილმა მღვდელმთავარმა, გასული წლის 31 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისამართით გააკეთა.

გრიგოლ კაციამ ამის შესახებ 16 თებერვალს, მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დღეს უძღები შვილის დღეა. მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ“.

მეუფე გრიგოლის მოწოდების საპასუხოდ, პეტრე ცაავა თავად მოუწოდებს ილია მეორეს, შენდობა სთხოვოს ღმერთს. მისი სიტყვებით, ილია მეორემ ღმერთს პატიება უნდა სთხოვოს ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი უზნეობისა და უსამართლობისთვის:

„ნამდვილად, დღეს უძღები შვილის დღეა და პატრიარქი და საპატრიარქო უნდა მოეგოს გონს და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მათ ჰყავთ დავიწყებული და უკუგდებული. რჯულისმიერი დარღვევით, უსამართლობით და უზნეობით, რაც ათწლეულების მანძილზე საუბედუროდ სუფევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და რის გამოც დღეს ერია დასჯილი. იერარქიის ცოდვა ერზე გადადის. ამიტომ პატრიარქის პირადი სინანული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დაუბრუნდეს ქრისტე ღმერთს, როგორც უძღები შვილი. და სთხოვოს შენდობა მისი უზნეობისთვის და იმ უსამართლობისთვის, რაც მას ათწლეულების განმავლობაში ჩაუდენია. სთხოვოს შენდობა იმის გამო, რომ ადამიანი [დეკანოზი გიორგი მამალაძე] პირადი გარემოცვიდან, რომელიც მას ამხელდა და მოუწოდებდა სინანულისკენ, დააჭერინა და როგორც პირადი პატიმარი, ისე უზის ციხეში და ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენს მასზე. ეს იქნება ერის დაბრუნება ქრისტე ღმერთთან. საპატრიარქოს სახით, რომელიც განდგომილია ქრისტე ღმერთს და ქადაგებს ცრუ ქრისტიანობას, საბჭოთა ქრისტიანობას, წითელი ეკლესიის მემკვიდრეობის სახით“.

მეუფე პეტრე ცაავას, სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმოქმედება 31 ოქტომბერს შეუჩერდა. სინოდის დასკვნის თანახმად, მეუფე პეტრეს მოსანანიებელი აქვს „კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, ცილისწამება“.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადება გააკეთა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიუნხენში მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა 15 თებერვალს ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის გაყინულ კონფლიქტზე, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ ამ, 30 წელიწადზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე უთანხმოების გადასაჭრელად.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ, საჯარო დისკუსიის ფორმატში.

მთიანი ყარაბაღი, ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. სამხედრო კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია კონფლიქტის გადაჭრის მიზნით წარმოებულ დიპლომატიურ ძალისხმევას.

ბოსნიაში შეტაკებები მოხდა მიგრანტებს და პოლიციას შორის

ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეტაკებები მოხდა ასობით მიგრანტს და პოლიციას შორის, მაშინ, როცა მიგრანტები ცდილობდნენ გამოეღწიათ ბანაკიდან, იქ არსებული პირობების და ახლოს მდებარე ხორვატიის სასაზღვრო დაცვის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გასაპროტესტებლად.

შეტაკებები მოხდა 15 თებერვალს, მირალის მიგრანტთა ბანაკში, დასავლეთ ბოსნიაში, დაახლოებით 10 კილომეტრით მოშორებით ხორვატიის საზღვრიდან. ბანაკში 1000-მდე მიგრანტი ცხოვრობს, რაც 300-ით აჭარბებს შენობაში განსაზღვრული ადგილების რაოდენობას. დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის, თუმცა თვითმხილველებმა როიტერსს უთხრეს, რომ დაინახეს, როგორ მოხდა შეტაკება და როგორ დააკავა პოლიციამ რამდენიმე, ძირითადად მამაკაცი მიგრანტი, რომლებიც სკანდირებდნენ "თავისუფლება", "დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული", "შეწყვიტეთ ჩვენი ცემა".

მიგრანტებიდან ბევრი ჩივის ხორვატიის საზღვრო დაცვის წევრებზე, რომლებსაც ისინი ბრალს სდებენ ძალადობრივ მოპყრობაში, როცა საზღვარზე გადასვლა სცადეს. ბანაკში მცხოვრებმა მიგრანტმა, სალამ ბატუმ სააგენტო როიტერსს უთხრა: "ხორვატიის პოლიცია ძალიან, ძალიან ცუდია. ჩვენ გვსურს საზღვარი გაიღოს. გთხოვთ აღარ დაგვარტყათ. ნუ გაგვხდით ქურთუკებს, ფეხსაცმელს და წინდებს. ისინი ყველაფერს გვართმევენ". პაკისტანელი მამაკაცის სიტყვებით, "საზღვართან თუ მივალთ, ხორვატიის პოლიცია ჩვენს ქურთუკებს და ფეხსაცმელებს ცეცხლს უკიდებს, გვართმევენ მობილურ ტელეფონებს".

ხორვატიის მხარე უარყოფს ბრალდებებს, რომ პოლიცია სასტიკად ეპყრობა მიგრანტებს. ბოსნიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2019 წელს ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა 50,000-მდე მიგრანტმა, ძირითადად პაკისტანიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან, მაროკოდან და სირიიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრ ხორვატიის გავლით დასავლეთ ევროპაში ცდილობდნენ ჩასვლას.

ბოსნიის ტერიტორიაზე 6000-მდე მიგრანტი რჩება, მათი უმრავლესობა სახელდახელოდ აგებულ ბანაკებშია განთავსებული.

სტოლტენბერგი უარყოფს წინადადებას, საფრანგეთის ბირთვული არსენალი გახდეს ევროპის უსაფრთხოების ცენტრი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება, საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები განთავსდეს ევროპის თავდაცვის სტრატეგიის ცენტრში და განაცხადა, რომ აშშ და ბრიტანეთი უკვე უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ეფექტიან სისტემას.

"უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს გვაქვს ევროპული ბირთვული შემაკავებელი - მას 28 მოკავშირე ყოველდღიურად უზრუნველყოფს, და ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს სისტემა ათწლეულებია არსებობს", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. "ეს ნაცადია და გამოცდილი, ჩვენ მას ვიყენებთ, ინსტიტუციონალიზებულია და ევროპისთვის წარმოადგენს უსაფრთხოების მთავარ გარანტიას", - თქვა სტოლტენბერგმა, რომელმაც საფრანგეთს უწოდა "დიდად დაფასებული მოკავშირე", რომლის ბირთვული შესაძლებლობები ხელს უწყობს ნატოს მთლიან უსაფრთხოებას.

მაკრონი გამოდის ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემების ცვლილების იდეით, ბრექსიტის, ანუ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის პასუხად. ბრექსიტის შემდეგ, საფრანგეთი დარჩა ევროკავშირის ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელსაც ბირთვული არსენალი აქვს. მაკრონი გამოდის ევროპული "სტრატეგიული ავტონომიის" იდეით - ანუ შესაძლებლობის, კონტინენტმა თავი დაიცვას ვაშინგტონზე დაყრდნობის გარეშე, თუმცა თან აცხადებს, რომ ნატოს ერთგული რჩება.

გასულ კვირაში წარმოთქმულ მნიშვნელოვან სიტყვაში მაკრონმა გამოთქვა წინადადება, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაიმართოს დიალოგი იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს საფრანგეთის ატომურმა შემაკავებელმა, და, ამავე დროს, გამოვიდა ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტების მნიშვნელოვანი გაზრდის წინადადებით.

საფრანგეთი ნატოს წევრია, მაგრამ მისი ატომური იარაღი ალიანსისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ის დიდი ხანია ამაყობს თავისი დამოუკიდებელი ბირთვული შესაძლებლობებით. გერმანია განსაკუთრებით ეწინააღმდეგება დამოკიდებულების გაზრდას საფრანგეთის არსენალზე, როგორც შემაკავებელზე და თვლის, რომ აშშ-ის ბირთვული ქოლგა უსაფრთხოების მთავარ სისტემას წარმოადგენს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა

„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“, „დაიცავი თავისუფალი მედია“, - ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნანი თოშხუა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას: „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ქმნიან არა მხოლოდ ეთიკურ ჟურნალისტიკას, არამედ იცავენ საზოგადოების ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სტრატეგიულ ინტერესებს, ეს არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატიული და დასავლური ფასეულობები. ამიტომ ჩვენი აქ დგომა ერთჯერადი აქცია არ არის. ეს არის აქცია, რომელიც იცავს ფასეულობებს და ღირებულებებს“.

სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს ბათუმშიც. აჭარის ტელევიზიის შენობასთან ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

17 თებერვალს, სოლიდარობის აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის წინ. აქციის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს. მათი განცხადებით, ტელევიზიაში ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ, დაიწყო არასასურველი კადრების დევნა და საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას.

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა

აჭარის ტელევიზიის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართეს ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რეგიონულ მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ამიტომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი საფრთხეს ხედავენ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებაში - შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, იმ მოტივით, რომ მოადგილის შტატს აუქმებს.

აქციის მონაწილეების ნაწილი საგანგაშოდ მიიჩნევს კოხრეიძის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო ფილმები მიმდინარე წელს ტელევიზიის ეთერში არ გავა. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის, გია ქარცივაძის თქმით, კონკურსი საგამოძიებო ფილმებზე, დირექტორის გადაწყვეტილებით, აღარ გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიის წლევანდელ ბიუჯეტში ამ მიმართულებისთვის თანხა გათვლილია. გია ქარცივაძე მენეჯმენტს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა დირექტორის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზეზადაც კი იქცეს.

ყოფილმა ქმარმა ცოლი სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით მოკლა

23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა, საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დაც.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 33 წლის თელმან მუსტაფაევი ნასამართლევია. ის სასჯელს ყოფილი სიდედრისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იხდიდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქმარს წელიწად-ნახევრის წინ გაშორდა. ამ ხნის განმავლობაში, კაცი რამდენჯერმე მივიდა მათ სახლში, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დედის თქმით, მის შვილს ქმართან შერიგება არ უნდოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი დაამარცხა და ტოპ 15 გაინაღდა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში (ბრძოლა წესების გარეშე) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გამთენიისას, ქართველი მებრძოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუპირისპირდა იქაურ კეისი კენის. ფავორიტად სწორედ ამერიკელი ითვლებოდა, რომელსაც აქამდე ჩატარებული თორმეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული. დვალიშვილის ანგარიშზე კი ორ-ორი მოგება და წაგება იყო.

ქართველმა მებრძოლმა სამივე რაუნდში დაჩაგრა მოწინააღმდეგე და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

ამ წარმატებით მერაბ დვალიშვილმა მსოფლიოს რეიტინგის თხუთმეტ საუკეთესოში მოხვედრა გაინაღდა, რაც მას რეიტინგის უძლიერეს მებრძოლებთან დაპირისპირების საშუალებას მისცემს.

ერთი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს გუდაურში, გამთენიისას

გუდაური

ერთი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს გუდაურში 16 თებერვალს, გამთენიისას. შემთხვევა კაზინო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანაშაული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი დადგენილია. მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდო დამნაშავის ძებნის ღონისძიება. გარდაცვლილიცა და სავარაუდო დამნაშავეც საქართველოს მოქალაქეები არიან.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გუდაურში იპოვეს რუსი ტურისტის ცხედარი

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა სამძებრო ოპერაცია დილის 07:30- ზე განაახლა. ცხედარი დაახლოებით ორ საათში აღმოაჩინეს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 15 თებერვალს, რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა.

იოკოჰამას პორტში, საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა

"როიტერსის" ცნობით, იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა და ლაინერზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355-ს მიაღწია.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულები იაპონიის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

აშშ-ს, კანადისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია. ინფორმაციას ავრცელებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია.

უწყების ინფორმაციითვე, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 68 500-ს მიაღწია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 25-ზე მეტ ქვეყანაში, ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. ლომთაძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუმინელი, მოლდოველი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდება. 125 კილოგრამში, გენო პეტრიაშვილმა ფინალის გზაზე ესპანელ, რუს და უკრაინელ მძიმეწონოსნებს მოუგო და ევროპის ჩემპიონის მეორე ტიტულს პოლონელი რობერტ ბარანის ძლევა აშორებს.

61 და 125 კილოგრამებში ფინალები ხვალ გაიმართება. ხვალვე, კიდევ სამ წონით კატეგორიაში შეივსება საპრიზო სამეულები და საქართველოს ნაკრების წევრთაგან ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ირაკლი მწითურიც (79 კგ) იბრძოლებენ კვარცხლბეკზე ასასვლელად. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად მწითურს ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება, კენჭაძეს - ორის.

საუკეთესო შემთხვევაში, ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულებენ. ამჟამად გუნდის ანგარიშზე ერთი ბრინჯაოა, რომელიც 15 თებერვალს მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).

აფეთქება მოხდა ბაღდადში, აშშ-ისა და კოალიციის ძალების სამხედრო ბაზაზე

ბაღდადში, სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს ამერიკელ სამხედრო თანამდებობის პირზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, წყაროს მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სამხედრო ბაზა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

ზარიფი: ტრამპი ცდება, თუკი თვლის, რომ ირანის მთავრობა კოლაფსის პირასაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არასწორ რჩევებს იღებს, თუკი სჯერა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან ირანზე განხორციელებული "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია თეირანში მთავრობის კოლაფსს მოიტანსო.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ზარიფმა თქვა, ტრამპი დაარწმუნეს, "რომ ჩვენ კოლაფსის პირას ვართ და მას არ სურს კოლაფსის პირას მყოფ რეჟიმთან მოლაპარაკება".

ტრამპმა ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გავიდა 2018 წელს მიღწეული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ტრამპმა ჩათვალა, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ ირანს არ მისცემოდა ატომური იარაღის შექმნის საშუალება. ამასთან, ტრამპი აცხადებდა, რომ თეირანი ამ ხელშეკრულების სულისკვეთებას არღვევდა რეგიონში ექსტრემისტული ძალების დაფინანსებით.

ირანი უარყოფს ამ ბრალდებებს. სანქციებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ირანის ეკონომიკაზე და მისი ეროვნული ვალუტის დაცემა გამოიწვია.

ლავროვი ნატოს და ევროკავშირს დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს და უფრო ფართოდ ევროპას ბრალი დასდო კონტინენტზე დაძაბულობის გაზრდაში და ლიდერებს მოუწოდა უარყონ "რუსეთის საფრთხის მოჩვენება".

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სერგეი ლავროვს არ უხსენებია კრიზისი უკრაინაში, სადაც უკრაინის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის თითქმის ექვსწლიან კონფლიქტს 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთისთვის და სხვა სადამსჯელო ნაბიჯები.

ლავროვის თქმით, რუსეთთან დაძაბულობაში ნატოს მიუძღვის ბრალი, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში ბოლო წლებში უფრო მეტი დასავლური შეიარაღების და სამხედრო ძალების დისლოცირებით. "ნდობის კრიზისი ყველაზე მწვავედ ევროპულ საქმეებში იგრძნობა" - თქვა ლავროვმა.

პომპეო: რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „დასავლეთი იმარჯვებს“, რითიც უპასუხა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი უკან იხევს გლობალური ჩართულობისგან და გერმანიის პრეზიდენტის გაფრთხილებას ახლებურ კონკურენციაზე „მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს“ შორის.

ამ გამოსვლაში პომპეომ სხვა თემებთან ერთად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობაზეც. "ზოგიერთ ქვეყანას კვლავ იმპერია სურს. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ან, უფრო სწორად, ქვეყნებზე, რომლებისთვისაც ის მიუღებელია. რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პომპეოს განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. "ვაფასებ აშშ-ის წვლილს რეგიონში უსაფრთხოების დამყარებაში და მყარი კავშირების შენარჩუნებას საქარტველოს მსგავს მოკავშირეებთან. მადლობელი ვარ, რომ მაიკ პომპეო ჩვენს გვერდით არის, რათა შეჩერდეს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ძირის გამოთხრას საქართველოს პროდასავლური ინტეგრაციის პროცესისთვის" - წერს ზალკალიანი.

ბავარიის ქალაქში ეს ყოველწლიური კონფერენცია უკვე წლებია თავს უყრის მსოფლიოს ლიდერებს და ზოგჯერ ჩატარებულა აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობაში დაძაბულობის პირობებში, მაგალითად, 2003 წელს, როცა ერაყის ომის შესახებ მიმდინარეობდა დებატები.

ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის დაძაბულობა ამჟამად ნატოზე ახდენს გავლენას. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმამაღლა აკრიტიკებს ნატოს ევროპელ წევრებს - აცხადებს, რომ ისინი საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვის ბიუჯეტებში. ამასთან, ტრამპმა ეჭვი გამოთქვა ალიანსის ფუნდამენტურ პრინციპზეც, რომ ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ალიანსის ყველა წევრზე იერიშს.

კონფერენციის პირველ დღეს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოვიდა განცხადებით, რომ გლობალურ არასტაბილურობას ხელს უწყობენ რუსეთი და ჩინეთი, აშშ-სთან ერთად, და ისაუბრა საფრთხეზე, რომ ეს სამი ქვეყანა შესაძლოა ჩაერთოს „წამყვანი სახელმწიფოების“ ახლებურ კონკურენციასა და გამალებულ ბირთვულ შეიარაღებაში.

ესპერი: აშშ-ის და თალიბანის შეთანხმება იმედისმომცემია, თუმცა საფრთხეებს შეიცავს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება ავღანეთში ერთი კვირით ძალადობის შემცირებაზე "ძალიან იმედისმომცემი ჩანს", თუმცა საფრთხეებსაც შეიცავს.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ესპერმა თქვა, დროა "მშვიდობას შანსი მიეცეს", ამ თითქმის 19-წლიანი კონფლიქტისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამოძებნითო. "ეს გარკვეულ რისკზე წასვლას გულისხმობს" - განაცხადა ესპერმა - "ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას და ეს ნიშნავს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ადგილზე თანამშრომლობას, რათა ამაზე გავლენა ვიქონიოთ".

ესპერის ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის გარანტიით ჟურნალისტებს მიუნხენის კონფერენციის მსვლელობისას უთხრა, რომ აშშ-მა და თალიბანმა მიაღწიეს შეთანხმებას ძალადობის ერთკვირიან შემცირებაზე და ეს შეთანხმება "ძალიან მალე" ამოქმედდება.

ზელენსკი გამოდის მოწოდებით, ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს დონეცკსა და ლუგანსკში

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ომით გაჩანაგებულ აღმოსავლეთშიც, მთელ დანარჩენ ქვეყანასთან ერთად, იქ კვლავაც მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება კიევის ბრძოლაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან.

"უკრაინაში ომი - ვიცი - არის ევროპაში ომი. ყირიმის ანექსირებასთან ერთად, ის უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც მეორე მსოფლიო ომი - უბრალოდ წარმოიდგინეთ!" - თქვა ზელენსკიმ.

"დღეს ჩვენი სურვილია, 2020 წლის ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები გავმართოთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკის და ლუგანსკის კონკრეტული ადგილების ჩათვლით", - თქვა მან და დასძინა: "იგივე სურვილი გვაქვს ყირიმის ტერიტორიასთან მიმართებითაც".

"დონბასში ხალხს ესაჭიროება არჩევნები, რომლებსაც უკრაინა და მთელი მსოფლიო ლეგიტიმურად აღიარებს. ... და არჩევნები ასეთად ვერ ჩაითვლება, თუკი ის არ გაიმართება უკრაინის კანონთან შესაბამისად, სროლის ხმის ფონზე, ჩვენი საზღვრის [უკრაინის] მიერ გაუკონტროლებლად", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დეკემბერში, პარიზში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანია და საფრანგეთიც. მაგრამ მოლაპარაკებამ ვერ გამოიღო შედეგი კონფლიქტის გადაჭრასთან მიმართებით. ამ კონფლიქტს უკვე 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მის შედეგად მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლ-კარი.

ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რუს ბიატლონისტს ჩამოართმევენ ოლიმპიურ ოქროს

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, რუსი ბიატლონისტი, ევგენი უსტიუგოვი დისკვალიფიცირებული იქნება ანტისადოპინგო კანონების დარღვევის გამო. სპორტსმენს, და მასთან ერთად რუსეთის ნაკრებს, ჩამოერთმევათ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქრო.

34 წლის სპორტსმენს ბრალი ედება ანაბოლიკური სტეროიდის, ოქსანდროლონის მიღებაში. გაუქმდება შედეგები, რომლებიც სპორტსმენმა აჩვენა 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-2014 წლების სეზონის დასრულებამდე. 2020 წლის 13 თებერვლიდან ის ორი წლით იქნება დისკვალიფიცირებული. გადაწყვეტილება დაეფუძნა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ 2013 წელს მოპოვებული მონაცემების ანალიზს.

უსტიუგოვთან ერთად დისკვალიფიკაცია მიენიჭა 33 წლის ბიატლონისტ სვეტლანა სლეპცოვას. მას პრეპარატ ოსტარინის მოხმარებაში სდებენ ბრალს. გაუქმდება მისი შედეგები, რომლებიც მან აჩვენა 2013 წლის 22 მარტიდან 2013-2014 წლების სეზონის დასრულებამდე. ამ პერიოდში მას პრიზები არ მოუგია.

ორივე სპორტსმენი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ლოზანაში განთავსებულ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რუსეთის სპორტი აღმოჩნდა მასშტაბური სადოპინგო სკანდალის ცენტრში - როცა გაირკვა, რომ რუსეთის სპორტსმენები, ხელისუფლების და საგანგებო სამსახურების ხელშეწყობით, შეჯიბრებების დროს მასობრივად არღვევდნენ ანტისადოპინგო წესებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG