Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლებას სტალინის კრიტიკა?


დღეს გიამბობთ ერთ წიგნზე და დაბრკოლებაზე,

რომელიც მის გამოქვეყნებას შეექმნა რუსეთში. წიგნის სათაურია “მოჩურჩულენი: პირადი ცხოვრება სტალინის რუსეთში”.

წიგნი, რომლის ავტორიცაა ბრიტანელი ისტორიკოსი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ორლანდო ფიგესი, შედგენილია ასობით საოჯახო არქივის, სტალინურ რეპრესიებს გადარჩენილებთან ასობით ინტერვიუს მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციიის საფუძველზე. საამისოდ ბრიტანელი მეცნიერი მუშაობდა უფლებადამცავ ორგანიზაცია “მემორიალთან” ერთად - ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრიცაა რუსეთში და მის მუშაობაზე კიდევ მოგვიწევს საუბარი.

ორლანდო ფიგესმა კარგა ხნის წინ დაასრულა მუშაობა წიგნზე “მოჩურჩულენი: პირადი ცხოვრება სტალინის ეპოქაში”, ის მოსკოვის ერთ-ერთ გამომცემლობასაც ჩააბარა, მაგრამ ორშაბათს მიიღო მოულოდნელი შეტყობინება, რის შესახებაც სჯობს თვით ფიგესს მოვუსმინოთ.

[ფიგესის ხმა] “მოსკოვის გამომცემლობა ატტიკუსმა (ინოსტრანკამ), გააუქმა კონტრაქტი, რუსეთში ჩემი ბოლო წიგნის გამოქვეყნების შესახებ. მიზეზი, რომელიც გამომცემელმა დაასახელა, არის ეკონომიკური ვითარება, რითაც, შესაძლოა, ნაწილებრივ აისხნებოდეს კიდეც ეს ამბავი, მაგრამ ვვარაუდობ (და ამ ვარაუდს რუსეთში ჩემი მეგობრებიც იზიარებენ), რომ მიზეზი სინამდვილეში პოლიტიკურია. ჩემს წიგნში ასახული ამბავი არ აწყობს ამჟამინდელ რეჟიმს რუსეთში”.

რატომ ვარაუდობს ორლანდო ფიგესი პოლიტიკურ მიზეზს? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად “მემორიალს” უნდა დავუბრუნდეთ.

გასული წლის 4 დეკემბერს ამ ორგანიზაციის სანქტ პეტერბურგის ოფისში შეცვივდნენ ხელკეტებით შეიარაღებული, შენიღბული მამაკაცები - როგორც გაირკვა, რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მუშაკები. მათ მიერ იქნა კონფისცირებული მყარი დისკები, რომლებიც მოიცავს “მემორიალის” სანქტ პეტერბურგის ფილიალის მთელს არქივს: მონაცემებს სტალინიზმის რეპრესიების მსხვერპლთა ბიოგრაფიებზე, საოჯახო არქივებს, აუდიო ჩანაწერებს და ა.შ. - შესაბამისად, მთელს ინფორმაციას, რომელიც სანქტ-პეტერბურგში “მემორიალისაგან” მიიღო ინგლისელმა ისტორიკოსმა და თავისი ახალი წიგნისთვის გამოიყენა.

საბედნიეროდ, ამბობს ორლანდო ფიგესი, მას გაკეთებული აქვს გამოყენებული წყაროების ასლები. მაგრამ დანარჩენი მონაცემებიდან, ყველაფერი სამართალდამცავების ხელში რჩება. ეს გარემოება, “მემორიალში” რეიდთან ერთად, მიუთითებს უფრო მასშტაბური იდეოლოგიური ბრძოლისაკენ რუსეთში ისტორიის ინტერპრეტაციის, ისტორიის სწავლების გასაკონტროლებლად. და, ბრიტანელი ისტორიკოსის ვარაუდით, ამ ბრძოლამ განსაზღვრა რუსეთში მისი ახალი წიგნის ბედიც.

კრემლი აქტიურად მუშაობს სტალინის რეაბილიტაციაზე: მიზანია არა სტალინურ ბოროტმოქმედებათა უარყოფა, არამედ სტალინის დამსახურებების ხაზგასმა, მას “დიად საბჭოთა წარსულში” რომ მიუძღვის. მიზანია, რუსებმა იამაყონ საბჭოთა წარსულით, არ დაითრგუნონ სტალინიზმის რეპრესიების გამო დანაშაულის გრძნობით.

2007 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა სკოლის პედაგოგებს, უფრო ნათელ ფერებში, უფრო პოზიტიურად აესახათ სტალინის მმართველობის წლები. სტალინი იყო ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირი გააძლიერა, რომელმაც ჰიტლერთან ომში გაიმარჯვა - მისი “შეცდომები” კი არაფრით იყო დასავლეთის სახელმწიფოების დანაშაულებზე უარესიო - დიახ, ეს შეფასება ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

ისე, სტალინის ქება, რასაკვირველია, არც საქართველოშია უცხო ხილი: [ვალერი სუხიშვილის ხმა] “ყველაზე დიდი დემოკრატი სტალინი იყო, რომ იცოდეთ. ეხლა ... სტალინს გაგება უნდა! ნამდვილი დემოკრატი იყო სტალინი: კანონს არ არღვევდა, პოლიტბიურო ჰყავდა, მოელაპარაკებოდა, ხალხს ელაპარაკებოდა და ყველა საკითხის განხილვა ხდებოდა სახალხოდ! თორემ ხალხი ესე არ გაჰყვებოდა. მილიარდნახევარი ჩინეთი მუხლებზე იჩოქებდა ამ კაცის წინაშე და მთლეი ევროპა გაანთავისუფლა და ეხლა, რა გვინდა, რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი? ეპოქა იყო ასეთი და ის კაცი იყო ეპოქის შესაფერისი პიროვნება!”

საქართველოში სტალინს, რუსეთისაგან განსხვავებით მართალია, პრეზიდენტი არ აქებს - არამედ, როგორც ახლა მოისმინეთ, რიგითი მოქალაქე, გორელი ვალერი სუხიშვილი. მაგრამ, ასეა თუ ისე, ვალერი სუხიშვილი გასულ თვეში დანიშნეს “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. “დემოკრატიულ მოძრაობას” კი, როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს - საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც ორჯერ მოუწია პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება...

რუსეთს დავუბრუნდეთ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტალინიზმის ისტორიის, თავისთვის სასურველ ინტერპრეტაციას ასახავს წიგნში სახელწოდებით “თანამედროვე რუსეთის ისტორია, 1945-2006: მასწავლებელთა სახელმძღვანელო წიგნი”. წიგნის ერთ-ერთი ავტორის, კრემლის პროპაგანდისტ პაველ დანილინის განმარტებით, მიზანია, რუსეთის ისტორია აისახოს არა “წარუმატებლობათა და შეცდომათა დამთრგუნველ მონაცვლეობად, არამედ სიამაყის საგნად. ზუსტად ასე უნდა ასწავლიდნენ პედაგოგები ისტორიას - იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს ჩირქი მოსცხონ”. პაველ დანილინი, რომელსაც ისტორიის სწავლების შესახებ ეს ხედვა ეკუთვნის, მიჩნეულია გლებ პავლოვსკის თანამოაზრედ - პავლოვსკი კი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია და რედაქტორი გამოცემისა სახელწოდებით “რუსული ჟურნალი”, რომელიც პუტინის ფსევდოდემოკრატიის ინტელექტუალური საფუძვლის, თუ გამართლების შექმნას ემსახურება.

გასული წლის დეკემბერში “მემორიალში” რეიდს, ასე ვთქვათ, დაემთხვა ამ ჟურნალის საგანგებო ნომრის გამოქვეყნება. ის კი მოიცავს ორ სტატიას, რომელშიც აკრიტიკებენ “მემორიალის” საქმიანობას უცხოელი ისტორიკოსებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ჩირქს რომ სცხებს საბჭოთა ისტორიას...

გამოდის, ხელისუფალთ რუსეთში არ სურთ, გავრცელდეს პუბლიკაციები, რომლებიც სტალინისტურ რეპრესიებს ასახავს. გამოდის, პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს მოსკოვური გამომცემლობის უარს ბრიტანელი ისტორიკოსის, ორლანდო ფიგესის წიგნის დაბეჭდვაზე.

სხვა ქვეყნებში კი წიგნს “მოჩურჩულენი - პირადი ცხოვრება სტალინის რუსეთში” საკმარისი მკითხველი ჰყავს: [ფიგესის ხმა] “მოჩურჩულენი” 22 ენაზეა გადათარგმნილი, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ევროპულ ენაზე - გარდა რუსულისა, როგორც ახლა ირკვევა”. ორლნდო ფიგესის ტექსტი რუსულ ენაზეც არის თარგმნილი - ისტორიკოსი, ცხადია, რუსეთში მის გამოცემაზე უარს გულისხმობს.
XS
SM
MD
LG