Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, ბელორუსია და სანქციები


ევროკავშირს რთული ურთიერთობა აკავშირებს ბელორუსიასთან:

ბრიუსელი ბელორუსიის პრეზიდენტს, ერთი მხრივ, ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებს, მეორე მხრივ კი ცდილობს, თავი აარიდოს მის იზოლირებას, რათა რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებისაკენ არ უბიძგოს. ამ რთულ ურთიერთობას კარგად ასახავს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხკედრაზე მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მინისტრებმა კერძოდ გადაწყვიტეს, ერთი წლით გააგრძელდეს ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართული სანქციები, მაგრამ მათგან მთავარი სანქცია - ბელორუსიის ლიდერისა და სხვა წამყვანი ოფიციალური პირებისთვის ვიზებზე უარი - შეჩერებულია დამატებით 9 თვით. ანუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, კიდევ 40 ოფიციალურ პირთან ერთად, წლის ბოლომდე კვლავაც შეეძლება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

ეს წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება - სანქციების ძალაში დატოვება, მაგრამ მთავარი სანქციის შეჩერება - ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ასახავს კომპრომისს ორ ბანაკს შორის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ მინსკს მეტის გაკეთება მართებს ევროკავშირის კეთილგანწყობის დასამსახურებლად, მაშინ როცა მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა იზოლაციის პოლიტიკას მოჰყვეს. ეს საფრთხეა, მათი შეფასებით, ბელორუსიაში რეფორმებზე ხელის ჩაქნევა და მოსკოვთან დაახლოება.

თუმცა ის, რომ ბელორუსიასთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს, ევროკავშირში აზრთა სხვაობას არ იწვევს.

[შვარცენბერგის ხმა] “შევთანხმდით, რომ ევროპის კავშირმა უნდა განაგრძოს ბელორუსიაში დადებითი პროცესების ხელშეწყობა,” განაცხადა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კარელ შვარცენბერგმა.

[შვარცენბერგის ხმა] “ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება წაახალისებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა განმტკიცებისაკენ მიმართულ ზომებს”.

თუმცა, ევროკავშირში ნაკლებად იმედიანი ხმებიც ისმის... გარდა იმისა, რომ ბელორუსიის რეჟიმს აკრიტიკებენ ოპონენტების დევნის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის გამო, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ფერჰეგენის შეფასებით, პრეზიდენტ ლუკაშენკას რეფორმებს რაც შეეხება - მათ დეკორაცია თუ შეიძლება ეწოდოს. ამიტომ ნიდერლანდის სურვილია, ევროკავშირმა ბელორუსიას წაუყენოს კონკრეტული მოთხოვნების სია და მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში ჩართოს “აღმოსავლეთის პარტნიორობაში”, რომლის მონაწილეებსაც ჰპირდება ეტაპობრივ გადასვლას თავისუფალ ვაჭრობაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეკონომიკური დახმარების გაზრდას.

გეგმით, 7 მაისს პრაღაში უნდა გაიმართოს სამიტი ევროკავშირის, აგრეთვე აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრების (მათ შორის საქართველოს) ლიდერების მონაწილეობით ამ ახალი, ევროკავშირის ფრიად ამბიციური პროექტის ასამოქმედებლად. საქართველოსთან ერთად პროგრამა მოიცავს აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლავეთს, უკრაინასა და ბელორუსიას - სავარაუდოდ... ამასთან, ბელორუსიის ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის დამაჯერებლობისთვი თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერები მას პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ზეგავლენის ალტერნატივად მოიხსენიებენ.

ესტონეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტის შეფასებით, რომელიც მან ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში გამოთქვა, ბელორუსიის წინაღამდეგ სანქციები გამართლებულიც რომ იყოს, დადებით შედეგებს ვერ მოიტანდა.

[ურმას პაეტის ხმა] “რა არის ალტერნატივა? სავსებით ცხადია, რომ რუსეთი ძლიერ ზეწოლას ახდენს ბელორუსიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ასაღიარებლად. და ნაბიჯები, რომელთაც ბელორუსიის ხელისუფლება დგამს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, როგორც ჩანს, დიდწილად არის მოტივირებული სურვილით, თავიდან აიცილოს მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა”.

რას მოიმოქმედებს მინსკი ევროკავშირის ბოლო, ბელორუსიის ლიდერებისთვის სასურველი გადაწყვეტილების საპასუხოდ, ძნელი სათქმელია. პირდაპირი კონტაქტი ბელორუსიის რეჟიმსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს შორის დიდი იშვიათობაა, პრეზიდენტ ლუკაშენკას ნაბიჯების წინასწარ ამოცნობა კი თითქმის შეუძლებელი. ბრიუსელში გავრცელებული შეფასებით, ლუკაშენკა შეგნებულად ამყოფებს გაურკვევლობაში ევროკავშირს და რუსეთს, ცდილობს, რაც შეიძლება დიდი სარგებელი მიიღოს რომელიმე ბანაკთან დაახლოებისაგან.
XS
SM
MD
LG