Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი თვით- გამოცხადებული რესპუბლიკების საზღვრების ერთობლივ დაცვაზე თანხმდებიან


დმიტრი მედვედევი სერგეი ბაღაფშს ხვდება
დმიტრი მედვედევი სერგეი ბაღაფშს ხვდება

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მიიღო გადაწყვეტილება ხელი მოეწეროს შეთანხმებებს,

რომელთა მიხედვითაც, საქართველოს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის პირობითი საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან რუსმა მესაზღვრეებმაც უნდა დაიცვან.

საზღვრების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმება ( ვგულისხმობ პირობით საზღვრებს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს შორის) უნდა გაფორმდეს მეგობრობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად. ის რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებმა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 17 სექტემბერს, გააფორმეს მოსკოვში. ეგრეთ წოდებული საზღვრების ერთობლივი გაკონტროლებისთვის შეთანხმების გასაფორმებლად დმიტრი მედვედევი რომ უკვე მზადაა, ამას მისი პრეს-სამსახური ადასტურებს. ხელმოწერამდე მხარეები ერთმანეთში გარკვეულ დეტალებს აზუსტებენ. ხელმოწერის თარიღი კი ჯერ დაზუსტებული არ არის. ცხადია, საქმე საითკენაც მიდის. რუსეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების თანმდევი შეთანხმების გაფორმების შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვრებზე თავისუფლად დადგებიან რუსი მესაზღვრეები. რუსეთის სასაზღვრო სამსახური კი კგბ-ს მემკვიდრის, უშიშროების ფედერალური სამსახურის, დაქვემდებარებაშია.. რუსი ექსპერტი კონსტანტინ პრეაბრაჟენსკი, რომელსაც კგბ-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ”მოსქოუ თაიმსის” ექსპერტია. თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სტატიაში ის სწორედ სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვარზე რუსი მესაზღვრეების მოსალოდნელ განლაგებაზე ამახვილებს ყურადღებას: ”რუსეთის სასაზღვრო სამსახურს დაზვერვის საკუთარი სამმართველო აქვს და ის აღჭურვილია უფლებამოსილებით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის დაზვერვა არა მარტო ვირტუალური დაკვირვებით, არამედ საქართველოს მოქალაქეების გადაბირების გზითაც. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სასაზღვრო ქვედანაყოფი მარტო საზღვრის დაცვით არ იქნება დაკავებული. ის განახორციელებს სადაზვერვო ოპერაციებს საქართველოს წინააღმდეგ.. მოსკოვის ხელშია არენა მანევრებისთვის.”

მაგრამ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ხომ ისედაც ღიაა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების შესაძლო შესვლით ისედაც ღია პროცესს თავისი სახელი დაერქმევა, დადასტურებული იქნება საქართველოს ამ რეგიონებში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფნა და უფრო გაძლიერდება რუსეთის სპეციალური სამსახურის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ:

[ ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] ”შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფების შემოყვანასთან ერთად გაიზრდება სპეცსამსახურების წარმომადგენლობა და მაღალი ალბათობა იქნება სპეცსამსახურების მიერ გარკვეული ოპერაციების დაგეგმვის და შესრულების.” (სტილი დაცულია)

ბევრად უფრო ძლიერია დაზვერვა, როცა მას ზურგს უმაგრებს შეიარაღებული ქვედანაყოფები. საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, შემოსვლას აპირებენ რუსი მესაზღვრეები.. საზღვრების ერთობლივ კონტროლზე მოსკოვის, ცხინვალის და სოხუმის სამომავლო შეთანხმება სწორედ ამას მოასწავებს. ”სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”, - წერს რუსი ექსპერტი კონსტანტინ პრეაბრაჟენსკი.. მისი სიტყვებით, სამხრეთ ოსეთი იყო და არის კგბ-ს მემკვიდრე ფსბ-ს სამხრეთი ხვრელი კაკკასიაში მანევრებისთვის და ტყუილად სულაც არ მომხდარა ისე, რომ სამხრეთ ოსეთში სპეცსამსახურებს, საბჭოთა ნოსტალგიით, დღემდე კგბ-ს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG