Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა თუ არა ნატოს გაფართოება


1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, ნატო იყო 16 წევრისგან შემდგარი სამხედრო ალიანსი, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული მისია ჰქონდა. წელს კი, როდესაც ნატოში ხორვატია და ალბანეთი გაერთიანდნენ, ალიანსი 28 წევრამდე გაიზარდა და, თანაც, მის კარებს სხვებიც უკაკუნებენ. თუმცა ნატოს 60 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მიმომხილველები იმით ინტერესდებიან, ხომ არ ამოიწურა ალიანსის გაფართოების ლიმიტი.

რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. მოსკოვის განრისხებამ პიკს 2004 წელს მიაღწია, როდესაც ალიანსში ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ. თუმცა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ ნამდვილი კედელი აღიმართა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კლუბში საქართველოსა და უკრაინასაც მიიღებენ.
ჩვენ არ გვსურს მივიღოთ საქართველო ნატოში, თუკი ამისათვის რუსეთთან ომი გვექნება.


ედგარ ბაკლიმ, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თანაშემწემ, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ხელსაყრელ დროს გაერთიანდებიან: ”ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რატომ არ შეიძლება საქართველო და უკრაინა გაწევრიანდნენ ნატოში, როდესაც ამისთვის ხელსაყრელი დრო დადგება და როდესაც მათ ექნებათ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან. ჩვენ არ გვსურს მივიღოთ საქართველო ნატოში, თუკი ამისათვის რუსეთთან ომი გვექნება. არა, გმადლობთ. აი, ამას ვიტყოდი ამის თაობაზე.”

როდესაც ამ კვირაში ნატოს სახელმწიფოთა ლიდერები გერმანიასა და საფრანგეთში საიუბილეო სამიტზე შეიკრიბებიან, შესაძლოა, ბევრი მსჯელობა იყოს იმაზე, რომ ალიანსის გაფართოებამ, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხარჯზე, ამოწურა ლიმიტი.

სამხედრო ალიანსს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 16-დან 28 წევრამდე გაიზარდა და ჩრდილოეთ ამერიკიდან კავკასიამდე გაფართოვდა, უეცრად კარჩაკეტილობის განწყობა დაეუფლა. და არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან გარკვეული დროის შემდეგ, არამედ დიდი ხნის წევრობის კანდიდატ მაკედონიასაც უწევს ლოდინი ნატოს წევრ საბერძნეთთან უთანხმოების გამო.

ბრიუს ჯეკსონი, ვაშინგტონში არსებული ”გარდამავალი დემოკრატიების” პროექტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ნატოს ათწლიანი გაფართოების უეცარი შეჩერება, ალიანსის დანიშნულებიდან გამომდინარე, ბზარს გააჩენს მის რიგებში:

”ევროპამ ეფექტურად მიუხურა კარები საქართველოსა და უკრაინას. ეს არ არის კარგი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ნატოს დანიშნულებას განსაზღვრავდა ალიანსის გაფართოება. ეს პროცესი შეჩერდა ბალკანეთში და სრული კრახი განიცადა აღმოსავლეთში.”

თუმცა ნატოს შიგნით გაფართოებასთან დაკავშირებით ღრმა ფილოსოფიური დაპირისპირებაა: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ნატოს ახალი წევრები მხარს უჭერენ ალიანსის გაფართოებას, გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ.

კიდევ უფრო იზრდება შეგრძნება იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ვერ აკმაყოფილებენ ნატოს წევრობისათვის აუცილებელ პოლიტიკურ და სამხედრო მოთხოვნებს.

ედუარდ ლუკასი, ბრიტანული ყოველკვირეული ”ეკონომისტის” კორესპონდენტი, ავტორია წიგნისა ”ახალი ცივი ომი”. ლუკასის თქმით, გერმანიამ, რომელიც ყველაზე დიდი წინააღმდეგია ნატოს გაფართოებისა, შეძლო ამაში უფრო მეტი წევრები დაერწმუნებინა.

”ევროპაში გაფართოების მოწინააღმდეგეთა ბანაკი კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო. გაფართოების წინა რაუნდის დროს, 2004 წელს, გერმანია საკმაოდ უხალისოდ ეკიდებოდა გაფართოებას. საბოლოოდ, გერმანიას მოუწია დათანხმება, რადგან ყველა დანარჩენი ერთ აზრზე იყო. გაფართოების მომხრე ადამიანებმა შეძლეს შეექმნათ ძალიან ძლიერი კოალიცია ნატოს შიგნით. ამჯერად კი საპირისპირო მდგომარეობაა - გაფართოების მოწინააღმდეგეთა ბანაკი გაცილებით უფრო გაძლიერდა.”

კრიტიკოსები ბრალს სდებენ გერმანიას, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმ ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც ბერლინს მოსკოვთან აქვს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო განწყობა საკმაოდ გაძლიერდა საფრანგეთში. ამას წინათ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა ისიც კი თქვა, ნატოს გაფართოებამდე რუსეთთან წინასწარი კონსულტაციის ჩატარებაა საჭიროო. საეჭვოა, რომ ამ პოზიციამ გადაარწმუნოს ვარშავა, ტალინი და ვილნიუსი, რომლებიც მხარს უჭერენ ნატოს გაფართოებას.

მაგრამ ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმის ძიებაშია, თუ როგორ ”გადატვირთოს” ურთიერთობა მოსკოვთან, შედარებით სუსტ ფრანკო-გერმანულ პოზიციას უახლოეს პერიოდში დიდი გავლენა ექნება ნატოს შიგნით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG