Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის დღე თბილისში აქციით აღინიშნა


მოქალაქეები საინფორმაციო ბუკლეტებს ეცნობიან
მოქალაქეები საინფორმაციო ბუკლეტებს ეცნობიან
ჯანდაცვის საერთაშორისო დღე თბილისში სახელმწიფო სტრუქტურებმა და არასამთავრობო სექტორმა სხვადასხვაგვარად აღნიშნეს. ჯანდაცვის სამინისტრომ აქცენტი გააკეთა ამ დღის წლევანდელ ოფიციალურ გზავნილზე, "საგანგებო სიტუაციების დროს საავადმყოფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შეხვედრა გამართა; ხოლო კოალიციამ "მომავალი სიღარიბის გარეშე", რომლის დღევანდელი გზავნილიც იყო "ჯანმრთელობა ყველასთვის", ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მოინახულა დევნილები და ქუჩაში საინფორმაციო ხასიათის აქციაც გამართა.

სანამ დევნილებს პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთებით მოამარაგებდნენ, კოალიციამ "მომავალი სიღარიბის გარეშე" საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ოფისში. ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს საიამ, "Welfare Foundation"-მა და კოალიციის წევრმა სხვა ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც, მათი თქმით, მოჰყვა ჯანდაცვის რეფორმას, განსაკუთრებით კი, ე.წ. 100 საავადმყოფოს ფართოდ რეკლამირებულ პროგრამას. საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ კვლევის დროს ახალგაზრდა იურისტებმა, პრაქტიკულად, ვერ მიიღეს საჭირო დოკუმენტაცია. ხიდაშელის თქმით, არ არსებობს ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი საბაზისო დოკუმენტი, თუმცა არსებობს ცალკე ჰოსპიტალური განვითარების გეგმა, რომლის საფუძველზეც უკვე განხორციელდა ჰოსპიტლების პრივატიზაცია.

სად არის 100 ახალი საავადმყოფო? როდის დასრულდება ახალი ჰოსპიტლების მშენებლობის პროცესი? ეს ის კითხვებია, რომლებიც კვლევის დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გაუჩნდა. როგორც საიას ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბრძანებულებების თანახმად, როდესაც აშენდება ახალი საავადმყოფოები, 7 წლის განმავლობაში მათ საკუთარი პროფილით უნდა იმუშაონ. "მაგრამ რა მოხდება ამ 7 წლის შემდეგ, პროფილს შეინარჩუნებენ ისინი თუ არა, კაზინოებად გადაკეთდება თუ სასტუმროებად, ამის თაობაზე არავინ არაფერი იცის", - ამბობს თამარ ხიდაშელი და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს, არა მხოლოდ პასუხი გასცენ დაგროვილ კითხვებს, არამედ ეფექტიანად განახორციელონ რეფორმები და ხელმისაწვდომი გახადონ სამედიცინო მომსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი კონკრეტულად 100 საავადმყოფოსთან დაკავშირებით ისაა, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა, აგვისტოს ომმა, გარკვეულწილად, შეაფერხა ეს პროცესი, თუმცა მხოლოდ დროებით. "Welfare Foundation"-ის წარმომადგენელმა ნინო გიგუაშვილმა კი იმაზე ისაუბრა, რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება. გიგუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სამედიცინო მომსახურება ძნელად ხელმისაწვდომი რჩება. "ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც, მართალია, ოფიციალურად არ იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში სრული გაღატაკება ემუქრებაო, დასძენს "Welfare Foundation"-ის თანამშრომელი.

ჯანდაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კოალიციამ დევნილების მონახულებით განაგრძო. დევნილთა კომპაქტურად დასახლების რამდენიმე ადგილას მისმა წევრებმა პირველადი სამედიცინო მოხმარების ნივთები მიიტანეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, თეა ჯიბუტმა, კოდორიდან დევნილებს აუხსნა, რომ ამანათებში პირველადი დახმარების ნივთებია: ბამბა, სახვევები, თერმომეტრი და სხვა.

კოდორიდან დევნილი მზევინარი ფეხმძიმედაა. ის ამბობს, რომ მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის აგვისტოს ომიდან გასული რვა თვის განმავლობაში წამალი არავის მიუტანია - მარტო საჭმელი მოაქვთ, ისიც გრამობითო.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღევანდელი დღის აღნიშვნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაწყვიტა. სამინისტრომ არ გადაუხვია დღის მთავარ გზავნილს: "საგანგებო სიტუაციების დროს საავადმყოფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია". ამ თემატიკაზე სპეციალური მოხსენება გააკეთა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ამ დროს თეთრ მაისურებში ჩაცმული წარმომადგენლები კოალიციისა "მომავალი სიღარიბის გარეშე", სიმბოლური თეთრი სამაჯურებით, უკვე ქუჩაში გავიდნენ და, საკუთარი ჰიმნის ფონზე, საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები დაარიგეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG