Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათიდან აქციები უფრო ფართო ფრონტით გაიშლება


საპროტესტო აქციები თბილისში 11 აპრილს დედაქალაქის სამ ადგილას პრაქტიკულად ერთდროულად განახლდა. 15 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქცია სამ ნაწილად გაიყო და ორი მიმართულებით - საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ (შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ისკენ) და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ დაიძრა. რუსთაველის გამზირის გარდა, გადაიკეტა ქეთევან წამებულის გამზირი და კოსტავას ქუჩა. ოპოზიციის წინასწარი გეგმების თანახმად, საყოველთაო დაუმორჩილებლობა დედაქალაქში ორშაბათიდან უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

საპროტესტო მანიფესტაციის სამ ნაწილად გაყოფის პირობებში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციების მთავარ ცენტრად რჩება. ყველაზე ხშირადაც სწორედ აქ ისმება შეკითხვა იმის შესახებ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საპროტესტო მღელვარება და რა შედეგით შეიძლება იგი დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ 11 აპრილს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ოპოზიცია დასახულ მიზანს -მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას არ მიაღწევს.

"ბრძოლა ბოლომდე" ორშაბათიდან ახალი ძალით უნდა გაიშალოს, საპროტესტო მღელვარება კი მთელს ქალაქს უნდა მოედოს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფარგლებში ისეთივე პარალიზებული უნდა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაწესებულებები, როგორც პარლამენტი, აღნიშნავს ეკა ბესელია. პარლამენტის პარალიზებასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი პარტლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. მისი განმარტებით, ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში შეუდგება მუშაობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხარეთა შორის კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება, ძნელი სათქმელია. მანამდე კი 12 აპრილს საპროტესტო აქციაზე ერთგვარი შესვენება ცხადდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა საგანგებო თათბირზე მიიღეს. საქართველოს გზის ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ოპოზიციის ტაიმ-აუტი რელიგიურ დღესასწაულს, ბზობას უკავშირდება.

ეს 12 აპრილს. დღეს კი ოპოზიციის ლიდერები და საპროტესტო აქციების ორგანიზატორები თავიანთ გამოსვლებში მოსახლეობას სააკაშვილის ხელისუფლების ნაკლოვანებებზე უმახვილებდნენ ყურადღებას. „სააკაშვილი უნდა წავიდეს, ვინაიდან მან შექმნა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი“. ასე მიმართა აქციის მონაწილეებს კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„სტრატეგია არ იცვლება - საქართველოში არსებული კრიზისის განმუხტვის საშუალებებზე დიალოგი შეიძლება. კრიზისის განმუხტვის გზად ჩვენ თანამდებობიდან სააკაშვილის გადადგომას მივიჩნევთ, თუ სხვა გზაც არსებობს, შემოგვთავაზონ და ვისაუბროთ“- აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე.

ლიდერი ორგანიზაციისა „ალიანსი საქართველოსთვის“, ირაკლი ალასანია კი იმას განმარტავს, რას ნიშნავს დიალოგის საჯაროობა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის პირობა საჯაროდ, - ამ შემთხვევაში იგულისხმება, ტელევიზიით - დიალოგის წარმოების შესახებ პრაქტიკულად დაბლოკა. 10 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს ვერ დაუჭერს სატელევიზიო შოუს, რომელიც საზოგადოებაში მუხტის შემცირების ნაცვლად, მის გაზრდას გაზრდას გამოიწვევს.

დავუბრუნდეთ ირაკლი ალასანიას განმარტებას დიალოგის მიზანშეზონილი ფორმის შესახებ: საჯაროობა ტრანსპარანტულობას არ ნიშნავს, დიალოგის შინაარსი სატელევიზიო კამერების მიღმა უნდა დარჩეს, თავად დიალოგი კი საზოგადოებისთვის სანდო და პატიცვემული ადამიანების თანდასწრებით უნდა გაიმართოს. ასეთია ფორმულა, რომელსაც დიალოგისთვის ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს. საპროტესტო აქციები 11 აპრილს საღამოს დაიშალა.

ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი კი რომელსაც ოპონენტებთან ჭიდილში დღეს მიაღწია ოპოზიციამ, არის საზოგადოებრივ მაუწყებელში საპროტესტო აქციების გაშუქების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფების შექმნა ოპოზიციონერთა მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG