Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ტაილანდში დღეს საგრძლობლად გამწვავდა პოლიტიკური მღელვარება. ბანკოკში მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით პირი დაშავდა.

ბანკგოკში პროტესტის მონაწილეების დაშლას სამხედროები ჰაერში გასროლით, და ცრემლსადენი გაზის გაშვებით ცდილობენ.

დაშავებულია სულ მცირე 70 ადამიანი. მათი უმეტესობა გამთენიისას მომხდარ შეტაკებაში მოჰყვა, როდესაც დემონსტრანტებმა ქვების და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლა დაიწყეს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სონგკიტი ჯაგაბატარა ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ აუცილებლად აღადგენს დედაქალაქში წესრიგს. მან სამხედროებს მოუწოდა, გამოიყენონ ”ყველა მეთოდი ქაოსის დასამთავრებლად”.

ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილენი პრემიერ-მინისტრ აბჰისიტ ვეჯაჯივას გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი მთავრობა უკანონოდ მოვიდა ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ. დემონსტრანტებს სურთ, თანამდებობას დაუბრუნდეს გადაყენებული პრემიერ-მინისტრი ტაკსინ შინავატრა.

აბჰისიტ ვეჯაჯივამ ღამით ტელევიზიით მიმართა დემონსტრანტებს: "მთავრობამ შეიმუშავა მკაცრი გეგმა იმ უბნების გაკონტროლების თაობაზე, სადაც მღელვარებაა მოდებული, და ჩვენ ვითარების განმუხტვას

მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით." ვეჯაჯივას თქმით, "თუკი ვინმეს კვლავაც სურს პროტესტის გამოხატვა, მან ეს მშვიდობიანად, იარაღის გარეშე უნდა გააკეთოს - ისე, როგორც ამის უფლებას კონსტიტუცია იძლევაო”.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად - რომელიც ხუთზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს - პოლიცია აცხადებს, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებს დაკავებული აქვთ ბანკოკის ბევრი ქუჩა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი.

შაბათს, 11 აპრილს, დემონსტრანტები შეიჭრნენ შენობაში, სადაც აზიის სამიტი მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სამიტის მონაწილენი იძულებული გახდნენ, იქაურობა შვეულმფრენებით დაეტოვებინათ. თავად შეხვედრა ჩაიშალა.

საფრანგეთი, ბრიტანეთი, ავსტრალია, შეერთებული შტატები და კიდევ სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებენ, არეულობის გამო თავი შეიკავონ ტაილანდში მოგზაურობისგან.

დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წელს ტაქსინ შინავატრა სამხედრო გადატრიალებით ჩამოაგდეს კორუფციის და ძალაუფლების გადაჭარბების ბრალდებებით. პოპულისტური პოლიტიკის მიმდევარი ტაქსინ შინავატრა ქვეყნის ღარიბ რეგიონებში პოპულარობას ინარჩუნებს.

ხელისუფლებაში დარჩენილი შინავატრას მომხრე პოლიტიკოსების წინააღმდეგ გასულ წელს გაიმართა ბევრი აქცია, რომლებშიც ძირითადად დიდი ქალაქების მოსახლეები მონაწილეობდნენ. პროტესტის მიზნით მათ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ბანკოკის ორი აეროპორტი ჰქონდათ დაკავებული.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2007 წლის არჩევნებში დაშვებული დარღვევების მიზეზით ტაქსინის მომხრე მთავრობის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აბჰისიტ ვეჯაჯივა დაამტკიცა.

ტაქსინის მომხრეებმა საპროტესტო აქციები სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. გასულ კვირაში აქციების მონაწილეთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია ბანგკოკში.

ტაკსინ შინავატრამ, რომელიც ტაილანდში არ იმყოფება, მხარდამჭერებს კვირას ტელეფონით მიმართა და ”რევოლუციისკენ” მოუწოდა.

დღეს ტაილანდში ახალი წლის აღსანიშნავად სამდღიანი დასვენება იწყება. გავრცელებული ცნობებით, დასვენების დღეების გამო დედაქალაქი უკვე ბევრმა მოსახლემ დატოვა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG