Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა.14 აპრილი 2009


”ალია” ეკითხება საქართველოს პარლამენტის სპიკერს: არის თუ არა ხელისუფლებაში საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი შეიძლება გადადგეს? დავით ბაქრაძის პასუხი: ”არა, ასეთი საუბარი ხელისუფლებაში ნამდვილად არ არის. და მე, უბრალოდ, ვწუხვარ, რომ ოპოზიცია კვლავ აგრძელებს უკიდურესად რადიკალურ გზას. ასეთი ტიპის რადიკალიზმი პოლიტიკაში წამგებიანია და მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია რაღაც პერიოდის შემდეგ უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს.”

დღევანდელი ”ალია” იმ კურდღლის ბედითაც დაინტერესდა, რომელიც ორიოდე დღის წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვეს. ”ჯერ ერთი, კი არ გადასვეს, გადაისროლეს, ღობის სიმაღლიდან გამომდინარე”, - ეუბნება ”ალიას” ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ბუხინიაძე, რომელიც აცხადებს: ”მე არ ვთვლი, რომ პოლიტიკური პროტესტის საშუალებად შეიძლება ცოცხალი არსება გამოიყენებოდეს. შეიძლება ტრანსპარანტი, ლოზუნგი, შეიძლება ბაჭიაც, ოღონდ - სათამაშო”.

ამ აქციის ინიციატორი კონსერვატიული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ჯორჯაძე ”ალიას” კორესპონდენტს უპასუხებს: ”სხვათა შორის, ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც ახლა ჩვენს პარტიაშია და მანამდე ცხოველთა დაცვის სფეროშიც საკმაოდ აქტიურად იღვწოდა, ეს არ შეეშლებოდა. არადა, დილიდან აიკლეს ზარებით, ბაჭია როგორ არ შეგეცოდათო. რა აქვს ბაჭიას შესაცოდი, ვერ გავიგე. ქართველი ხალხი უფრო საცოდავ დღეში არ არის?” - კითხულობს კონსერვატორთა პრეს-მდივანი.

ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლო შეთავაზებაზე კომენტარს აკეთებს ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე: ”ისე, ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შევახსენო, რომ პოლიტიკური დაპირისპირების დროს კრიზისიდან გამოსასვლელად იქმნებოდა არა კოალიციური მთავრობები, არამედ ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ან ზოგჯერ ამას ეროვნული თანხმობის მთავრობასაც უწოდებენ, რომლის დანიშნულებაც არის კრიზისის პერიოდში ქვეყნის მართვა და მისი მიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. მაგალითად, ქვეყნის მიყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე.” - ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან სავარაუდო გამოსავალზე საუბრობს: ”მე შეიძლება ვხედავდე გონივრულ გამოსავალს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვაში. ოპოზიცია ყოველთვის ითხოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის არსებულ უფლებამოსილებებს შეზღუდავდა. მეორე მხრივ, დგება ასევე საპარლამენტო არჩევნების საკითხი”, - ამბობს გოგოლაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს რეალურ გამოსავლად თვლის, ”თუ, ამასთან ერთად, პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების შეკვეცას დათანხმდებოდა, რათა ამ ორ ხელისუფლებას შორის რეალური ბალანსი დამყარდეს.”

”24 საათშივე” ამერიკელი ექსპერტი დევიდ სმიტი წერს: ”ის, რაც ქართველმა ხალხმა - მთავრობამ და დემონსტრანტებმა ერთად აირჩიეს, არის არა საგარეო იმიჯის გალამაზება, არამედ იმის დადასტურება, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიაა.” იქვე დევიდ სმიტი წერს: ”თუმცა აპრილი ჯერ არ დასრულებულა და, მოვლენების დადებითი კუთხით განვითარების გარდა, სხვა ქარიც ქრის. ქართველმა ხალხმა უნდა ისაუბროს და შემდეგი ნაბიჯების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგიერთი დაუმორჩილებლობას ემხრობა და საქართველოსთვის საზიანო გეგმებს სახავს”, - წერს ”24 საათში” დევიდ სმიტი.

გაზეთ ”რეზონანსში” ნაციონალური მოძრაობის წევრის, ალექსანდრე შალამბერიძის, მოსაზრება ქვეყნდება. ”ჩიხიდან გამოსავალი არის ამ უდიდესი ძალაუფლების დაშლა და პრეზიდენტის ფუნქციებიდან ერთხელ და სამუდამოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების უფლებისა და ფუნქციების გამოცლა, რაც საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთი კაცის კონტროლიდან გამოყვანასა და ბოროტად გამოყენების შეუძლებლობას ნიშნავს”, - ასე აყალიბებს აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე ”რეზონანსის” ფურცლებზე.

ამავე გაზეთის დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ კინორეჟისორ გიორგი შენგელაიასთან, რომელიც თავისი ძმის, კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას მიერ პრეზიდენტისგან ორდენის მიღებამ ძლიერ აღაშფოთა. ”რაც ჩემმა ძმამ გააკეთა, ეს არის, პირდაპირ გეტყვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა”, - აცხადებს გიორგი შენგელაია და იმავე ინტერვიუში მთავრობის ”ოსტატობაზეც” მიუთითებს: ”ეს მთავრობაც დიდი ოსტატია პროვოკაციებისა. იმ დროს, როცა ხალხი გაყოფილია ორად და, როგორც ვიცი, ოპოზიციას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ყველა ძალას ხმარობს სააკაშვილის ხელისუფლება იმისთვის, რომ ინტელიგენცია მოისყიდოს. რაღა ახლა გაახსენდათ ელდარის დამსახურება და რატომ წლების მანძილზე არ დაუფასეს?”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG