Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძემ და კლინტონმა პარტნიორობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს


გრიგოლ ვაშაძე და ჰილარი კლინტონი
გრიგოლ ვაშაძე და ჰილარი კლინტონი
14 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე კლინტონმა და ვაშაძემ ორმხრივი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

როგორც ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. ჰილარი კლინტონის თქმით, აშშ და საქართველო ეძებენ გზებს პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოებისთვის.

გრიგოლ ვაშაძემ, თავის მხრივ, გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას, გაწევრიანდეს დასავლურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოსა და ევროპის კავშირში. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა განცხადებები, რომლებშიც ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ მოსკოვის მხრიდან გავლენის სფეროებზე საუბარს. საქართველო აღარასოდეს მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროშიო, აღნიშნა მინისტრმა.

ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ მიიჩნევს, რომ საქართველო ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების სიაში ქვემოთ ჩაცურდა, ვაშაძემ უარყოფითად უპასუხა.
XS
SM
MD
LG