Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსული საფრთხის წინააღმდეგ


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებულ მიმართვაზე ხელმოწერა. მიმართვის ადრესატი საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები იყვნენ, ხოლო საგანი - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო შენაერთების ინტენსიური კონცენტრაცია. მიმართვაზე ხელმოწერა დასრულდა. ხელმომწერთა საერთო რაოდენობამ 24 პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეადგინა. მათ რიცხვში არ აღმოჩნდა 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი.

საქართველოს დემოკრატიული პარტია პრაქტიკულად უკვე შეუდგა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვის გავრცელებას საელჩოებისა და ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მეშვეობით.

„ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, - წაიკითხავთ მიმართვაში, - გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო შენაერთების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე დიდძალი რაოდენობის ჯავშან-ტექნიკის, ცოცხალი ძალის, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებისა და სამხედრო კორესპონდენტების შემოდინების, აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აკვატორიაში დამატებითი რუსული სამხედრო გემების თავმოყრის გამო. ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის მოხელეებისა და ხელისუფლების უმაღლეს პირთა აგრესიული განცხადებები და პირდაპირი მუქარები შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შესახებ. პოლიტიკური გაერთიანებები მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ და გამოიყენოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი შემუშავებულ მიმართვაში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი პირველმა საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ მოაწერა.

პარტიის ლიდერი გია თორთლაძე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მიმართვის 24 ხელმომწერს შორის 9 აპრილის აქციის ერთი ორგანიზატორიც კი არ აღმოჩნდა. „როგორც ჩანს, მათთვის არ არის პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა“, - ამბობს გია თორთლაძე და დასძენს, რომ შეტყობინება მიმართვის არსისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პარტიასა და ორგანიზაციას.

შეტყობინება მიიღო „საქართველოს გზამაც“, რომლის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტის იგნორირება შემდეგნაირად ახსნა: „მე არ ვიცი რომელია ეს პარტია და რას წარმოადგენს გია თორთლაძე. ასე რომ, თვითონ დაწეროს და თვითონ მოაწეროს ხელი.“

პრაქტიკულად იმასვე იმეორებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:“მე გია თორთლაძის აზრი არ მაინტერესებს ალპინიზმზეც კი, არათუ პოლიტიკაზე.“

ასე რომ, არათუ ხელისუფლებასა და 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორისაც კი ჭირს კომუნიკაცია თუნდაც სრულიად ნეიტრალურ და არასადავო თემებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი გაგზავნილი მიმართვის ხელისმომწერთა შორის არ არის არც მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც საქართველოს დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი ფანჩულიძემ განგვიმარტა, პარტიამ ”ნაციონალური მოძრაობის” საქმის კურსში ჩაყენება თავად არ მიიჩნია საჭიროდ, რადგან ხელისუფლებამ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ უკვე განაცხადა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო და ასე შემდეგ. უშუალოდ თვითონ ოფიციალურად უკვე გააკეთა განცხადება.

დაბოლოს, საქართველოს დემოკრატიული პარტია, მიმართვის დანარჩენ 23 ხელმომწერთან ერთად, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები ყველა პოლიტიკურ ბერკეტს აქტიურად აამოქმედებენ რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG