Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალიანსმა საქართველოსთვის“ რეგიონებიდან თბილისში ჩაიყვანა მხარდამჭერები


საკნების ქალაქად ქცეულ თბილისში საპროტესტო აქციები დღესაც რამდენიმე ადგილას განახლდა. პიკეტირებულია ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენცია, რუსთაველის გამზირი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია. საკნების არეალის გაფართოება უახლოეს ხანებში ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც არ არის გამორიცხული. როგორც ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკნების ქალაქის გაზრდა დამოკიდებული იქნება ადამიანების რესურსზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ორგანიზებულად მოუძღვებიან საქართველოს რეგიონებიდან. 24 აპრილს დედაქალაქში მიმდინარე აქციას „ალიანსი საქართველოსთვის“ მომხრეთა ავტოკოლონა დასავლეთ საქართველოდან შეუერთდა.

„ალიანსი საქართველოსთვის“ მომხრეთა ავტოკოლონა დედაქალაქში დაახლოებით 21 საათზე შემოვიდა. ავტოკოლონამ 600-ზე მეტი ავტომანქანა და რამდენიმე ასეული ადამიანი მოიცვა.

დასავლეთ საქართველოდან თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ადამიანები ოპოზიციის მომხრეებსა და ლიდერებს პარლამენტთან შეუერთდნენ. 24 აპრილს დილიდან რუსთაველის გამზირზე - კერძოდ, სასტუმრო „მარიოტიდან“ ოპერამდე - დამატებით 50 საკანი განთავსდა. საკნებში „ალიანსი საქართველოსთვის“ რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსული მომხრეები განთავსდებიან, დანარჩენები კი მათ ჩაენაცვლებიან. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა გვითხრა, რეგიონებიდან დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ჩამოსული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უფრო მეტია, ვიდრე ”ალიანსის” წევრები ვარაუდობდნენ.

თინა ხიდაშელი დასძენს, რომ რეგიონებიდან ოპოზიციის მომხრეთა დედაქალაქში თავმოყრა გაგრძელდება მანამ, სანამ პროცესი, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომით არ დასრულდება. 24 აპრილს ზუგდიდიდან თბილისში მიმავალი ავტოკოლონის ნაწილმა რამდენიმე წუთით ქუთაისი-აბაშის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ინციდენტის შესახებ ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე მოგვითხრობს:

„ჩამორჩა რამდენიმე მანქანა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსი, და როგორც კი კოლონიდან ამოვარდნილი დაინახეს ეს მანქანა, მაშინვე გააჩერეს. ჩამოართვეს საბუთები, მერე მანქანის კონფისკაციაზეც იყო თითქოს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ მთელი კოლონა მივბრუნდით და რამდენიმე წუთით გზა გადავკეტეთ. არანაირი პრობლემა ამ სამარშრუტო ტაქსს არ ჰქონდა არც მოძრაობის წესებთან დაკავშირებით და არც საბუთებთან დაკავშირებით. ამიტომ მძევლად აყვანილი მძღოლი თავისი მანქანითა და მგზავრებით გამოგვატანეს.“

„ალიანსი საქართველოსთვის“ კი, თავის მხრივ, დასავლეთ საქართველოდან თბილისისაკენ მხარდამჭერთა გადაადგილების მიზნით მობილიზებულ ავტომანქანებსა და ამ ავტომანქანების მძღოლებზე განხორციელებული ზეწოლის კიდევ რამდენიმე ფაქტის შესახებ ავრცელებს ინფორაციას.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ ურიგებენ ხელკეტებს ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მონაწილეებს. კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, კოსტავას ქუჩაზე, გვიან ღამითაა გადაღებული. კადრზე მანქანასთან, საიდანაც ხელკეტები რიგდება, ბეისბოლის ბიტებით, ბადრი ბიწაძე და მისი შვილი ანზორ ბიწაძე ჩანან.

ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსუსური პიარაქცია, განმარტა სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ, რომლის განცხადებითაც, ოპოზიცია თავს არავის ესხმის, თუმცა თავს დაიცავს.

ოპოზიციის საპროტესტო აქციამ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე საათს გასტანა. 21 საათისთვის კი აქციის ეპიცენტრმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან გადაინაცვლა.
XS
SM
MD
LG